ზიზი ამირანაშვილი ბევრს მხატვარი ჰგონია, თუმცა თავად გულახდილად აღიარებს, რომ ხაზების სწორად გავლება და, ზოგადად, ხატვა ბავშვობიდანვე არ გამოსდიოდა. 31 წლის ზიზი პროფესიით სისხლის სამართლის ადვოკატია, თუმცა ცხოვრებას არა მკაცრ სასამართლო ოთახებში, არამედ ფერებისა და ფუნჯების გარემოცვაში ატარებს.

ზიზის დღევანდელი ცხოვრების წესი დაუგეგმავად და მოულოდნელად, ერთი უბრალო ჰობით დაიწყო. იმისთვის, რომ უფრო ახლოს გაგვეცნო მისი ყოველდღიურობა, ინტერესები და დედის პომადებით ხატვიდან დაწყებული მეიქაფ-არტისტობამდე გავლილი გზა, ზიზის პირადად გავესაუბრეთ.

როდის გაგიჩნდათ მაკიაჟის მიმართ ინტერესი და, ზოგადად, როგორ დაიწყეთ ამ სფეროში მოღვაწეობა?

ზოგადად, ძალიან მიყვარს სწავლა და უამრავი ჰობი მაქვს. მეიქაფიც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ჰობი იყო. ბავშვობაში დედის წითელი პომადებით ვხატავდი ხოლმე, თუმცა ხატვა დღემდე არ მეხერხება, სწორ ხაზს ვერ გავავლებ, მგონი, და მიუხედავად ამისა, ბევრს ჰგონია, რომ მხატვარი ვარ, თუმცა ასე არაა.

Makeup-ის გაკეთება თინეიჯერობიდან დავიწყე. მაშინ არც კი იყო საქართველოში ბევრი პროდუქტი და არც რაიმე სპეციალური მაღაზიები არსებობდა. ამიტომ, ვაგზალზე ან მეტროს გასასვლელებში პატენტებს თუ იპოვიდი, ვინაიდან ორიგინალები ძალიან იშვიათი და უზომოდ ძვირი იყო. თანაც, მგონია, რომ ადრე ყველა ასე ყიდულობდა მაკიაჟის პროდუქტებს და ამაში გასაკვირი არაფერია.

მაკიაჟის გაკეთება მაშინ საერთოდ არ ვიცოდი და YouTube-ზე ტუტორიალებს ვუყურებდი ხოლმე, მერე სხვადასხვა ბლოგერებს. სპეციალურად არსად მისწავლია, სრულად თვითნასწავლი ვარ. თანაც, არასდროს მიფიქრია, რომ ადვოკატის კარიერას მივატოვებდი და სხვა რამით დავკავდებოდი.

პროფესიის შეცვლა სრულიად შემთხვევით მოხდა და ამის ინიციატორი ჩემი მეუღლე იყო. იცოდა, რომ მიყვარდა მაკიაჟის კეთება; თვითონაც უყვარს, სულ გამოპრანჭული რომ დავდივარ.


პირველი ვიდეოს გადაღებისკენ ზიზის სწორედ მეუღლემ უბიძგა. ვიდეო ინდურ ტრენდს ეხებოდა:

მახსოვს, ძალიან ვიჩხუბეთ, იმიტომ, რომ შემეშინდა და თან რაღაცნაირად მრცხვენოდა, თუმცა გადავიღეთ და ამან ნამდვილად გაამართლა. ვიდეოს დადებიდან მეორე დღესვე ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა

იხილეთ ვიდეო:

საქართველოში პირველი SFX და makeup არტისტი-კრეატორი ხართ. როგორ მიხვედით კონკრეტულად ამ მიმართულებამდე?

ბლოგი რომ დავიწყეთ, მაშინ SFX-ზე არასდროს მქონდა გაგებული. ქოსფლეის მიმართულებაზე მესაუბრებოდა ჩემი მეუღლე, მიხსნიდა, რომ აზიაში ძალიან განვითარებული მიმართულებაა და ყველას მოსწონს, თუმცა ჩემი არ იყო. ანიმესთვის არასდროს მიყურებია და დიდად ვერ ვუგებ ამ კულტურას. უზომოდ ლამაზია, მაგრამ ჩემი არაა.

