კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ეს თანამდებობა ზაზა კვიციანმა დაიკავა.

ზაზა კვიციანი სააგენტოს გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ასრულებდა სექტემბერში მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მანამ, ვიდრე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კვლავ არ გაერთიანდა. მანამდე, ამავე სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა 2025 წლიდან. სამინისტრომდე ზაზა კვიციანი თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე იყო.

ახალი ხელმძღვანელი მაია ბითაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამსახურების ხელმძღვანელებს წარუდგინა.

"მაია ბითაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სააგენტოს მნიშვნელოვან როლზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების, პროფესიული გუნდის გაძლიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით დასახული ამოცანების განხორციელების მნიშვნელობაზე.

მინისტრმა სააგენტოს თანამშრომლებსა და ყოფილ ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა, ზაზა კვიციანს კი, ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

სააგენტოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მოადგილე თამარ შარაშიძე“,-აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.