გიორგი კვირიკაშვილი GfK-ს მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 30,5% ქართულ ოცნებას, 28,2% ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს.

"ბევრი ასეთი კვლევა გვინახავს და შედეგები განსხვავებულია ხოლმე, ქართული ოცნება არჩევნებში ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს" - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კვირიკაშვილმა დასძინა, რომ ისინი 100-ზე მეტ ადგილს მიიღებენ პარლამენტში და მთავარი ისაა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და ასევე დემოკრატიულად შეაფასოს ის საერთაშორისო თანამეგობრობამ.

წინასაარჩევნო გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 2,200-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ.

კვლევა პირდაპირი გამოკითხვის გზით, 2016 წლის 7 ივნისიდან 22 ივნისამდე, ჩატარდა.

კვლევა GfK-ს რუსთავი 2-მა დაუკვეთა. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია "უპრეცედენტო სიზუსტითა" და "უმაღლესი სტანდარტით" გამოირჩევა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გამოკითხულთა შერჩევა ემყარებოდა შემთხვევითობის პრინციპს და ცდომილების ზღვარი შეადგენს პლუს ან მინუს 2.1 პროცენტს. გამოკითხულთა 77 % დათანხმდა ინტერვიუზე და კითხვარის შევსებაზე.