ჟურნალისტ გიორგი ცხვიტავას პოდკასტში კონფლიქტების მკვლევარმა და ანალიტიკოსმა მამუკა კომახიამ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, რუსეთის პოლიტიკასა და 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებულ ახალ შეთანხმებაზე ისაუბრა.

კომახიას შეფასებით, ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კრემლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ახალ სტრატეგიას ატარებს, რომლის მიზანიც ამ რეგიონების რუსულ პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ სისტემებში კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციაა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ 9 მაისს გაფორმებული შეთანხმება სწორედ ამ პროცესის ნაწილია და შესაძლოა მომავალში ცხინვალის რეგიონის ფორმალური ანექსიისთვისაც მოამზადოს ნიადაგი.

ინტერვიუს დასაწყისში გიორგი ცხვიტავამ მამუკა კომახიას სთხოვა განემარტა, თუ რატომ მიიჩნევს 9 მაისს გაფორმებულ შეთანხმებას განსაკუთრებულად მნიშვნელოვან დოკუმენტად.

კომახიას თქმით, შეთანხმება მნიშვნელოვნად განსხვავდება 2015 წელს გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმებისგან. მისი შეფასებით, ახალ დოკუმენტში ბევრი საკითხი უფრო კონკრეტულად და პირდაპირ არის გაწერილი, რაც მოსკოვის მხრიდან კონტროლის გაძლიერების სურვილზე მიუთითებს.

როგორც ანალიტიკოსმა განაცხადა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მუხლი, რომელიც ე.წ. ცხოვრების ცენზის გაუქმებას ეხება. აქამდე დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატს რეგიონში გარკვეული დროის განმავლობაში უნდა ეცხოვრა, თუმცა ახალი წესებით ეს ბარიერი ფაქტობრივად იხსნება. მისი თქმით, მოსკოვმა უკვე დაიწყო შესაბამისი საკადრო პოლიტიკის განხორციელება.

"2027 წელს ცხინვალის რეგიონში არის მორიგი არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები და ეს ბარიერი შეიძლება მოიხსნას იმიტომ, რომ, ვთქვათ, რომელიმე რუსეთის მოქალაქე და მივლენილი კადრი დაინიშნოს მომავალ დეფაქტო პრეზიდენტად, რომელიც, ჩვეულებრივ გუბერნატორის როლს შეასრულებს,," — განაცხადა მან.

საუბრისას კომახია შეეხო 27 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებასაც, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. სახელმწიფო მრჩევლად მარატ კაბოლოვი დანიშნა.

ანალიტიკოსის თქმით, კაბოლოვი რუსეთის ფედერალურ სტრუქტურებში გავლენიანი ფიგურაა, რომელიც წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა და მჭიდრო კავშირები აქვს როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილე სერგეი კირიენკოსთან, ისე რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან.

კომახიას შეფასებით, მისი დანიშვნა შემთხვევითი არ არის და მოსკოვის მხრიდან ცხინვალზე კონტროლის გამკაცრების კიდევ ერთ მანიშნებელი უნდა გახდეს.

"დღეს უკვე აშკარად ჩანს, რომ კრემლი აღარ კმაყოფილდება მხოლოდ ფინანსური კონტროლით. მას სურს უშუალოდ მართავდეს პროცესებს და გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები საკუთარ ხელში გადაიტანოს. კაბოლოვის დანიშვნაც სწორედ ამ პროცესის ნაწილია," — აღნიშნა მან.

აქვე, გიორგი ცხვიტავასთან საუბრისას მამუკა კომახიამ რამდენჯერმე გაუსვა ხაზი სერგეი კირიენკოს როლს. მისი თქმით, კირიენკოს დანიშვნის შემდეგ ოკუპირებულ რეგიონებში მოსკოვის პოლიტიკა შესამჩნევად შეიცვალა.

"2025 წლის იანვრიდან სერგეი კირიენკო გახდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი. მისი დანიშვნის შემდეგ რაღაც ვითარება შეიცვალა ამ რეგიონებში. უფრო მკაცრი ხელი დაეტყო. თუ ადრე კრემლი ადგილობრივ ელიტებს მეტ თავისუფლებას აძლევდა, ახლა ცდილობს ყველაფერი უშუალო კონტროლის ქვეშ მოაქციოს," — თქვა მან.

კომახიას თქმით, სწორედ კირიენკოს პერიოდში გაიზარდა მოსკოვის პირდაპირი ჩარევა როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის შიდა პოლიტიკურ პროცესებში.

ინტერვიუს ერთ-ერთ ნაწილში კომახიამ ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, რეგიონი ფაქტობრივად სრულად არის დამოკიდებული რუსეთზე და დამოუკიდებელი ფუნქციონირების რესურსი არ გააჩნია.

"თუ დღეს შევხედავთ ცხინვალის რეგიონს, სამხედრო კუთხით, ეკონომიკური კუთხით, საბიუჯეტო კუთხით, პრაქტიკულად სრულად არის დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე. მათი ბიუჯეტის დაახლოებით 90 პროცენტი რუსული ტრანსფერებით ფინანსდება. ენერგეტიკა, კომუნიკაციები, უსაფრთხოება — ყველაფერი რუსეთზეა მიბმული," — განაცხადა ანალიტიკოსმა.

მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ საუბარი ანექსიის მომავალ პერსპექტივაზე მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია და არა რეალური ინტეგრაციის, ვინაიდან ინტეგრაციის დიდი ნაწილი უკვე განხორციელებულია.

კომახიამ ყურადღება გაამახვილა კორუფციის პრობლემაზეც, რომელიც, მისი თქმით, ცხინვალის რეგიონში სისტემურ ხასიათს ატარებს.

მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსულმა აუდიტორმა სტრუქტურებმა გამოავლინეს შემთხვევები, როდესაც გარდაცვლილი ადამიანების სახელზე წლების განმავლობაში ირიცხებოდა რუსული პენსიები.

"აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი ადამიანების სახელზე ისევ გრძელდებოდა სოციალური დახმარებებისა და პენსიების ჩარიცხვა. ეს თანხები ნათესავებს მიჰქონდათ. ახლა მოსკოვი ამ თანხების დაბრუნებას ითხოვს, თუმცა რეალურად ეს ძალიან რთული იქნება," — აღნიშნა მან.

კომახიას შეფასებით, კრემლი მსგავს ნაბიჯებს მხოლოდ ფინანსური დისციპლინის დასამყარებლად არ დგამენ, მას ადგილობრივ ელიტებზე ზეწოლის ინსტრუმენტადაც იყენებენ.

ცხვიტავას შეკითხვაზე, თუ როგორ აისახა უკრაინის ომი ოკუპირებულ რეგიონებზე, კომახიამ განაცხადა, რომ ყველაზე მძიმე შედეგები ცხინვალის რეგიონში შეინიშნება.

მისი თქმით, უკრაინაში საბრძოლველად რეგიონიდან 2 000-დან 2 500-მდე ადამიანი წავიდა, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის გათვალისწინებით ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

"ღია წყაროებით დადასტურებულია 105-110 დაღუპული, მაგრამ რეალური ციფრი შესაძლოა უფრო დიდი იყოს. უნდა გავითვალისწინოთ უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც. 35-ათასიანი რეგიონისთვის ეს ძალიან მძიმე დემოგრაფიული დარტყმაა," — თქვა ანალიტიკოსმა.

კომახიას თქმით, აფხაზეთში ვითარება განსხვავებულია, ვინაიდან იქ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთთან ზედმეტ ინტეგრაციას სკეპტიკურად უყურებს.

"აფხაზეთის შემთხვევაში სულ სხვა განწყობაა. მათ უნდათ ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა, მაგრამ მეტი რუსეთი არ უნდათ. ცხინვალის რეგიონში კი წლების განმავლობაში სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება არსებობდა და ისინი ღიად აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანება იყო," — აღნიშნა მან.

ინტერვიუში საუბარი შეეხო აფხაზეთში მდებარე ოჩამჩირის პორტსაც, რომლის შესახებაც ბოლო წლებში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. კომახიას თქმით, მიუხედავად გავრცელებული ვარაუდებისა, პორტი ამ ეტაპზე სრულფასოვან სამხედრო ბაზად არ გამოიყენება და გაცილებით მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური დატვირთვა.

"რუსეთისთვის დღეს ნებისმიერი შავი ხვრელი მნიშვნელოვანია, საიდანაც შეიძლება სანქციების გვერდის ავლა. სწორედ ამიტომ ვითარდება ოჩამჩირის პორტი, შენდება ახალი ინფრასტრუქტურა და იზრდება ტვირთბრუნვა," — განაცხადა კომახიამ.

მისი თქმით, არსებობს მონაცემები, რომ პორტი გამოიყენება დონბასიდან გამოტანილი ქვანახშირის ტრანზიტისთვისაც.

ინტერვიუს დასასრულს კომახიამ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზეც ისაუბრა.

მისი შეფასებით, 9 მაისის შეთანხმებას თბილისის მხრიდან სათანადო პოლიტიკური რეაქცია არ მოჰყოლია.

"არც პარლამენტს, არც მთავრობას და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ შეთანხმებაზე მკაფიო პოლიტიკური შეფასება არ გაუკეთებია. ეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს," — თქვა მან.

კომახიას აზრით, მოსკოვის მოქმედებები შეიძლება საქართველოს ხელისუფლებისთვის კონკრეტულ გზავნილადაც განიხილებოდეს.

"შესაძლოა რუსეთის გზავნილი სწორედ ეს იყოს — თუ საქართველო აღარ გააგრძელებს ე.წ. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას და პროდასავლურ კურსს დაუბრუნდება, მაშინ ანექსიის ბერკეტი კიდევ უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული. ამავდროულად, უკრაინაში არსებული ვითარების ფონზე, პუტინს შეიძლება სჭირდებოდეს ისეთი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი, რომელსაც რუსეთის შიდა აუდიტორიას წარმატებად წარუდგენს," — განაცხადა ანალიტიკოსმა.

კომახიას შეფასებით, ბოლო თვეებში მიღებული გადაწყვეტილებები, საკადრო ცვლილებები და ახალი შეთანხმებები ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესებია, რომლის საფუძველზეც, როგორც ჩანს, მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობს. მისი აზრით, სწორედ ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს 9 მაისის შეთანხმებაც, რომელსაც ანალიტიკოსი რუსეთის მხრიდან ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად აფასებს.

სრული ინტერვიუ ნახეთ აქ: