მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
ფოტო: Armadillo et al.; Futurism; Shutterstock
მკვლევრებმა ანტარქტიდის ყინულის საფარქვეშ (3 კმ სიღრმეზე) გეოლოგიური სტრუქტურა აღმოაჩინეს.
ახალი ნაშრომის თანახმად, ეს უზარმაზარი სტრუქტურა უკვე ცნობილი რამდენიმე მყინვარული რელიეფური ფორმისგან შედგება. მათ შორისაა ავრორასა და უილკსის მყინვარქვეშა აუზის რეგიონები (აღმოსავლეთ ანტარქტიდა) და ვოსტოკის ტბა, რომელიც დედამიწაზე ყველაზე დიდი მყინვარქვეშა ტბაა. ამ ფორმებს ცალ-ცალკე უკვე მრავალი წელია იკვლევენ, თუმცა ისინი აქამდე ერთი მთლიანობის ნაწილად არავის შეუსწავლია.
ახალაღმოჩენილ სტრუქტურას აღმოსავლეთ ანტარქტიდის მარაოსებრი აუზის პროვინცია უწოდეს. საკითხის შესახებ დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო, თუმცა ამ სტრუქტურის წარმოშობის შესწავლამ შეიძლება უკეთ აგვიხსნას, თუ როგორ წარმოიშვა თავად ეს კონტინენტი და როგორ უკავშირდება მისი 3 ძირითადი მყინვარული საფარი კლიმატის ცვლილებას.
ამ სტრუქტურის მოდელის შესაქმნელად მეცნიერებმა სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემები გააერთიანეს, მათ შორის, გეოლოგიური დაკვირვებებიდან, მაგნიტური მონაცემებიდან და დედამიწის ქერქის მოდელებიდან.
ამ მონაცემების შეკრებით მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ აღნიშნული გეოლოგიური სტრუქტურა განაწილებული ბრუნვითი გაფართოების პროცესით უნდა ჩამოყალიბებულიყო. ამ დროს კონტინენტური ქერქი ცენტრალური წერტილიდან გარე მიმართულებით ნელ-ნელა ფართოვდება. ეს პროცესი მილიონობით წლის განმავლობაში გრძელდება.
ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ სტრუქტურის გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია. მიზეზი ისაა, რომ ეს აუზები აღმოსავლეთ ანტარქტიდის მყინვარული საფარის დაახლოებით ნახევრის ქვეშაა, რაც ყინულის დინებისა და ლანდშაფტის ევოლუციაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს.
კვლევა გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები