გარემოვაჭრეები, ლეიბორისტული პარტია და სამოქალაქო აქტივისტები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ. ისინი პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის აღებას აპროტესტებენ. ასევე მერიისგან ითხოვენ პასუხს, თუ რატომ ეთქვათ უარი გარემომოვაჭრეებს რესპრუბლიკის მოედანთან ვაჭრობაზე.

თბილისის მერიის მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეებს რესპუბლიკის მოედანის ტერიტორია დატოვებინეს და პარლამენტის წინ განლაგებულ დახლებზე გადასვლა მოსთხოვეს. გარემოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ არ სურთ ვაჭრობა იქ, სადაც შვილმოკლული მამის საპროტესტო კარავი იდგა.

31 დეკემბრის ღამეს მერიამ შვილმოკლული მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და პატიმრობაში მყოფი დეკანოზ მამალაძის ძმის კარვები აშალა და პარლამენტის წინზვიგენის გასაბერი ბატუტი დადგა. კარვების დაშლას ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამით 9 აქტივისტი დააკავა.

მეორე დღესვე მერიამ ეს ბატუტი ვიზუალის გამო დაიწუნა, ჩაფუშა და მის ნაცვლად სხვა ატრაქციონები დადგა. ახალი წლის ღამეს მაჩალიკაშვილი, აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და მომხდარი გააპროტესტეს. ატრაქციონები, რომელიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი პოლიციას ჰქონდა შემოსაზღვრული ჯებირებითა და მანქანებით. დახლები კი, რომლებიც საახალწლო პროდუქციისთვის იყო განკუთვნილი, ცარიელი იდგა.

თბილისის მერიამ კარვების აყრა საახალწლოდ, 2018 წელსაც სცადა. მაშინ რუსთაველის გამზირზე აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ატარებდნენ. სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის შემდეგ თბილისის მერიამ კარვების აყრა ვერ შეძლო, რუსთაველზე კი უფრო მეტი კარავი გაიშალა. მერიას მოუწია საახალწლო ღონისძიებები პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაეტანა.