"სამართლიანი არჩევნების" მიერ, 11:00-სთვის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. თუმცა, ოთხ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს შეეზღუდათ საარჩევნო უბანზე შესვლა.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ამომრჩევლები საარჩევნო კაბინიდან გახსნილი ბიულეტენებით გამოდიოდნენ, ისე რომ უბანზე მყოფ პირებს შეეძლოთ დაენახათ მათი არჩევანი.

ცალკეულ საარჩევნო უბნებზე ადგილი ჰქონდა COVID-19-ის რეგულაციების დარღვევას. კერძოდ, ამომრჩევლებს რეგისტრატორი ან ნაკადის მომწესრიგებელი საბუთის წარდგენისას არ ახსნევინებდა პირბადეს. ასევე, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა წილისყრის წესის დარღვევას და ფუნქციების თვითნებურად განაწილებას.

კვლავ პრობლემად რჩება საარჩევნო უბნების მიმდებარედ ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. აღნიშნულს "სამართლიანი არჩევნები" განიხილავს, როგორც ამომრჩეველზე ზეწოლას და მისი ნების კონტროლს.

ამ დროისათვის "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 10 საჩივარი, 6 საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიებში და 14 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

დღეს 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ტარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია, ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება.

ისტორიაში პირველად, არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება.

გაიგეთ მეტი არჩევნებზე: