რომის პაპმა მღვდლებს მოუწოდა, რომ ქადაგებების დასაწერად ხელოვნური ინტელექტი არ გამოიყენონ
ფოტო: Getty / Futurism
რომის ეპარქიის სამღვდელოების დახურულ სხდომაზე პაპმა ლეო XIV-მა მღვდლებს მოუწოდა, რომ ქადაგებების მოსამზადებლად ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება შეწყვიტონ. ინფორმაციას ამის შესახებ Vatican News ავრცელებს.
გადმოცემის თანახმად პაპის განცხადების შინაარსი შემდეგია: თუ ორგანიზმში არსებულ კუნთებს არ გავავარჯიშებთ, ისინი "მოკვდება". სწორედ ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ტვინიც, რათა გონებრივი შესაძლებლობები არ დაგვიქვეითდეს. ლეო XIV-მ ისიც დაამატა, რომ ქადაგების დაწერას რწმენის გაზიარება სჭირდება, რასაც AI ვერასდროს შეძლებს.
AI-ის გარდა პაპმა სამღვდელოება სოციალური მედიის საშიშროებებზეც გააფრთხილა, მაგალითად იმაზე, რომ დღესდღეობით ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელებში არსებულ გამომწერებსა და მოწონებებს ავთენტურ სულიერ კავშირად აღიქვამს.
ეს განცხადებები იმის ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ვატიკანს 2026 წლისთვის საკუთარი AI-ზე დაფუძნებული თარგმნის სისტემის შექმნა აქვს დაგეგმილი. ეს პროგრამა ლიტურგიულ ტექსტებს 60 სხვადასხვა ენაზე რეალურ დროში გადათარგმნის.
ისიც აღსანიშნავია, რომ AI-ხელსაწყოს შექმნა იმავე დღეს დააანონსეს, რა დღესაც პაპი შეხვდა სამღვდელოებას. ბევრი იმასაც უსვამს ხაზს, რომ რელიგიური ტექსტების მარტივად გასაგები ენით გადმოცემის იდეა არახალია, მაგალითად, საუკუნეების წინ ამას მარტინ ლუთერიც უჭერდა მხარს.
ასევე იხილეთ: სასამართლო მოიგო ქალმა, რომლის ადვოკატიც ChatGPT იყო
ცნობისთვის, მღვდლების გარდა ჩატბოტებს პროფესიული ტექსტების დასაწერად სხვა ბევრი სფეროს წარმომადგენელიც იყენებს, მათ შორის, იურისტები, მასწავლებლები და ექიმებიც კი.
კომენტარები