საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში პირდაპირი ელექტრონული მმართველობის სისტემა უნდა შემოვიდეს. როგორც მან გადაცემა კვირის აქცენტებში განაცხადა, ხალხი ყველა გადაწყვეტილების მიღებაში ელექტრონულად უნდა ჩაერთოს.

"ძალიან მარტივია, ყველა გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც შეიძლება, ბელგიაში ცხოვრობს, რუსეთში ცხოვრობს… მუდმივი [რეფერენდუმი] ყველა საკითხის", — განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ახალი სისტემით ელექტრონულად მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. გარდა ამისა, ისინი აირჩევენ გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტს. ექს-პრეზიდენტის განმარტებით, პარლამენტი თავის ფუნქციას, ფაქტობრივად, დაკარგავს, და მხოლოდ რთულ კანონებზე იმუშავებს, როგორიცაა ბიუჯეტი.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მართვის ელექტრონულ სისტემაზე საუბრობს. რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი ვიდეომიმართვის დროს მან განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შიდაპარტიული გადაწყვეტილებებისთვისა და აქტივისტების ჩართვისთვის სპეციალურ აპლიკაცია უნდა შექმნას.