გიორგი გაბუნიას გადაცემა არჩევანში საქართველოს ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად პარტიის ბოლოდროინდელ გამარჯვებებზე თუ მარცხზე:

"ეს არაა ფეოდალის გუნდი, ეს არის მოძრაობა, რომელიც ემყარება მყარ იდეოლოგიას და ეს არის აღმშენებლობისა და განვითარების იდეოლოგია. ჩვენ ბევრი დისკუსია გვაქვს, და ეს ხედვის საკითხებს ეხება. ნაციონალური მოძრაობისთვის მთავარია სად იქნება საქართველო".

სააკაშვილის თქმით, პარტია კამათობს ისეთ თემებზე, როგორიცაა ახალი პროექტები, განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა:

"ჩვენი დისკუსია ასეთ თემებს ეხება, რომ ახლა, როცა ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ, საქართველოს საუკეთესო ნაწილი უცხოეთში არ გაიკრიფოს ისე, რომ უკან მოხედვა არ უნდოდეს, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ ჭაობიდან, რომელშიც შეიყვანა ქართულმა ოცნებამ".

სააკაშვილის თქმით, პარტიის შიგნით ამ თემებზე მიდის დისკუსია და მისივე განცხადებით, ეს დისკუსია გაგრძელდება.