10 აგვისტოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ქართული ოცნების მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდრავა გამოიკითხა.

ხაინდრავა აფხაზეთის ომის წლებში აფხაზეთის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო.

ხაინდრავამ ბარამიძეს "გარეწარი" უწოდა და აღნიშნა, რომ მან მცდარი ინფორმაცია გაავრცელა იმ ფონზე, როდესაც მხარეებს შორის "შერიგების კონტურები გამოიკვეთა".

"მე ომის დროს აფხაზეთში სახელმწიფო მინისტრი ვიყავი. მსგავსი არაფერი ყოფილა და ამის დამადასტურებელი საბუთებიც მაქვს. თან მაქვს მეხსიერების ბარათი („ფლეშკა“), რომელიც ახლა პროკურატურაში მიმაქვს — მასზე ნათლად არის ასახული აფხაზი ტყვეების გადაცემა აფხაზური მხარისთვის.

კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ ბარამიძე არის გარეწარი, ისევე როგორც სააკაშვილი — რომელსაც აფხაზეთში არანაირი შეხება არ ჰქონია და თურმე ბარამიძესთან ერთად დადიოდა ტყვეების გამოსახსნელად — თავიდან ბოლომდე სიცრუეა.

სწორედ იმ დროს, როდესაც გაჩნდა კონტურები იმისა, რომ ჩვენ შორის შეიძლება შერიგება მოხდეს, ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს,“ — განაცხადა ხაინდრავამ.

რა განაცხადა გიორგი ბარამიძემ?

7 აგვისტოს პროკურატურამ იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემა "საქართველოს დაბადებაში" გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომსა და ტყვეთა გაცვლის პროცესზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაიწყო.

ბარამიძემ გადაცემაში განაცხადა, რომ საქართველოს ტყვეები არ ჰყავდა, რადგან მათ ხვრეტდნენ. ბარამიძის განმარტებით, მისი აფხაზეთში ჩასვლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა და აღნიშნა, "რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან".

მოგვიანებით ბარამიძემ განაცხადა, რომ მძიმე პროცესების აღწერისას "სხვა სიტყვების გამოყენება აჯობებდა".

ბარამიძემ "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში განმარტა, რომ პროპაგანდისტულმა მედიებმა მისი ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს. მისი თქმით, სიცრუეა მოსაზრება, თითქოს მან თქვა, რომ საქართველო ტყვეებს აყვანდა და ხვრეტდა.

"არასდროს მითქვამს, რომ ჩვენები ხელებაწეულს ან დატყვევებულს "ხვრეტდნენ", ეგ არასდროს მინახავს და არც რაიმე ფაქტი ვიცი," — განაცხადა ბარამიძემ.