როგორ იქცა "წიგნების მკითხველი" მიშიკო უკრაინელი დევნილების მასპინძლად
ფოტო: დოპომოგა
31 წლის მიშიკო მუმლაძე მასწავლებელია. სამოქალაქო განათლებას ასწავლის სკოლაში. მან და მისმა ცოლმა რამდენიმე წლის წინ, ერთი, მეტად მნიშვნელოვანი მისია აიღეს საკუთარ თავზე და ქუთაისში, საბავშვო ლიტერატურული კლუბი — წიგნების თაობა დააარსეს. კითხვაზე, რა ხდება ამ კლუბში? მიშიკოს სულ ორი სიტყვიანი პასუხი აქვს — "წიგნებს ვკითხულობთ". ჰო, ასე, მარტივად. ბავშვები მიდიან ლიტერატურულ კლუბში და კითხულობენ იმ წიგნებს, რომლებიც შესაძლოა ჩვეულებრივ, სასწავლო პროცესში ვერ წაიკითხონ. კითხულობენ წიგნებს ხმამაღლა და მერე დიდხანს მსჯელობენ ამ წიგნებში ამოკითხულ გმირობაზე, სიყვარულზე, სიძულვილზეც, მეგობრობაზე, მტრობაზეც, ერთგულებასა და თანადგომაზე.
ასე დაიწყეს ლიტერატურულ კლუბში საუბარი ომზე. ომზე, რომელიც გასული წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო და რომელიც ჯერაც არ დასრულებულა.
მიშიკო ამბობს, რომ ბავშვების უმეტესობა, რომლებიც ლიტერატურული კლუბის მოსწავლეები არიან, 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, ჯერ დაბადებულიც კი არ იყვნენ, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ამ ორი მოვლენის, აგვისტოს ომსა და უკრაინაში დღეს მიმდინარე ომს შორის პარალელი ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გაევლო.
"მთავარი მაინც იმის გაცნობიერება იყო, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის იმპერია ჩვენთვის და უკრაინისთვის. სოციალურმა ქსელმა ბევრი რამ შეცვალა. ეს ბავშვები უკვე თავისი თვალით ხედავენ, რა ხდება უკრაინაში. მათთვის იმის ახსნა, რომ ეს ყველაფერი 15 წლის წინ ჩვენთანაც ხდებოდა და რუსეთი საქართველოშიც იმავეს აკეთებდა, რასაც უკრაინაში, ცხადია, მათში იწვევს თანაგანცდის და უკრაინელების გაჭირვების გაზიარების სურვილს".
ამ საუბრებმა თავისი შედეგიც გამოიღო. გასული წლის მარტის დასაწყისში, როცა მიშიკომ, ქუთაისელ აქტივისტებთან ერთად უკრაინისა და უკრაინელების მხარდამჭერი არაერთი აქცია და ღონისძიება დაგეგმა, ლიტერატურული კლუბის პატარა წევრები, ამ აქციების მონაწილეებს შორის აღმოჩნდნენ:
"მოჰქონდათ თავიანთი ტანსაცმელი, სათამაშოები და უნაწილებდნენ უკრაინელ ბავშვებს", — ჰყვება მიშიკო.
2022 წლის 24 თებერვლის დილას, როცა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ, მიშიკოს ის ემოცია განუახლდა, რაც 15 წლის წინ, 7 აგვისტოს, რუსული ჯარების საქართველოში შემოჭრისას ჰქონდა:
"საკმაოდ კარგად მახსოვს ის პერიოდი, 2008 წელი. მივხვდი, რომ უკრაინაში კიდევ უფრო მძიმედ იყო საქმე და გამიჩნდა შეგრძნება, რომ მათ ახლა სჭირდათ ის, რაც ჩვენ დაგვემართა 15 წლის წინ და რაც მთავარია, მივხვდი, არ იყო გამორიცხული, რომ შესაძლოა, ამ ზღვარგადასული აგრესიის რიგში, შემდეგი ისევ ჩვენ ვყოფილიყავით. ეს იყო შიშიც და ადამიანური თანაგანცდაც, რომ ომს გამოქცეულ ადამიანებს რომლებიც ძალიან მალე ჩვენთან გამოჩნდებოდნენ, სათანადოდ უნდა დავხვედროდით და როგორც შეგვეძლო, ისე დავხმარებოდით".
"უფასო მაღაზია" თბილისის ქუჩაზე
მიშიკომ და მისმა მეგობრებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი უკრაინის მხარდამჭერ კამპანიაში, We Stand for U, გარდა სოლიდარობის აქციებისა, გადაწყვიტეს საკვების, ტანსაცმლისა და პირველადი მოხმარების ნივთების შეგროვება და ჰუმანიტარული ტვირთის უკრაინაში გაგზავნა.
უკრაინისა და უკრაინელების დახმარების მსურველთა რაოდენობა კი იმდენად დიდი იყო, რომ ქუთაისელებმა არა თუ უკრაინაში გასაგზავნი ტვირთი შეაგროვეს, არამედ უკრაინიდან ქუთაისში ჩასული დევნილებისთვისაც კი საკმარისი აღმოჩნდა მათ მიერ თავმოყრილი ნივთები:
"ომის დაწყებიდან მალევე, ქუთაისში პირველი დევნილები გამოჩნდნენ. ადამიანები, რომლებიც, ფაქტობრივად, ერთი ხელი ტანსაცმლის ამარად იყვნენ გამოქცეულები, არ ებადათ არაფერი და ამ უცხო ქალაქში ნულიდან უნდა დაეწყოთ ცხოვრება. მას შემდეგ, რაც ჩვენი ჰუმანიტარული ტვირთი ბათუმიდან უკრაინაში გავუშვით, ვნახეთ, რომ ადგილზე დაგვრჩა კვლავ ბევრი ტანსაცმელი, საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები. ამის პარალელურად კი ქუთაისში ჩამოდიოდნენ და ჩამოდიოდნენ დევნილები, რომლებსაც ეს ყველაფერი სჭირდებოდათ, ამიტომ ჩვენი ისრები ახლა სწორედ მათკენ მივმართეთ".
მიშიკოს სახლში, თბილისის ქუჩის 37 ნომერში, ასე შეიქმნა ე.წ. უფასო მაღაზია, სადაც უკრაინიდან ჩამოსული დევნილები მიდიოდნენ და მათთვის სასურველ ნივთებს ირჩევდნენ:
"თავად უკრაინელების დახმარებით დავახარისხეთ ნივთები, დავალაგეთ და გადავაქციეთ სივრცედ, სადაც პირველადი მოხმარების საგნები, საკვები, ტანსაცმელი, განთავსებული იყო მოწესრიგებულად, მაგალითად, ასაკის, სეზონის მიხევდით და ადამიანებს უფრო უადვილდებოდათ მათთვის სასურველი ნივთის შერჩევა. ჩვენს ე.წ. უფასო მაღაზიაში მოდიოდნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ ის ადგილობრივებიც, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდა".
ე.წ. უფასო მაღაზიის მომარაგება კი არ წყდებოდა.
"ყველამ იცოდა ამ სივრცის შესახებ, რიგითი მოქალაქეები გვამარაგებდნენ, გვქონდა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო საჭირო. ზოგჯერ გვეცინებოდა კიდეც, ისეთი პროდუქტი მოჰქონდათ, მაგალითად, არაყი, ჩურჩხელები", — იხსენებს მიშიკო.
გარდა "უფასო მაღაზიისა" ქუთაისელმა აქტივისტებმა შექმნეს ე.წ. "მინიატურული თავშესაფარიც".
"შევძელით მოგვეძიებინა თანხები და როდესაც ერთ-ერთმა თანამოქალაქემ უსასყიდლოდ დაგვითმო ფართი, იქ მოვაწყვეთ ოთხი საძინებელი. შევარემონტეთ ოთახები, ვიყიდეთ საოჯახო ნივთები. ამ თავშესაფარში რამდენიმე დღით ჩერდებოდნენ ოჯახები და შემდეგ, როგორც კი მუდმივი საცხოვრებელი გამოუჩნდებოდათ, იქ გადაგვყავდა", — ამბობს მიშიკო.
მიშიკო და მისი მეგობრები ეხმარებოდნენ უკრაინიდან ჩამოსულ დევნილევს დასაქმებაშიც:
"საკონდიტროში დავასაქმეთ ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისში სამი შვილით იყო ჩამოსული, უკრაინაში საკუთარი საკონდიტრო ჰქონდა და კარგად იცოდა ეს საქმე. ამის შემდეგ უკვე, სხვა უკრაინელებთან ერთად დაიწყო სახლების დალაგება და კარგადაც აეწყო".
თუკი ხელში იარაღი არ გიჭირავს...
"ქუთაისში თავი არ შევირცხვინეთ, რაც შეგვეძლო, ყველანაირად დავეხმარეთ ამ ადამიანებს", — ამბობს მიშიკო და აგრძელებს — "უკრაინელები ძალიან მალე დაბრუნდებიან თავის ქვეყანაში და მინდა, რომ მათ თავი კარგად დავამახსოვროთ. აქ მყოფი უკრაინელები უკვე თავადაც მოერგნენ ქალაქს, არაერთი ადგილობრივი ორგანიზაცია უდგას მათ გვერდში. ჩვენც ხშირად ვმართავთ საბავშვო ღონისძიებებს, ვეპატიჟებით უკრაინელებს და ვგრძნობთ, რომ მათთვის ეს თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს".
ომის დაწყებიდან წელიწადნახევრის თავზე, მიშიკოს ერთი წამითაც არ განელებია ის ემოცია, რაც ომის პირველ თვეებში ჰქონდა. ამბობს, რომ უკრაინული ამბების დღეში რამდენჯერმე კითხვა "ქრონიკულ მდგომარეობაში" გადაეზარდა.
"გასაგებია, რომ დრო მაინც თავისას შვრება და ემოციებსაც აუფერულებს, სხვა ამბებით ანაცვლებს, თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ისევ უმრავლესობაში ვრჩებით ადამიანები, რომლებიც უკრაინას ისევ ისე ვგულშემატკივრობთ, ისევ ისე ვღელავთ მათზე, როგორც პირველ დღეებში. 100%-ით მწამს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი, არსებობა არ არსებობის საკითხი, დღეს შეიძლება გადიოდეს უკრაინაში ომის შედეგებზე. ამიტომ კიდევ უფრო მეტად ვცდილობ, რომ უკრაინელების გამარჯვება დავაჯერო ხალხს, რომ ჩვენი გამარჯვებაც იქნება უკრაინელების გამარჯვება".
მიშიკოს ერთ რამეზე სწყდება გული — ის უკრაინელი და ქართველი მებრძოლების გვერდით ვერ იბრძვის ომში. გულწრფელად ამბობს, რომ ომში წასვლაზე არ უფიქრია, რადგან არ უნდოდა, რომ "გამოუცდელი ჯარისკაცი" სხვისი ტვირთი გამხდარიყო. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლის გარდა, არსებობს სხვა გზაც, რომ სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე ჩაერთოს უკრაინელებისთვისა და ქართველებისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთების პროცესში.
"სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, ძალიან კარგ პროექტებს გეგმავს უკრაინაში, მაგალითად, საბავშვო ბაღის აშენებას ბუჩაში, სკვერის გაკეთებას ირპენში და ვფიქრობ, რომ თუკი ამის საჭიროება დადგება და საშუალება მომეცემა, დიდი სიამოვნებით წავალ და დავეხმარები მათ", — აღნიშნავს მიშიკო.
მანამდე კი, რაკი მიშიკოს იარაღი არ უჭირავს ხელში, ფიქრობს, რომ ომში ბრძოლასთან მიახლოებული, ყველაზე კარგი საქმე, რაც კი შეიძლებოდა გაეკეთებინა, ეს იყო საქართველოში ჩამოსული უკრაინელების დახმარება.
"ცხადია, ეს ვერ გაუტოლდება ქართველი მეომრების საქმეს, მაგრამ სულ მცირე წვლილი ხომ მაინც შემაქვს უკრაინელების გამარჯვების საქმეში, რომელიც ჩვენი გამარჯვებაც იქნება".
მასალა მომზადებულია Dopomoga.ge-ის მიერ.
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა

კომენტარები