საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი უკრაინელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე ისევ ავტობუსით მიემგზავრება.

მიხეილ სააკაშვილი თავდაპირველად სწორედ ავტობუსით გეგმავდა საზღვრის გადაკვეთას, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და მატარებელი არჩია. სააკაშვილმა იულია ტიმოშენკოსთან, ევროპარლამენტარ იაცეკ სარიუშ-ვოლსკისთან და თავისი ოჯახის წევრებთან ერთად მატარებელში რამდენიმე საათი გაატარა, თუმცა ტრანსპორტი არ დაიძრა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპორტიორი პოლონეთიდან იუწყება, სადგურის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ვაგონში იმყოფებოდა პერსონა, რომელსაც უკრაინაში ლეგალურად შესვლის უფლება არ აქვს. მისივე ცნობით, მატარებლის სხვა მგზავრები უკრაინაში ავტობუსებით გადაიყვანეს.