22 ოქტომბერს, უკრაინის პარლამენტთან, მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქცია სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ასობით ადამიანი დაესწო. KyivPost-ის ცნობით, საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადებით, დემონსტრაცია სულ მცირე 7 ნოემბრამდე, მომდევნო პლენარულ სხდომამდე გაგრძელდება:

"ვფიქრობ, შემდეგ კვირას, სესიებამდე, როდესაც დეპუტატები დაბრუნდებიან, ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ."

სააკაშვილის თქმით, ის უკრაინის სხვა ქალაქებში ვიზიტსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან და სიტუაციის გამოსწორებასთან დაკავშირებით, მისი ხედვების გაზიარებას გეგმავს.

უკრაინაში, საპროტესტო აქციები 17 ოქტომბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება. კიევპოსტის მტკიცებით, ეს ყველაზე დიდი კარვებიანი დემონსტრაციაა ხელისუფლების წინააღმდეგ 2014 წლის ევრომაიდნის შემდეგ. აქციის მონაწილეები დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული სასამართლოს შექმნას, სისხლის სამართლის დევნისგან კანონმდებლების იმუნიტეტის გაუქმებასა და უფრო სამართლიან საარჩევნო სისტემას მოითხოვენ, რომელიც ოლიგარქების გავლენას შეამცირებს. დემონსტრანტები უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადადგომასაც მოითხოვენ.