ინდური ტრენდის შემდეგ რამდენიმე ვიდეო გადავიღეთ და დიდად არ გაამართლა. მგონი, მეხუთე ვიდეო იყო კოკოს მულტფილმის ტრენდი. საოცარი ვიდეოები მხვდებოდა და ისევ ჩემმა მეუღლემ მითხრა — მოდი, გადავიღოთო. ზოგადად, საოცარი ხედვა აქვს და სულ ვიძახი, რომ ჩემი კრეატიული დირექტორია.

გადავიღეთ ეს ტრენდი, თუმცა მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი, ვინაიდან ტანის საღებავებიც კი არ მქონდა და არც არასდროს მიცდია დახატვა, ამიტომ გუაშებით არის დახატული. ვიდეოს თუ დააკვირდებით, სახეზე გადამსკდარია საღებავი, თუმცა მაინც გადავიღეთ. ულამაზესი გამოვიდა და ეს იყო ის გადამწყვეტი წერტილი, საიდანაც SFX-ში გადავედი. საოცარი და მიუწვდომელი იყო, მაყურებელში კი აღუწერელ ემოციას იწვევდა და იწვევს. ნამდვილად კარგი ნამუშევრები გამომდის და ამაზე დიდხანს ვმუშაობ ხოლმე.

@ziziamiranashvili Mexico makeup ❤️🇲🇽 #coco made from #georgia The 22 hours hardest and interesting work 😍🦋 Camera/edit @ch_u_p Inspirated by @Camila Pudim #makeup #makeuptransition #makeupartist #maquaigem #challenge #makeuptransformation #transition #viral #trend #beauty #mexico🇲🇽 #coco #mexicomakeup ♬ Un poco loco - εɖɖɨɛɛ

სრულიად ახალი ნიშის ათვისება იყო თუ არა სირთულეებთან დაკავშირებული?

ყველაზე დიდი გამოწვევა მასალებია. საქართველოში არაფერი იყიდება, რაც გამოგადგება, ამიტომ ან ხელით ვამზადებთ, ან საზღვარგარეთიდან ჩამოგვაქვს, თუმცა ძალიან ძვირი ღირს.

ასევე, კიდევ ერთი სირთულე იყო ის, რომ მაკიაჟისგან განსხვავებით არ ვიცოდი, რა რით და როგორ უნდა გამეკეთებინა და ყოველი ვიდეოს წინ სწორედ ამას შევისწავლიდით.

თქვენი კონტენტი საინტერესოდ აერთიანებს horror art-ს, storytelling-ს და ქართულ ელემენტებს. როგორ პოულობთ ბალანსს ამ ერთი შეხედვით განსხვავებულ მიმართულებებს შორის?

კონტენტის ნაირსახეობა მაყურებლის ინტერესებიდან მოდის. მე ყოველთვის იმას არ ვაკეთებ, რაც მინდა ან მომწონს. კრეატორის საქმიანობაში მთავარია, უსმინო შენს მაყურებელს და გაიგო, რა უნდათ მათ, ვინაიდან მათ უნდა მოეწონოთ შენი ნამუშევარი.


ზიზი ყოველთვის კითხულობს და ითვალისწინებს მაყურებლის კომენტარებს. სწორედ მაყურებლის მოთხოვნების საპასუხოდ ავითარებს საკუთარ ვიდეოებს: თავდაპირველად მხოლოდ გადასვლები ჰქონდათ, შემდეგ საუბარი დაამატეს, კულტურის ხაზგასასმელად ტრადიციული ელემენტებიც ჩართეს. სასაცილო ვიდეოები, მაკიაჟის გაკეთება-მოხსნა, კადრს მიღმა მომენტები — ნელ-ნელა მათი კონტენტი სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება.


მთავარია, უსმინო შენს მაყურებელს და ღია იყო განვითარებისთვის

იმის მიუხედავად, რომ ზიზის ყველა თავისი პერსონაჟი ძალიან უყვარს, გამოყოფს რამდენიმეს, რომლებიც მაყურებელს განსაკუთრებით მოეწონა: კოკო, ჯოკერი, კლეოპატრა, პეპელა, კრამპუსი, მუმია და მარწყვიტოსა და ბანანიტოს სერიები.

@ziziamiranashvili 🔥Follow🔥 Cleopatra trend from Georgia 🇬🇪 like, share, comment and repost ♥️ Camera/edit @ch_u_p Ib @Camila Pudim and @CiiN #ziziamiranashvili #makeup #makeupartist #georgia #sakartvelo #cleopatra #cleopatramakeup ♬ orijinal ses - Eurovision

მართლა უზომოდ დიდი სიყვარული და პატივისცემა მოდის ადამიანებისგან და დღემდე ვერ მივეჩვიე ამას

როგორ იბადება იდეა? რა გზას გადის კონცეფცია იმ მომენტამდე, სანამ ვიდეოს სახით მილიონობით ადამიანის ეკრანზე მოხვდება?

კრეატორის საქმიანობა სულ ძიებასთან არის დაკავშირებული. დღის განრიგი ისე მაქვს გადანაწილებული, რომ 2-4 საათს სოციალურ ქსელებში ვატარებთ, რათა იდეები მოვძებნოთ. სილამაზიდან აბსურდამდე — ესაა ჩვენი ბლოგის იდეების მთავარი ამომავალი წერტილი.

ფოტო: Instagram / ziziamiranashvili

პირველი ნაბიჯია ზოგადად პერსონაჟების მოძიება, შემდეგ უკვე გარკვეულ დღესასწაულებთან, გარემოებებთან, ფესტივალებთან ან ტრენდებთან დაკავშირებული პერსონაჟები.

როდესაც ავარჩევთ პერსონაჟს, მერე ვარჩევთ მუსიკას, ვწერთ, რა ვიდეოებს ვიღებთ: გაკეთების პროცესის, ტრენდული, სასაცილო, კადრს მიღმა და მოხსნის ვიდეოები —დანარჩენი კი მუშაობის პროცესში გვაფიქრდება. ამის შემდეგ ვყიდულობთ ან ვამზადებთ რეკვიზიტებსა და ტანსაცმელს.

რას ურჩევდით მათ, ვისაც ახლა სურს SFX მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა?

რამდენიმე ძალიან კარგი კრეატორია, ვინც დაიწყო და შემდეგ გაჩერდა. მესმის, ძალიან რთული და ძვირადღირებული მიმართულებაა, თუმცა ასევე უცხო და გამორჩეულია. ეს საერთაშორისო მიმართულებაა და მხოლოდ ქართულ აუდიტორიაზე არ მუშაობ. მეც ამერიკის ერთ-ერთმა აკადემიამ შემამჩნია და მათთან სწავლა შემომთავაზეს.

ეს მიმართულება უამრავ კარს გიხსნის. კი, რთული და შრომატევადია სხვა მიმართულებებთან შედარებით, მაგრამ ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ ფანტაზია არ სრულდება და "ვაიმე, ახლა რა გადავიღო" ეტაპამდე არ მიდიხარ.

რა თქმა უნდა, ვურჩევდი, რომ არ მიატოვონ, პირიქით — დაიწყონ, გააკეთონ. თუ დახმარება შემიძლია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მომმართოს. მჯერა, რომ მას, ვისაც ნამდვილად სურს, აუცილებლად გამოუვა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს, რომლებზეც ჯერ არ ვსაუბრობ. მომავალ წელს გავაჟღერებ. ამ ეტაპზე ბათუმში ვარ და აჭარის პროექტში ვერთვები. იმედი მაქვს, ძალიან მოეწონება მაყურებელს ჩემი სხვა ამპლუაში დანახვა. მჯერა, რომ მხარს დამიჭერენ. მე კი ვპირდები მათ, რომ სამი თვე ჩემთან ერთად ვამოგზაურებ აჭარაში.


მაყურებლის სიყვარულისა და საერთაშორისო აღიარების პარალელურად, ზიზის პროფესიულმა გზამ ყურადღება სხვა მხრივაც მიიპყრო — მისი ბიოგრაფია ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიულ ლექსიკონში შეიტანეს. ეს ლექსიკონი იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს ინახავს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილად ითვლებიან.