საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მიხეილ ყაველაშვილი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისგან მილოცვებს იღებს. მისალოც წერილებში ხაზგასმულია საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა, რეგიონული სტაბილურობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.


მიხეილს ყაველაშვილს მისალოც წერილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უგზავნის.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაშია აღნიშნული, მიმდინარე წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების განახლებისთვის.

"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო!

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს.

ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. შეერთებული შტატები კვლავაც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს მდგრადი უსაფრთხოების, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში", — წერს ტრამპი.


აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მილოცვაში საქართველოში ვიზიტს იხსენებს და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა და უმაღლეს დონეზე აქტიური დიალოგის არსებობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყველა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,

საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან — დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით.

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების მაღალი დონე განპირობებულია იმ კეთილგანწყობით, პატივისცემითა და ნდობით, რომელსაც ჩვენი მეზობელი ხალხები ერთმანეთის მიმართ საუკუნეების განმავლობაში იჩენდნენ. კმაყოფილებას იწვევს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ამჟამინდელი დინამიური და ყოვლისმომცველი განვითარება.

უაღრესად ვაფასებ გასულ თვეში თქვენს მეგობარ ქვეყანაში ჩემი სახელმწიფო ვიზიტის შედეგებს, ასევე ვიზიტის დროს ჩემს მიმართ გამოჩენილ სტუმართმოყვარეობასა და გულწრფელ მეგობრობას. თბილი გრძნობით ვიხსენებ ჩვენს პროდუქტიულ შეხვედრას და აზრთა გაცვლას, რომელიც ურთიერთგაგებისა და გულწრფელობის ატმოსფეროში წარიმართა.

ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა და უმაღლეს დონეზე აქტიური დიალოგის არსებობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყველა სფეროში ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ერების სასიკეთოდ და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისთვის, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მყარ საფუძველსა და კარგ ტრადიციებზეა დაფუძნებული, ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება.

ამ ღირსშესანიშნავ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, მეგობარ და მოძმე ქართველ ხალხს კი ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ", — აღნიშნულია მისალოც წერილში.


მიხეილ ყაველაშვილს დღესასწაული არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა, პრემიერმინისტრმა და ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმაც მიულოცეს.

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსურს, თქვენო აღმატებულებავ, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო საქართველოს მთავრობასა და მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვო შემდგომი წარმატებები, წინსვლა და კეთილდღეობა. გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური", — წერენ ისინი.


ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ასევე ბელგიის მეფე ფილიპმაც.
წერილში მან პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.

"მის აღმატებულებას, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს

საქართველოს პრეზიდენტს

საქართველოს ეროვნული დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მსურს თქვენს აღმატებულებას გადავცე ჩემი მილოცვა და გისურვოთ ბედნიერება და ჯანმრთელობა როგორც თქვენ, ისე ყველა თქვენს თანამემაულეს", — წერს ბელგიის მეფე.


პრეზიდენტს მილოცვა გაუგზავნა ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, დენის ბეჩიროვიჩმაც, რომელმაც წერილში იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

"თქვენო აღმატებულებავ,

ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმისა და ჩემი სახელით, ნება მომეცით გულწრფელად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე და გისურვოთ თქვენი ქვეყნის ხანგრძლივი კეთილდღეობა.

ვსარგებლობ შესაძლებლობით და გამოვხატავ მტკიცე რწმენას, რომ, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური", — აღნიშნულია მისალოც წერილში.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, აქვე, გამოეხმაურა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ლი ჯე მიუნგიც, რომელმაც წერილში კორეისა და საქართველოს თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"თქვენო აღმატებულებავ,

კორეის რესპუბლიკის მთავრობისა და ხალხის სახელით, მაქვს პატივი, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელი მილოცვა გადავცე თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს.

ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ კორეა და საქართველო კვლავ განაგრძობენ თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებას, რაც მტკიცე მეგობრობასა და გულწრფელ ნდობაზეა დაფუძნებული.

მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებას და თანამშრომლობის პერსპექტივების გაფართოებას, სხვადასხვა სფეროში მჭიდრო კომუნიკაციის გზით.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს ხანგრძლივი პროგრესისა და კეთილდღეობისთვის, თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობისა და ქართველი ხალხის ბედნიერებისთვის", — წერს კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი.


სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი მილოცვაში ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოლიტიკური დიალოგის მიმდინარეობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

"თქვენო აღმატებულებავ,

სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქეების და პირადად ჩემი სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გიგზავნით გულწრფელ მილოცვას და საუკეთესო სურვილებს თქვენი ქვეყნისა და ხალხის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის.

უაღრესად კმაყოფილი ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებითა და პოლიტიკური დიალოგის მიმდინარეობით. მტკიცედ მწამს, რომ, ერთობლივი ძალისხმევით, მომავალშიც განვაგრძობთ სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.

ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იყო სერბეთის რესპუბლიკაში თქვენი მასპინძლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. ასევე მოუთმენლად ველი საქართველოში ჩემს მომავალ ვიზიტს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას და გაღრმავებას ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპული მხარდაჭერისთვის. ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია ადასტურებს, რომ თქვენ ქვეყანა ერთგულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და მხარს უჭერს მათ თანმიმდევრულ დაცვას, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ.თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ, თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა" — აღნიშნულია მისალოც წერილში.


პრეზიდენტს გამოეხმაურა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც, რომელმაც მისალოც წერილში ხაზი კეთილმეზობლურ და სტრატეგიულ ურთიერთობებს გაუსვა.

"ბატონო პრეზიდენტო,

ჩემი თურქი ხალხის სახელით გულითადად ვულოცავ თქვენს აღმატებულებასა და მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ჩვენს ხალხებს შორის ყოველდღიურად ვითარდება მეგობრობასა და საერთო ინტერესებზე დამყარებული ახლო მეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც მაძლევს იმის რწმენას, რომ მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ეს კავშირები, რომელიც მოემსახურება ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების უზრუნველყოფას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელად ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - მშვიდობა და კეთილდღეობა", — წერს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მისალოც წერილში.


ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მილოცვაში ქვეყნის მდგრად განვითარებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ძვირფასო მიხეილ,

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით — ეს დღესასწაული სიმბოლურად ქართველი ხალხის სიმტკიცეს, ერთიანობასა და ურყევ სულს განასახიერებს.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო განაგრძობს წინსვლას მდგრადი განვითარების გზაზე, კიდევ უფრო გააძლიერებს თავის სახელმწიფო ინსტიტუტებს და გააუმჯობესებს მოქალაქეთა კეთილდღეობას. ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ პროგრესს და განამტკიცებს მის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

მოუთმენლად ველი მინსკსა და თბილისს შორის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, მათ შორის ვაჭრობის, ეკონომიკის, ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში.

ძვირფასო მიხეილ, გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას, ოპტიმისტურ განწყობასა და წარმატებას, ხოლო ქართველ ხალხს — მშვიდობას, კეთილდღეობასა და უზრუნველ მომავალს", — აღნიშნავს ბელარუსის პრეზიდენტი წერილში.


მიხეილ ყაველაშვილს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმაც გაუგზავნა მისალოცი წერილი, სადაც მან საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხორვატიის რესპუბლიკის მოქალაქეების და პირადად ჩემი სახელით, ჩემთვის პატივია გადმოგცეთ ჩემი გულთბილი მილოცვა და თქვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს პროგრესი და კეთილდღეობა ვუსურვო.

სიამოვნებით ვიხსენებ ჩემს ბოლო ვიზიტს თქვენს ქვეყანაში. მჯერა, რომ ჩვენმა შეხვედრამ შემდგომი ორიენტირები განსაზღვრა ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად, ისევე როგორც საერთო ინტერესის მქონე სფეროებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. მოხარული ვარ, რომ გავცვალეთ მოსაზრებები მიმდინარე გლობალურ საკითხებსა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებულ მრავალ გამოწვევაზე. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მიიღოთ, თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა", — აღნიშნულია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.


დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინიც ულოცავს.

"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო

ნება მომეცით, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და პირადად ჩემი სახელით, მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ეს მნიშვნელოვანი დღე სიმბოლურად განასახიერებს ქართველი ხალხის სიმტკიცეს, შეუპოვრობას და თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარებისკენ სწრაფვას. ის უკვდავყოფს იმ ისტორიულ ძალისხმევას, რომელიც კანონის უზენაესობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის პრინციპებზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფოს ასაშენებლად იქნა გაწეული.

