რა ხდება: კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპს, მომავალ წელს, შტატში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია. მიზეზად ასახელებს 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებში ტრამპის ჩართულობას, როდესაც მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.

  • ისინი არ აღიარებდნენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელშიც დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.
  • კოლორადოს სასამართლოს დადგენილების მიხედვით, დონალდ ტრამპს დარღვეული აქვს ამერიკის კონსტიტუციის მე-14 შესწორება და არ აქვს უფლება, პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავოს.

აშშ-ის კონსტიტუციაში, მეთოთხმეტე შესწორების მესამე პუნქტში წერია, რომ პირს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული ამბოხში, არ შეუძლია გახდეს მთავრობის წევრი.

საგულისხმოა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც კოლორადოს სასამართლომ მიიღო, მხოლოდ ამ შტატზე ვრცელდება, თუმცა ექსპერტების თქმით, გავლენა ექნება 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე.

  • ტრამპმა გადაწყვეტილებას ანტიდემოკრატიული უწოდა და აპირებს, გაასაჩივროს.
  • კოლორადოს სასამართლოს განჩინება 4 იანვრამდე, ქვეყნის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებამდე შეჩერდება.

საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკითხი 5 იანვრამდე უნდა მოგვარდეს, რადგან ეს არის კანონით დადგენილი ვადა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზისთვის კანდიდატების სიის დასადგენად.