მოკლედ: On.ge ესაუბრა ნინი ლიპარტელიანს, რომელიც, ნატა ფერაძის სახლთან, მის მხარდასაჭერად იმყოფებოდა ძალადობრივი, პრორუსული მოძრაობის ალტ-ინფოს აქციის დროს.

  • ის ამბობს, რომ მას და მასთან ერთად მყოფ რამდენიმე ადამიანს ალტ-ინფოს წარმომადგენლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
  • ლიპარტელიანმა, ასევე, მოგვაწოდა თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა.
  • თავდამსხმელები, მათი თქმით, ძალადობრივი მოძრაობის ტელეარხის თანამშრომლები იყვნენ.

დეტალები: "ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილთა შორის ვიყავით და წასვლას ვაპირებდი. მანქანა ქუჩის კუთხეში გვყავდა გაჩერებული. ის იყო, უნდა ჩავმსხდარიყავით, რომ კუთხეში მყოფმა ალტ-ინფოს ჟურნალისტებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ", — გვიყვება ლიპარტელიანი.

  • მისი თქმით, მოძალადეები ადგილიდან პატრულის გამოჩენისთანავე მიიმალნენ.
  • დაზარალებულები პოლიციაში ჩივილს აპირებენ.

On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება პასუხს, აღიძრა თუ არა საქმე მომხდართან დაკავშირებით.