ყოფილი ქუჩის დაჯგუფების ლიდერის, დუეინ დევისის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო. დევისს ბრალად ედება ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი ვარსკვლავის, თუფაქ შაკურის მკვლელობის დაგეგმვა.

63 წლის დუეინ დევისს იმ ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავებიან, რომელმაც 1996 წელს ავტომობილიდან სროლის შედეგად მოკლა 25 წლის თუფაქი. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მას შეწყალების უფლების გარეშე სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

დუეინ დევისი

დუეინ დევისი

ფოტო: Reuters

2023 წელს დევისის დაკავების შემდეგ, პოლიციამ განაცხადა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა ეჭვმიტანილად, თუმცა გამომძიებლებს ბრალის წარსადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნდათ, სანამ დევისმა საკუთარი თავის მხილება საჯარო განცხადებებში არ დაიწყო.

სასამართლო პროცესი ლას-ვეგასის ცენტრალურ სასამართლოში დაახლოებით 5 კვირამდე გაგრძელდება. შაკურის ბიძაშვილმა, უილიამ ლესეინმა განაცხადა, რომ ეს სასამართლო პროცესი მისი ოჯახის 30-წლიანი მწუხარებისა და ტრავმის კულმინაციაა.

თუფაქის მკვლელობა, როგორც ვარაუდობენ, ლოს-ანჯელესის ორ ქუჩის დაჯგუფებას შორის არსებულ დაპირისპირებას მოჰყვა — დევისმა შური იძია თუფაქისა და მისი დაჯგუფების მიერ დევისის ბიძაშვილზე ძალადობის გამო.

თუფაქ შაკური

თუფაქ შაკური

ფოტო: Billboard

სამართალდამცავთა თქმით, დევისმა იარაღი უკანა სავარძელზე მსხდომ ორ კაცს გადასცა, რომლებმაც შაკურის მანქანასთან მიახლოებისას ცეცხლი გახსნეს. თუფაქს 4 ტყვია მოხვდა და 6 დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მკვლელობის გამოძიება თითქმის 30 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, თუმცა საქმე 2018 წელს განახლდა, მას შემდეგ, რაც დევისმა საჯაროდ დაიწყო საუბარი მკვლელობაში საკუთარ როლზე. პოლიციის ცნობით, ინტერვიუებსა და მემუარებში დევისმა აღნიშნა, რომ ის მანქანის წინა სამგზავრო სავარძელზე იჯდა და იარაღი უკან მჯდომ ერთ-ერთ კაცს გადასცა.

არც დევისს და არც პოლიციას არ უთქვამს, უშუალოდ ვინ ესროლა შაკურს, თუმცა მანქანაში დევისთან ერთად მყოფი სამივე კაცი უკვე გარდაცვლილია.

ფოტო: NBC News

ნევადის შტატის კანონმდებლობის თანახმად, დევისს შესაძლოა მკვლელობის ბრალდება წარედგინოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას უშუალოდ სასხლეტისთვის თითი არ გამოუკრავს, მაგრამ დანაშაულში მონაწილეობდა.