EgyptAir-ის სამგზავრო თვითმფრინავ Airbus a320-თან დაკავშირებული ახალი დეტალებიდან ირკვევა, რომ ავიალაინერის სალონში, კატასტროფიდან სულ რამდენიმე წუთით ადრე, კვამლის დეტექტორი ამუშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

თუმცა აღნიშნული სიგნალების ამუშავება არ ნიშნავს აუცილებლად, რომ თვითმფრინავზე ცეცხლი ნამდვილად გაჩნდა ან კვამლის დეტექტორის ამუშავების შესახებ ეკიპაჟის წევრებმა იცოდნენ, რადგან აღნიშნული სიგნალები ავტომატურად გადაიცემა. ამასთან, ამ დრომდე ყველაზე მნიშვნელოვანი, ე.წ. შავი ყუთი, რომელიც ხმოვან ჩანაწერებს ინახავს, ჯერ კიდევ ვერ იპოვეს.

ეგვიპტის ხელისუფლება ეჭვობს, რომ აღნიშნული კატასტროფა ტერორისტულ აქტს უკავშირდება, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია.

EgyptAir-ის სამგზავრო თვითმფრინავი Airbus a320, რეისის ნომრით MS804, რომლის ბორტზეც 69 ადამიანი იმყოფებოდა და ასრულებდა რეისს პარიზიდან კაირომდე, რადარებიდან 18 მაისს გაქრა. 19 მაისს ეგვიპტელმა სამხედროებმა გაუჩინარებული რეისის ნამსხვრევები ხმელთაშუა ზღვაში იპოვეს.