ამ თარიღთან დაკავშირებით, მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო სლოვაკეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სლოვაკეთი დიდი ხანია საქართველოს გვერდით დგას, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოებისკენ სწრაფვაში, და მხარს უჭერს საქართველოს ამბიციურ რეფორმებსა და პრო-ევროპულ კურსს.

ამავდროულად, ბრატისლავაში თქვენს ბოლო ვიზიტთან დაკავშირებით, მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი გულწრფელი ინტერესი სლოვაკეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და განვითარებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორობას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ხალხთაშორისი კონტაქტები და კულტურული თანამშრომლობა.

მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე დიალოგი და თანამშრომლობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას, არამედ უფრო ფართო რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას.

ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს საქართველოს საკეთილდღეოდ თქვენი მიზნების მისაღწევად. საქართველოს ყველა მოქალაქეს კი ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ განვითარებას. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა", — აღნიშნულია წერილში.


დღესასწაულს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინიც გამოეხმაურა.

მან წერილში ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ორმხრივი ურთიერთობების ახალ სიმაღლეზე ასაყვანად ერთობლივი მუშაობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.

"თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მინდა პირადად თქვენ და ქართველ ხალხს გულითადი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ.

ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები არიან, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთს. ისინი ასევე კარგი პარტნიორები არიან, რომლებიც თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობაზე თანამშრომლობენ.

ამჟამად, ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძალას იკრებს: პოლიტიკური კავშირები კვლავაც ძლიერდება, სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ შინაარსს იძენს, ხოლო მრავალმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო ნაყოფიერი ხდება.

უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს და მზად ვარ თქვენთან ერთად ვიმუშაო ორმხრივი ურთიერთობების ახალ სიმაღლეზე ასაყვანად — ორივე ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ. საქართველოს კეთილდღეობას, ხოლო მის ხალხს ბედნიერებას ვუსურვებ", — აღნიშნულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინის მისალოც წერილში.


მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე რომის პაპმა ლეო XIV-მაც მიულოცა.

"თქვენი ეროვნული დღის აღსანიშნავად, თქვენს აღმატებულებას ვუგზავნი ჩემს მხურვალე სურვილებს თქვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და გულთა ერთიანობისათვის. ვლოცულობ უფლის წინაშე, რომ თქვენმა თანამოქალაქეებმა კვლავაც ჰპოვონ მარად ახალი შთაგონება ერის საერთო კეთილდღეობისათვის მსახურების გზაზე. დაე, ისინი დარჩნენ მშვიდობისმყოფელებად, ღარიბთა ძახილის მიმართ მგრძნობიარეებად და შემოქმედებითებად ქველმოქმედებაში მათი ტანჯვის შესამსუბუქებლად. ყოვლისშემძლე ღმერთმა, წმინდა ნინოს შუამდგომლობით, მიანიჭოს ქართველებს უსაფრთხოდ და მშვიდობით ცხოვრების უფლება. გულწრფელად მოვუხმობ ღვთიურ კურთხევას თვენი აღმატებულებისათვის, საზოგადოებრივ საქმეზე პასუხისმგებელი ყველა პირისა და სრულიად ქართველი ხალხისათვის", — აღნიშნა მან მისალოც წერილში.


მათ შორის, მისალოცი წერილი გამოგზავნა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა, სადაც აღნიშნავს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის საუკუნოვანი მეგობრული კავშირები მყარი საფუძველია მრავალდარგობრივი თანამშრომლობის უწყვეტი განვითარებისთვის.

"თქვენო აღმატებულებავ,

გულითადად გილოცავთ თქვენ და მოძმე საქართველოს ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს — დამოუკიდებლობის დღეს. სომხეთსა და საქართველოს შორის საუკუნოვანი მეგობრული კავშირები მყარი საფუძველია მრავალდარგობრივი თანამშრომლობის უწყვეტი განვითარებისთვის. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ხალხების კეთილდღეობასა და რეგიონულ სტაბილურობას. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას, ხოლო მეგობარ საქართველოს ხალხს — მშვიდობასა და კეთილდღეობას. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემის გამოხატულება", — აღნიშნულია წერილში.


ცნობისთვის, დღეს, საქართველო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 108-ე წლისთავს ზეიმობს. 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული საბჭოს სხდომამ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი — "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი" დაამტკიცა. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებით გამოცხადდა ქვეყნის სუვერენიტეტი და საფუძველი ჩაეყარა საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას