საზმაუს დუმილის სპირალი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ერთი დადებითი შედეგი ნამდვილად დადგა - პოლიტიკური პროცესები და განსაკუთრებით, ამ პროცესების მედიაზე გავლენები დაკრისტალდა. მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის მითი კი ლამის ისევე ჩამოგვეფშვნა თავზე, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსტრუქცია ქუთაისის მერობის კანდიდატებს წინასაარჩევნო დებატებისას.
ტელეკომპანიისთვის ასეთ ტექნიკურ მხარეზე გამოკიდება უხერხული იქნება, რადგან კარგად თუ დავაკვირდებით, არხის კონტენტს იმაზე მეტი ნაკლი აქვს, ვიდრე ზემოხსენებულ კონსტრუქციას. მაშინ, როდესაც აი ამ დათაფლული და შაქრად დაღვრილი დითირამბის ავტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად დაინიშნა (შეგნებულად არ ვიყენებ სიტყვას "არჩევა, ვინაიდან ვინც ამ არჩევნებს თვალყურს ადევნებდა, ია ანთაძის გარდა, მეეჭვება ვინმეს დარჩენოდა არჩევნების შთაბეჭდილება), ყველა, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლის მოსალოდნელ პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე და პირველი არხის სამთავრობო არხად ქცევის საფრთხეზე საუბრობდა, ლამის პარანოიკად და ქრონიკულ სკეპტიკოსად გამოცხადდა. როგორც ხდება ხოლმე, ადამიანების ნაწილმა "ვაცადოთ ჯერ" პოზიცია დაიკავა.
ვაცადეთ. შედეგად კი მივიღეთ დავით ნარმანიასთან გამოსამშვიდობებელი სიუჟეტი. ამ სიუჟეტის ცალი ყურით მოსმენა და ცალი თვალით შეხედვაც კმარა იმის სათქმელად, რომ პირველი არხი 2012 წლამდე ისე ჰგავს პირველ არხს 2017 წელს, რომ სხვაობა მხოლოდ სხვა პოლიტიკური პარტიისადმი ლოიალობაშია. 2012 წლამდე, ალბათ, ასეთ სიუჟეტს ვიხილავდით რუსთავი 2-ის ეთერში გიგი უგულავას შესახებ, ოღონდ მცირედი ფაქტობრივი განსხვავებებით და უკეთესი გემოვნებით მომზადებულს. ეს სიუჟეტი კონტექსტიდან ამოგლეჯილი არ გეგონოთ. სრული სურათისთვის შეგიძლიათ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიში იხილოთ, სადაც ვკითხულობთ: „[მოამბე] არ გამოირჩევა ხელისუფლებისადმი განსაკუთრებულად კრიტიკული სიუჟეტების მომზადებით.“ ზემოთ ნახსენები სიუჟეტი კი ამისი ერთ-ერთი მაგალითია. არაფერია განსაკუთრებულად ტრაგიკული იმაში, რომ ქალაქის მერს თავის მართლების, ნებისმიერი თემის საკუთარ ნებაზე შემობრუნების და ყველაზე მტკივნეული საკითხების თავიდან არიდების საშუალება მისცე სიუჟეტში. მხოლოდ ერთი დათქმით - ასეთ სიუჟეტს „ქართული ოცნების“ ან მერიის პიარი უნდა აკეთებდეს და არა იმ არხის ჟურნალისტი, რომელიც მილიონებით ფინანსდება გადამხდელებისგან და რომლის მენეჯმენტსაც პრეტენზია აქვს, რომ უსამართლოდ აკრიტიკებენ.
კიდევ უფრო სრული სურათის შესაქმნელად კი, ამ სიუჟეტამდე იყო ჯერ მატარებლების პრეზენტაცია, შემდეგ ბერას არხიდან 30 თანამშრომლის პირველ არხზე გადმოყვანა, გადაცემების დახურვა, რადიო თავისუფლებასთან კონტრაქტის გაწყვეტა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის დიზაინის არჩევაში მოსახლეობის ჩართულობის ფიქცია, კონკურსში გამარჯვებული გადაცემების ნაწილის "გაკატავება" და ბოლოს 346 000-ლარიანი კონტრაქტი ბიძინა ივანიშვილის შვილის კუთვნილ კომპანიასთან. მოვლენათა ამ ჯაჭვის შემდეგ, ალბათ, მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სუპერ-დესკსღა სჯერა, რომ პირველი არხი სწორად ვითარდება და პოლიტიკურ კონიუნქტურას არ ემორჩილება.
როდესაც არხზე მომხდარ ცვლილებებსა და არსებულ სიტუაციას ვაკრიტიკებთ, ხაზი უნდა გავუსვათ ერთ ფაქტორს - არავის ჰგონია, რომ 21-ე საუკუნეში მედიასაშუალებებში პოლიტიკური ძალაუფლება ზეგავლენას რუსეთის მეფისნაცვლის დანიშნული ცენზორის მეთოდებით ახდენს. სინამდვილეში, ცენზურის საჭიროება გარკვეული ეტაპის შემდეგ აღარც კი დგას. საქმეში ერთვება თვითცენზურა და არხზე მომუშავე, პირობითად, X ჟურნალისტმა გადასარევად იცის, რა თემაზე უნდა გააკეთოს სიუჟეტი, ამ თემაში რაზე გააკეთოს აქცენტი, როგორ მისცეს ჩინოვნიკს თავის დაძვრენის საშუალება და როგორ მოახერხოს, რომ მაგალითად, ნარმანიას მემკვიდრეობაზე ისე მოგვიყვეს, რომ წამლად ერთი სერიოზული კრიტიკული მოსაზრებაც კი არ გააჟღეროს.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ასეთ შემთხვევებში ინდივიდუალურად ჟურნალისტები ან თუნდაც მენეჯმენტის ცალკეული წევრები უნდა დავადანაშაულოთ. არსებობს ტერმინი "დუმილის სპირალი", რომელიც მასკომუნიკაციების თეორიაში, 1974 წელს, პოლიტიკის მეცნიერმა ელიზაბეთ ნოელ-ნიუმანმა შემოიტანა და რომლითაც აღნიშნა ადამიანებისთვის დამახასიათებელი ტენდენცია, შეინარჩუნონ დუმილი სიტუაციებში, როდესაც ისინი გრძნობენ, რომ მათი შეხედულება წინააღმდეგობაში მოდის (მაგალითად, ოჯახში, ორგანიზაციაში, ქვეყანაში) უმრავლესობის პოზიციასთან. ასეთი დუმილი კი სრულიად საფუძვლიანი მოტივით შეიძლება აიხსნას - იზოლაციისა და სამაგიეროს მიზღვის, მაგალითად, სამსახურის ან სტატუსის დაკარგვის შიშით.
ამის მაგალითად კი შეიძლება რუსული მედია გამოდგეს. როგორც ლივერპულისა და მანჩესტერის უნივერსიტეტების პროფესორების კვლევამ აჩვენა, პუტინის მესამე პრეზიდენტობის პერიოდში რუსულ მედია-პეროფესიონალებთან ჩატარებული ინტერვიუების ანალიზმა აჩვენა, თანამედროვე რუსეთში მედიის მართვისთვის იძულებითი ხერხების გამოყენება სულაც აღარ არის საჭირო. პირიქით, მედიაში დასაქმებული ადამიანები, წინა წლებთან შედარებით, ფართო ავტონომიითაც კი სარგებლობენ და სწორედ ამ ავტონომიის ფარგლებში, საკუთარი ნებით, წარმატებულად ახორციელებენ კრემლის სასარგებლო მედია-პოლიტიკას.
თუმცა, მოდი ჯოხს მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ნუ გადავტეხთ და შედარებით ფართო ჭრილში შევხედოთ ქართულ სატელევიზიო ლანდშაფტს 2012 წლიდან დღემდე.
2012 წლის შემდეგ, ქართული მედია რეალობა საგრძნობლად შეიცვალა. ამის თქმის საფუძველს ყველაზე ზედაპირული დაკვირვებაც მოგვცემს. თუკი 2012 წელს, პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 104-ე ადგილს იკავებდა, 2017 წელს 64-ე ადგილზე ვართ. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისას, წინა ხელისუფლების დამსახურებით, მედიის თავისუფლებას იმდენად დაბალ თამასას ვუწესებდით, რომ 2012 წლის პერსპექტივიდან, მიღწეული პროგრესი შესაძლოა შთამბეჭდავად მოგვეჩვენოს. მაგალითად, თუკი სამი მთავარი მაუწყებელი პროკურატურიდან ორკესტრირებულ ერთსა და იმავე ტექსტს, ერთნაირი რიხით არ წაიკითხავს, შესაძლოა უკვე მოგვეჩვენოს, რომ "მედია გათავისუფლდა". თუმცა, სინამდვილეში, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რამდენად უბადრუკ მდგომარეობაში ვიყავით მაშინ და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რამდენად რეალური, დამაკმაყოფილებელია წინსვლა ახლა.
ორგანიზებულ ძალაუფლებას (ამ შემთხვევაში ხელისუფლებას) ჩვენზე, მოქალაქეებზე მეტი უნარი აღმოაჩნდა წარსულის შეცდომებზე სწავლის და მედიასთან მიმართებაში შესაშური ადაპტაციის უნარი გამოამჟღავნა. თუკი ნაციონალური მოძრაობის დროს მედიაზე კონტროლი სრულიად შიშველი, უხეში ფორმებით ხდებოდა, ახლა სტრატეგია შეიცვალა და კონტროლის ახალი ფორმებით ყველა ბედნიერია. იმედი ძველ მეპატრონეს დაუბრუნდა, რაც ბუნებრივია ამ ტელეკომპანიის მთავრობისადმი ლოიალობის გარანტი გახდა. ეს მალევე დადასტურდა ტოქ-შოუების დახურვითა და მნიშვნელოვანი ჟურნალისტების უბოდიშო გაყრით. ამის უფრო ნათელი მაგალითი კი რამდენიმე კვირის წინ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-პროექტ "პანორამას" შესახებ „იმედის კვირაში“ გასული რეპორტაჟია. მაესტრო იმედს შეერწყა, ორივე ერთად კი – GDS-ს. საზოგადოებრივ მაუწყებელში ბიძინა ივანიშვილის პირადი დესანტი გადაისხა. „კავკასია“ კვლავაც მცირე რეიტინგიანი მაუწყებელია, TV პირველს ჯერ მხოლოდ მაუწყებლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს და შესაბამისად, მათი გავლენა მოსახლეობის განწყობაზე არც ისე მნიშვნელოვანია. ტ/კ იბერია კი საერთოდაც არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს, რადგან ჯერ კიდევ უამრავი თემაა დარჩენილი, რაც ლალი ბადურაშვილსა და გრიშა ონიანს არ განუხილავთ ამ არხის პირდაპირ ეთერში.
ერთადერთ წინააღმდეგობად რჩებოდა და რჩება რუსთავი 2, რომელიც ჯერ კიდევ წინა მთავრობის პლაცდარმად (არც ისე უსაფუძვლოდ) მოიაზრება პოლიტიკური რევანშისთვის. თუმცა, ამ პლაცდარმის ჩამორთმევისთვისაც არ დაუკლია მცდელობა ხელისუფლებას. ქიბარ ხალვაშიდან დაწყებული და მოსამართლე ურთმელიძით დამთავრებული, ყველა კარტი გათამაშდა. როგორც აღმოჩნდა, შიდა და გარე კრიტიკის მორიგ ცუნამს ხელისუფლებამ ახალი, შედარებით უსაფრთხო სტრატეგიით რუსთავი 2-ის დასუსტება ამჯობინა. ჯერ თანამშრომლები და რეიტინგული გადაცემების ნაწილი გადაიბირეს თავის ზონაში (ტ/კ იმედზე), შემდეგ კი სარეკლამო შემოსავლებმაც დაიწყო მოზრდილი ნაკადებით დენა ამავე არხის ფინანსურ ანგარიშებზე.
ამის საპირწონედ, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც 2012 წლამდე აქტიურად იბრძოდა ზოგადად მედია პლურალიზმის პრინციპებისა თუ კონკრეტულად მედიასაშუალებების უფლებების დასაცავად, რატომღაც გაიტრუნა. მათი ნაწილი სხვა სფეროში წავიდა (და მაგალითად სახელმწიფო ტენდერებს იგებს), ნაწილი თავად აღმოჩნდა კოლაბორაციაში სახელისუფლებო შტოებთან და სხვადასხვა თანამდებობებს დასჯერდა, ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელში ია ანთაძის მისვლაში იმედების ინვესტიციით გაერთო.
სამწუხაროდ, მათი პროტესტი პოლიტიკურ ლანდშაფტზე იმაზე მეტად აღმოჩნდა მიბმული, ვიდრე ეს ქვეყანაში რეალურად ჯანსაღი მედიაგარემოს შესაქმნელად იყო საჭირო. მწყობრი, თანმიმდევრული მედიაკრიტიკის არარსებობისა და მედიაკვლევების დეფიციტის პირობებში, ხშირად რთულია საქმიანად ისაუბრო ზოგად სიტუაციაზე მედიაში ან კონკრეტულ პრობლემებზე კონკრეტულ მედიასაშუალებებში. ამით, უპირველეს ყოვლისა, სარგებლობენ მედიასაშუალებები და მათი პატრონები, რომელთა მფლობელობაშიც ბურთიც აღმოჩნდება ხოლმე და მოედანიც. ამ თვითდინებაზე მიშვებული პროცესიდან დაზარალებულები კი მხოლოდ ჩვენ, მოქალაქეები ვრჩებით.
On.ge მზად არის, რუბრიკა ოპ-ედის სივრცე, ამ და სხვა საკითხზე, დაუთმოს განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებს.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა

კომენტარები