რა ხდება: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI) მიიჩნევს, რომ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, რესან კონცელიძის ინიციატივით მიღებული სამშენებლო ამნისტიის კანონი, ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ეჭვს ბადებს, რადგან

  • დეპუტატის ძმიშვილები, ვახტანგ და გოჩა კონცელიძეები ჩართული არიან სამშენებლო ბიზნესში
  • კიდევ ერთი ძმიშვილი, არჩილ კონცელიძე, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსია და მშენებლობებს ზედამხედველობს.

დეტალები: რესან კონცელიძე, რომელიც ფრაქცია ქართული ოცნების წევრია, საქართველოს პარლამენტში „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” შეტანილი ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორია.

ამ ცვლილებებით, ამნისტია გამოცხადდა ბათუმში უნებართვოდ, ან სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებულ შენობა-ნაგებობებზე, რომლების მშენებლობაც 2022 წლის 26 სექტემბერს უკვე დასრულებული იყო.

მშენებლობის ზედამხედველი ორგანოს მიერ უპასუხოდ დატოვებული კითხვები

ბათუმში, სამშენებლო სექტორში არსებული სიტუაციის შესასწავლად, TI-მ მიმართა მერიას, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციას მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდა.

  • ორი მცდელობის მიუხედავად, საჯარო იფორმაცია ვერ მიიღეს მუნიციპალური ინსპექციისგან რომელსაც, სხვა ცნობებთან ერთად, სთხოვეს ინფორმაცია 2020-დან 2023 წლამდე პერიოდში გამოვლენილი უნებართვო მშენებლობების რაოდენობა და უკანონოდ მშენებელი ფიზიკური და იურიდიული პირების სია, სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტების რაოდენობა და დამრღვევი პირების სია.
  • ასევე, დაინტერესდნენ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასა და საქართველოს და აჭარის მთავრობის დაწესებულებებს, საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციებით.
  • TI მიიჩნევს, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ასეთი ქმედება აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ კონცელიძეებთან დაკავშირებული კომპანიების დარღვევებს მუნიციპალური ინსპექცია მალავს.

ვინ არიან კონცელიძეები

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს იფორმაციით, რესან კონცელიძე და მისი ძმისშვილები: არჩილ და გოჩა კონცელიძეები წლების განმავლობაში ერთდროულად მუშაობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაღალ თანამდებობებზე.

  • რესან კონცელიძე 1993 წლიდან 2020 წლის აგვისტომდე მუშაობდა აჭარის პოლიციის და პროკურატურის მაღალ თანამდებობებზე.
  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ბათუმის მაჟორიტარი გახდა.
  • არჩილ კონცელიძე, რესან კონცელიძის ძმისშვილი, 2019 წლის 31 დეკემბრამდე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ურეხის პოლიციის განყოფილების უფროსი იყო, ხოლო 2019 წლის 26 დეკემბრიდან დღემდე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორია.
  • ბათუმში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა სწორედ ამ სამსახურს ევალება.
  • გოჩა და ვახტანგ კოცელიძეები, ასევე, არჩილ კონცელიძის ცოლი — ნინო დევაძე ფლობენ წილებს სამშენებლო კომპანიებში — ნაწილში 100%-ს, ნაწილში კი — 50-ს. ისინი აშენებენ მრავალბინიან კორპუსებს.

ასევე, TI-ს ინფორმაციით, შპს "ჰოუმ საიდ ტერასა" 2018 წელს დააფუძნა მამუკა მამულაიშვილმა, რომლის 100% წილი, 2019 წელს, 100 ლარად იყიდა გოჩა კონცელიძემ.

2019 წლის 26 აგვისტოს, მან კომპანიის 50% წილი 100 ლარად მიყიდა შპს "ტერასა გრუპს", რომლის დირექტორმა, დავით ჩიჩუამ და 55% წლის მფლობელმა, ლევან დარასელიამ, 2020 წლის 16 სექტემბერს, ჯამში 18,000 ლარი შეწირეს "ქართულ ოცნებას”.

ბოლო ხაზი: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ბათუმის საკრებულოს და მერიის შიდა აუდიტის სამსახურს, თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში შეისწავლონ კვლევაში წარმოდგენლი საკითხები და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები.