თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, თვალჭრელიძის ქუჩის დასაწყისში საავტომობილო გზის გასწვრივ წყლის უზარმაზარი გუბე დგას.

On.ge-ს მოქალაქემ ადგილზე არსებული ვითარების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა მიაწოდა. იგი ჰყვება, რომ ადგილზე კანალიზაციის სუნი დგას. მისივე ინფორმაციით, გზატკეცილზე ასეთი მდგომარეობა დაახლოებით ორი კვირაა გრძელდება, ქვემოთ კი მიწისქვეშა გადასასვლელია, სადაც წყალი ჟონავს.

ფოტო: ნიკა ნაჭყეპია

საკითხის გასარკვევად On.ge დაუკავშირდა თბილისის მერიასა და Georgian Water and Power-ს. კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მიზეზების დასადგენად ადგილზე ტექნიკურ ჯგუფს გაუშვებენ.

თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ გზატკეცილის აღნიშნულ მონაკვეთზე გადის კანალიზაციის დიდი ქსელი, რომელიც მწყობრიდან გამოსულია. მათივე ცნობით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში იგეგმება კომუნიკაციის მთლიანად შეცვლა.