ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) პრეზიდენტთა საბჭომ რუს სპორტსმენებს 2026 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ასპარეზობა აუკრძალა. FIDE-ს გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის (RCF) ვიცეპრეზიდენტმა განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

TASS-თან ინტერვიუში RCF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრ ტკაჩოვმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება FIDE-ს მოქმედი პრეზიდენტის, ვიშვანათან ანანდის "წაქეზებით" მიიღეს. ანანდს მხარი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა.

რუსეთის ყოფილმა ვიცეპრემიერმა, დვორკოვიჩმა ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრის შემდეგ, ივლისში ნებაყოფლობით შეაჩერა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება. ორგანიზაციის საბჭოს 23 აგვისტოს შეხვედრამდე მან TASS-ს განუცხადა, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აღარ მონაწილეობს.

Deutsche Welle წერს, რომ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა უზბეკეთში, სამარყანდში, 16-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლიდან მოყოლებული, რუსეთის ნაკრებები აღნიშნულ ტურნირზე არ ასპარეზობენ.