"თუ საქართველოს ხელისუფლება არ არის ჩარეული ამ საქმეში, ეს ნიშნავს რომ იმდენად სუსტია, საერთოდ ვერ აკონტროლებს მის საზღვარს და მის შიგნით მყოფ ადამიანების უსაფრთხოებას", - ამის შესახებ რეგიონულ მაუწყებლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა ისაუბრა აზერბაიჯამელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის სოლიდარობის აქციაზე, რომელიც დღეს გაიმართა.

ნათია კუპრაშვილის თქმით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით, როგორი პასუხებიც არ უნდა გაავრცელონ ოფიციალურმა პირებმა, ეს ვერაფრით ვერ ჩაჯდება ვერც სამართლებრივ და ვერც მორალურ კატეგორიაში.

აფგან მუხტარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტია, რომელიც თავს თბილისს აფარებდა ოჯახთან ერთად. მისი ცოლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, აფგანი თბილისში, სოლოლაკის ტერიტორიიდან 29 მაისს დაიკარგა, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანშია დაპატიმრებული საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით. მუსტაფაევას თქმით, მას აინტერესებს, როგორ გადაკვეთა მუხტარლიმ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი მაშინ, როცა მისი პასპორტი თბილისში, სახლში ჰქონდა დატოვებული. თავად მუხტარლიმ აზერბაიჯანში ადვოკატს უთხრა, რომ ის ნაცემია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მათ გამოძიება ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყეს, თუმცა, ჯერ არ განუმარტავთ, როგორ აღმოჩნდა თბილისში დაკარგული ჟურნალისტი ბაქოს ციხეში. აფგან მუხტარლში ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილ პირებს საქართველოში საფრთხე ემუქრებათ, რადგან მათ თავშესაფარს არ აძლევენ და უკან, აზერბაიჯანში აბრუნებენ, სადაც წამება და მრავალწლიანი პატიმრობა ელოდებათ.