ადამიანის უფლებათა ცენტრი არჩევნების მიმდინარეობისას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტებს ეხმაურება:

"დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი მხარდამჭერებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში, საარჩევნო უბანთან ახლოს არის გადაღებული. დიმიტრი შაშკინი ადასტურებს, რომ სოფელ ტალავერში დღეს იარაღით ნამდვილად გადაადგილდებოდა, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს, რომ ეს საარჩევნო უბანზე ხდებოდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმაც. მისი განცხადებით, ისიც იარაღით გადაადგილდება და დიმიტრი შაშკინსაც, რომელიც დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილდებოდა, ასევე აქვს იარაღის ტარების უფლება აქვს".

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, პირს ჰქონდეს, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, იარაღის ტარების უფლება, მსგავსი ფაქტები სერიოზულ ჩრდილს მიაყენებს მშვიდობიან საარჩევნო გარემოს და გააჩენს ეჭვებს, რომ პოლიტიკური სუბიექტების ინტერესია, ამომრჩევლების თავისუფალ ნებაზე მოახდინონ ზეგავლენა, რაც უფრო მეტად მსუსხავი ეფექტის მქონე შეიძლება იყოს უშუალოდ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნისა და საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე გადაადგილებისას. გარდა ამისა, მართალია, ეს პრაქტიკა (თუ პირი იარაღით უშუალოდ საარჩევნო უბანზე არ იმყოფება), კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს, უჩენს კონტროლის განცდას და უზღუდავს დამოუკიდებელ და თავისუფალ არჩევანს.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრის თქმით, სწორედ ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის პრევენციისათვის, მოქმედი რეგულაციით, პოლიციის და, ზოგადად, შეიარაღებული პირების ყოფნა, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დაშვებული კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა კენჭისყრის შენობაში. ასევე, პოლიციის მუშაკები შეიძლება, იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სრულიად აუცილებელი იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის ან დაცვის მიზნით. სხვა ყველა შემთხვევაში, საარჩევნო უბანზეც და უბანთან ახლოს შეიარაღებულ პირთა ყოფნა აკრძალულია და აკრძალვის მიზანს სწორედ იმ მსუსხავი ეფექტის თავიდან აცილება წარმოადგენს, რომელსაც ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია — ამბობენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ცენტრი ყურადღებას ამახვილებს საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალ კვალიფიკაციაზე:

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა მიერ იდენტიფიცირებული დარღვევების დიდი ნაწილი მიანიშნებს, რომ უმეტესწილად ეს დარღვევები გამოწვეულია საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ბოლო წლებში საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის", — ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

მათივე თქმით, შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება ზოგიერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდა შესწორება და საარჩევნო უბნის მიმდებარედ 25 მეტრის რადიუსში აიკრძალა პარტიათა კოორდინატორების ყოფნა, ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშში კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახავს საარჩევნო უბნების მიმდებარედ, როგორც ამ 25-მეტრიან რადიუსში, ისე მის გარეთ, საარჩევნო უბნის სიახლოვეს, საარჩევნო სუბიექტების, განსაკუთრებული ოდენობით კი - მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" კოორდინატორების მობილიზებას. ადამიანის უფლებათა ცენტრის თქმით, ისინი აღწერენ მოსულ ამომრჩევლებს, ნიშნავენ თავიანთ სიებში, ესაუბრებიან და ზოგჯერ ამ საუბარს აგიტაციის ფორმა აქვს. მსგავსი ფაქტები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას.

15:00 საათის მონაცემებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაარეგისტრირეს 10 საჩივარი და 40-მდე შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში.