ამის შესახებ პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პუტინის ბრძანებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდება.

  • ამ ცვლილებებით, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში 90 დღით უვიზოდ ყოფნის უფლება მიეცათ.
  • დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისია მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში შედიან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით.
  • ასევე, გაუქმდა შეზღუდვა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენას უკრძალავდა.
  • ოკუპანტი ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, რუსული ავიაკომპანიები თბილისში კვირაში 7 რეისს გეგმავენ.
  • მალევე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლითაც მოუწოდებდა, თავი შეეკავებინათ საქართველოში მოგზაურობისგან.
  • "თუმცა, ამ ქვეყანაში სტუმრობისას უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების ასპექტები, გამოიჩინოთ სიფრთხილე", — წერია განცხადებაში.
  • იქვე სერგეი ლავროვის უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებები პრინციპული მიდგომის შესაბამისია "ორი ქვეყნის მაცხოვრებლებს შორის კომუნიკაციის გასაადვილებლად".

რა თქვა პრეზიდენტმა: ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა იყოს მცდელობა, პუტინმა გადაფაროს თავისი მარცხი ბახმუტში.

  • პრეზიდენტის თქმით, ეს ასევე შესაძლოა გამოწვეული იყოს ევროკავშირის გუშინ დაანონსებული სანქციების მეთერთმეტე პაკეტის ამოქმედებით.
  • "ჩვენთვის რაც მთავარია, ესაა პროვოკაცია პირდაპირ ჩვენი საზოგადოების გამოწვევისთვის და ჩვენს ხელისუფლებას აყენებს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე", — თქვა ზურაბიშვილმა.
  • მისივე განმარტებით, ეს გამოიწვევს ერთგვარ დაძაბულობას პარტიებს შორის და საზოგადოებისგან რეაქციას, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რომ როდესაც რუსეთი ასეთ ნაბიჯებს დგამს, ის ამას თავისი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს.
  • "სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და არ დაფიქრდა ჩვენ გასულ ისტორიაზე და ყველა იმ მაგალითებზე, რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე დათმობით არ პასუხობს, პასუხობს იმით, რაც უფრო გაურთულებს თავის მდგომარეობას", — განაცხადა ზურაბიშვილმა.
  • მიაჩნია, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი, უადგილო, უდროო.

  • პრეზიდენტი განმარტავს, რომ არც ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, სანამ რუსეთი არის მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი.

დეტალები: ზურაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს და ფიქრობს, რომ უკვე დროა, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო, შეიკრიბოს საჯაროდ და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება.

  • "მეტი კონტროლი არის სახელმწიფოდან საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში, რომლებიც რჩებიან ქვეყანაში და აუცილებელია, რომ რაღაც ზომები იყოს მიღებული, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ, ცივილიზებულ ჩარჩოებში", — თქვა ზურაბიშვილმა.
  • პრეზიდენტის თქმით, საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა, რაც არაერთხელ გამოჩნდა, თუმცა ფიქრობს, რომ არ შეიძლება, ბაგა-ბაღები გაიხსნას რუსულენოვანი, სადაც არ იქნება აუცილებელი, რომ ქართული ენაც თანადროულად იყოს აუცილებელი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დღეს საქართველოში ცხოვრობენ.
  • ამბობს, რომ რუსეთიდან "საჩუქრები" არ გვჭირდება და "ვითომ რაღაც დათმობა".
  • განმარტავს, რომ საქართველო იმავე მხარესაა, როგორც არიან ქვეყნის ევროპელი მეგობრები და ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა.
  • "რომ ჩვენ ახლა ყველასგან განსხვავებით, არ დავიწყოთ რაღაცა ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ჩვენ გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებების მიმართ, რაც ისმის სანქციების გვერდით ავლის შესახებ", — თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მიმართა და თქვა, რომ მათ ხალხის ძალას კი არა, ხალხის ხმას უნდა მოუსმინონ.

  • "დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებაში არის ერთიანი, ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება შეეწინააღმდეგოს ჩვენს კანდიდატის სტატუსის მიღებას, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებს, საქართველოს ღირსებას", — განაცხადა პრეზიდენტმა.
  • მისი თქმით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად დგას ეს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, რომლის ტერიტორიები არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული უკრაინელი მეგობრების.
  • ამბობს, რომ ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგულები უნდა ვიყოთ ბოლომდე, ეს არის მოთხოვნა საზოგადოების.
  • "მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ სხვანაირად მოხდა და დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, საზოგადოებასაც ექნება ამაზე თავისი პასუხი", — განაცხადა ზურაბიშვილმა.