ბათუმში საპყრობილეში არსებული პირობების გასაპროტესტებლად პატიმრებმა თვითდაზიანებები მიიყენეს და ერთმანეთს ხელებით გადაებენ. ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატი, თეონა ნიკოლაიშვილი რუსთავი 2-თან საუბრისას ამბობს, რომ პატიმრები ამ მდგომარეობაში 30 მარტიდან არიან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე თვითდაზიანებების მიყენების ფაქტს ადასტურებს. ჟურნალისტებთან საუბრისას ის ამბობს, რომ პატიმრებმა მიზეზად წყლის მიწოდების შეწყვეტა და დეესკალაციის საკნებში ვინტილაციის პრობლემა დაასახელეს.

როგორც ანანიძე განმარტავს, წყალი იმ დასახლებაში რამდენიმე საათით მართლა წყდება და ამის მიზეზი რეზერვუარების შევსებაა. რაც შეეხება ვინტილაციის საკითხს, ანანიძის თქმით, პატიმრები ამბობენ, რომ დეესკალაციის საკნებში ვინტილაციის სისტემა გაუმართავია.

პენიტენციურ სამსახურში პატიმრების საჩივარში მოყვანილ ბრალდებებს უარყოფენ. მათი თქმით, წყალმომარაგება ციხეს უკეთესი აქვს ვიდრე იმავე დასახლებაში მოსახლეობას, რადგან დაწესებულება რეზერვუარებითაც მარაგდება. მათივე თქმით, გამართულია ვინტილაციის სისტემაც.

"უსაფუძვლოა განცხადება, რომ უსაფრთხო საკნებში ვენტილაციის პრობლემა არსებობს, რადგან ამ საკნების ვენტილაცია 24 საათიან რეჟიმში, უწყვეტად ხორციელდება. რაც შეეხება, მთლიანად დაწესებულების ვენტილაციას, იმისათვის, რომ სავენტილაციო მოწყობილობა არ გადაიწვას, ღამით მხოლოდ 2 საათით ხდება ვენტილაციის გამორთვა. ესეც იმ საკნებში, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ვენტილაციის საშუალება, ანუ სადაც შესაძლებელია ფანჯრის გახსნადა საკნების ბუნებრივად განიავება", — აცხადებენ უწყებაში.

პენიტენციურში განმარტავენ, რომ პატიმრები აგრესიულები არიან და შეურაცხყოფას აყენებენ დაწესებულების თანამშრომლებს. გარდა ამისა, მათი თქმით, ისინი აზიანებდნენ საკანში ნივთებს რის გამოც არაერთხელ მოხვდნენ სამარტოო საკანში. უწყების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.