რა ხდება? ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ, რომელიც აშშ-მა რუსულ "ეფ-ეს-ბესთან" თანამშრომლობაში დაადანაშაულა და სანქციები დაუწესა, საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღესვე დატოვა, — ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა.

  • ის არ უარყოფს, რომ შესაძლოა, ფარცხალაძე ახლა რუსეთში იმყოფებოდეს, თუმცა მისი კონკრეტულ ადგილსამყოფელს არ ასახელებს.
  • "მან დატოვა საქართველოს საზღვარი. სად გაფრინდა და საით გაფრინდება, ეს პერსონალური ინფორმაციაა. შეიძლება, სხვა ქვეყანაში გაფრინდა, შეიძლება რუსეთის ფედერაციაში", — თქვა ლილუაშვილმა — "სუს-ში მეორე დღესვე გამოიკითხა და იგივე გაიმეორა, რაც საჯარო სივრცეში განაცხადა."

რა ეტაპზეა გამოძიება: სუს-ი საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით იძიებს.

  • ეს გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში.
  • ითვალისწინებს სასჯელს 7-დან 15 წლამდე.
  • გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გამოძიების გეგმის მიხედვით გაიწერა. მათი უმეტესი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი —შესრულების პროცესში.

მიიღო თუ არა ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით საქართველომ მტკიცებულებები აშშ-დან: ლილუაშვილი ამბობს, რომ არა.

  • "უკვე კარგა ხანია გასული, ჩვენი ინიციატივით და თხოვნით გაიგზავნა მოთხოვნა [აშშ-ის] სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, თუმცა ამჟამად, არანაირი დეტალები არ მიგვიღია. პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს და ეს ძალიან დამაფიქრებელია," — თქვა სუს-ის ხელმძღვანელმა.
  • გრიგოლ ლილუაშვილი ყოფილი პროკურორის მიერ რუსული პასპორტის აღებაში პრობლემას ვერ ხედავს, ამბობს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული არ არის.

არქივიდან: 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს სანქციები დაუწესა.

  • აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე.
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.