თუ Adolescence მოგეწონათ, ნახეთ BBC-ის ახალი მინი-სერიალი — ბუზთა ბატონი
ყველაფერი ბუზთა ბატონზე
ის წიგნები, რომლებიც სკოლაში ან სასკოლო ასაკში წავიკითხეთ, ახალ თაობებსა და აუდიტორიებს ამჯერად ეკრანიზაციებით წვდება, ამის უახლესი მაგალითი კი უილიამ გოლდინგის დისტოპიური რომანი ბუზთა ბატონი გახდა. მისი პირველი გამოცემიდან უკვე 70 წელზე მეტი გავიდა, თუმცა წელს ამ რომანის პირველი სატელევიზიო ადაპტაცია ვიხილეთ.
რა არის ბუზთა ბატონი? და რა გავლენა ჰქონდა მას პოპულარულ კულტურაზე?
ქვემოთ BBC Bitesize უფრო ახლოდან განიხილავს ამ ცნობილ წიგნს და მის დაბრუნებას ჩვენს ეკრანებზე.
რა არის ბუზთა ბატონი?
ფოტო სერიალის გადასაღები მოედნიდან
ფოტო: BBC/Eleven/J Redza
თუ ბუზთა ბატონი არ წაგიკითხავთ ან მისი სიუჟეტის შესახებ ბევრი არ გსმენიათ, არ ინერვიულოთ, ეს სტატია დაგეხმარებათ. წიგნში ბევრი რამაა განსახილველი: სიუჟეტი, პერსონაჟები და მთავარი თემები, თუმცა ძირითადი ამბავი მოგვითხრობს სკოლის ასაკის ბიჭების ჯგუფზე, რომლებიც ავიაკატასტროფის შემდეგ უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდებიან.
რადგან მათ გარშემო არ არიან ზრდასრულები, რომლებიც დაიცავენ ან წესრიგს უზრუნველყოფენ, ბიჭები თავად ცდილობენ შექმნან ორგანიზებული საზოგადოება, მაგრამ ეს მცდელობა ქაოსში გადაიზრდება. ის, რაც თავიდან სამოთხის მსგავსი თავგადასავალი ჩანს, უცნობ ტერიტორიაზე ძალაუფლებისთვის ბრძოლად გადაიქცევა, რაც საბოლოოდ ძალადობით და ტრაგედიით სრულდება.
ვინ დაწერა ბუზთა ბატონი და როდის გამოიცა პირველად?
უილიამ გოლდინგი
ფოტო: BBC
ბუზთა ბატონი ლიტერატურული ფენომენია, რომელიც ბრიტანელმა მწერალმა უილიამ გოლდინგმა დაწერა და პირველად 1954 წელს გამოიცა. გოლდინგი 1911 წელს კორნუოლში დაიბადა. მის სადებიუტო რომანს თავდაპირველად სხვა სახელი ერქვა, თუმცა გამომცემლობამ ვარიანტები შესთავაზა და საბოლოოდ Lord of the Flies (ბუზთა ბატონი) შეირჩა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოქვეყნებული რომანის წერისას გოლდინგს უკვე ჰქონდა ადამიანური სისასტიკის გამოცდილება, ომის დროს ის სამეფო საზღვაო ძალებში მსახურობდა. ომამდე და ომის კი სკოლის მასწავლებელი იყო, რაც მას ახალგაზრდების ბუნებისა და ხასიათის უკეთ გაგებაში დაეხმარა, და ეს პერსონაჟების შექმნაშიც აისახა.
გოლდინგმა ასევე დაწერა სხვა ცნობილი ნაწარმოებები, როგორიცაა The Inheritors და Rites of Passage. მან სიცოცხლეშივე მიიღო ბუკერის პრემია და ნობელის პრემია ლიტერატურაში, ხოლო 1988 წელს დედოფალმა ელისაბედ მეორემ რაინდის ტიტულიც მიანიჭა.
გოლდინგი 1993 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი ნამუშევრებს დღემდე უამრავი მკითხველი ჰყავს და ბუზთა ბატონი ათწლეულების განმავლობაში ინგლისური ენის სასწავლო პროგრამის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტექსტად რჩება.
წიგნი ქართულადაც არის ნათარგმნი, პირველად ბუზთა ბატონი 1986 წელს გივი გაჩეჩილაძემ თარგმნა და "მსოფლიო კლასიკის" სერიაში გამოიცა, ახლახან კი, ბუზთა ბატონი, 2022 წელს, ნინო ქაჯაიას თარგმანით, სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.
ბუზთა ბატონი ქართულ ენაზე, 2022
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
რა არის ბუზთა ბატონის მთავარი თემები?
ლონდონში, Regent’s Park-ის ღია თეატრში დადგმული ბუზთა ბატონის სცენიდან კადრი, სადაც ბიჭები ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნანგრევების გარშემო დგანან
ფოტო: BBC
ბუზთა ბატონი თაობების განმავლობაში ისწავლება და მასში მრავალი მთავარი თემა და სიმბოლიზმია.
წიგნის ცენტრში დგას ცივილიზაცია, ადამიანური ბუნება და ბოროტების უნარი. კუნძულზე განვითარებული მოვლენები ბიჭებს ძალადობრივ მონადირეებად აქცევს და ისინი ერთმანეთის მიმართ სისასტიკეს იჩენენ. პერსონაჟები ბავშურობას კარგავენ, ხოლო ტექსტი სვამს კითხვას: არის თუ არა ბოროტება ადამიანის ბუნებრივი ნაწილი?
ასევე მნიშვნელოვანი თემაა ძალაუფლება და ლიდერობა: როცა ბიჭები უკაცრიელ კუნძულზე ხვდებიან, არ არსებობს წესრიგი და კონტროლის სისტემა. ისინი გარემოს მართვას და საზოგადოების ორგანიზებას ცდილობენ, თუმცა ეს მცდელობა ქაოსით მთავრდება.
კუნძულიც ერთგვარი სიმბოლოა, ზოგ მომენტში ის სამოთხედ გამოიყურება, ზოგში კი საფრთხის წყაროა.
1954 წელს ასევე გამოიცა ჯ. რ. რ. ტოლკინის ბეჭდების მბრძანებლის პირველი ნაწილები — ბეჭდის საძმო და ორი კოშკი, თუმცა ბუზთა ბატონის თემები (ახალგაზრდების სისასტიკე და ცივილიზაციის ნგრევა) თანამედროვე დისტოპიურ ნაწარმოებებშიც გვხვდება, მაგალითად სიუზან კოლინზის შიმშილის თამაშებში და ალექს გარლანდის პლაჟში.
ბუზთა ბატონის სხვა ეკრანიზაციები
BBC-ის სერიალის გადასაღები მოედანი
ფოტო: BBC/Eleven/J Redza
2026 წლის სერიალი პირველი შემთხვევაა, როცა ბუზთა ბატონი ტელევიზიაში გადაინაცვლებს, თუმცა ეს არ არის წიგნის პირველი ეკრანიზაცია. წლების განმავლობაში რამდენიმე ფილმი გადაიღეს, რომლებიც ორიგინალურ ტექსტთან სხვადასხვაგვარად იყო ახლოს.
1963 წელს გამოვიდა პირველი ფილმი, რომლის რეჟისორი პიტერ ბრუკი იყო და მთავარ როლში ჯეიმს ობრი თამაშობდა. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, 1990 წელს გამოვიდა მეორე, ამერიკული ადაპტაცია, რეჟისორ ჰარი ჰუკისგან.
1954 წლის რომანი ასევე გადაიღეს ფილიპინებში 1975 წელს, ფილმს Alkitrang Dugo ერქვა და მასში, განსხვავებით ორიგინალისგან, ქალი პერსონაჟებიც მონაწილეობდნენ.
რა გავლენა ჰქონდა ბუზთა ბატონს სხვა ნამუშევრებზე?
ჯეი ჯეი აბრამსისა და სტივენ კინგის Castle Rock-ის მეორე სეზონის მსოფლიო პრემიერა
ფოტო: BBC
გამოქვეყნების შემდეგ ბუზთა ბატონს კინოსა და მუსიკაზე დიდი გავლენა ჰქონდა. უილიამ გოლდინგის ოფიციალური ვებგვერდი მრავალ ნამუშევარს ასახელებს, რომელიც მისი მემკვიდრეობით არის შთაგონებული.
მუსიკაში ამავე სახელწოდების სიმღერა აქვს Iron Maiden-ს, რომელიც შევიდა 1995 წლის ალბომში The X Factor. ასევე, გოლდინგის რომანს ეხებიან ჯგუფები: U2 და Panic! At The Disco.
ანიმაციურ სერიალ სიმპსონების 1998 წლის ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია ბუზთა ბატონის სიუჟეტის პაროდიული ვერსია, სადაც ექსკურსიაზე წასული ბავშვები მსგავს როლებში აღმოჩნდებიან. მსგავსი შემთხვევებია სპანჯბობსა და South Park-შიც.
ბუზთა ბატონი ხშირად მოიხსენიება სტივენ კინგის სამყაროზე გავლენის მქონედ, მისი გამოგონილი ქალაქი Castle Rock პირველად 1979 წლის რომანში გამოჩნდა და მოგვიანებით სატელევიზიო ადაპტაციის სახელიც გახდა. გოლდინგის წიგნში კი Castle Rock მთის ბანაკის სახელია.
გადარჩენილებზე მსგავსი ნარატივი გვხვდება სერიალ Lost-ში და რეალითი შოუებში, როგორიცაა Survivor და The Island with Bear Grylls.
ვინ თამაშობს ახალ სერიალში?
სერიალის სპეციალური ჩვენების ფოტო, მსახიობებთან და შემქმნელებთან ერთად
ფოტო: BBC
ახალ სერიალში 30-ზე მეტი ბიჭი მონაწილეობს, რომელთაგან ბევრისთვის ეს პირველი პროფესიული როლია. უინსტონ სოიერსი თამაშობს რალფს, ლოქს პრატი (HBO-ს ახალ ჰარი პოტერის სერიალში, დრაკო მალფოის როლის შემსრულებელი), ჯეკს, დევიდ მაკენა პიგის, ხოლო აიკ ტალბუტი — საიმონს.
ოთხივე ეპიზოდს ერთ-ერთი ამ ოთხი პერსონაჟის სახელი ჰქვია. სხვა პერსონაჟებს შორის არიან თომას კონორი (როჯერი), ნოა და კასიუს ფლემინგები (ტყუპები სემი და ერიკი), კორნელიუს ბრენდრეთი (მორისი) და ტომ პეიჯ-ტერნერი (ბილი).
როდის გამოდის ახალი სერიალი?
ჯეკ თორნი, უინსტონ სოიერსი, აიკ ტალბუტი, ლოქს პრატი, მარკ მუნდენი და ჯოელ უილსონი ესწრებიან BBC-ის ბუზთა ბატონის სპეციალურ ჩვენებას
ფოტო: BBC
2026 წლის სერიალის რეჟისორია მარკ მუნდენი, ხოლო სცენარი ჯეკ თორნს ეკუთვნის, რომელიც ცნობილია პროექტებით: Adolescence, Enola Holmes და His Dark Materials. სერიალი მალაიზიასა და დიდ ბრიტანეთში გადაიღეს და ის უფრო ღრმად შედის წიგნის თემებში. პროექტი შექმნილია გოლდინგის ოჯახის მხარდაჭერით.
ოთხივე ეპიზოდი 8 თებერვლიდან BBC iPlayer-ზეა ხელმისაწვდომი, აშშ-ში გასაშვებად სერიალზე უფლებები შეიძინა ასევე Netflix-მა. ჯერ უცნობია, როდის გამოვა სერიალი ქართველი მაყურებლისთვის.
ნახეთ სერიალის ოფიციალური ტრეილერი:
მსგავსი სტატიები:
კომენტარები