ჩვეულებრივ საუბარში მცირე პაუზები, "აა"-ები და "მმ"-ები, ასევე სიტყვის გაჭირვებით პოვნა, შესაძლოა, ბევრად მეტს ამჟღავნებდეს ტვინის მდგომარეობის შესახებ, ვიდრე ოდესმე გვიფიქრია. Baycrest-ის, University of Toronto-სა და York University-ის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ტიპის მეტყველების თავისებურებები მჭიდროდ უკავშირდება კოგნიტიურ კონტროლს — ტვინის სისტემას, რომელიც მეხსიერებაზე, დაგეგმვაზე, ყურადღებასა და მოქნილ აზროვნებაზეა პასუხისმგებელი.

ეს კვლევა მეტყველების ნიშნებსა და კოგნიტიურ შესაძლებლობებს შორის კავშირის შესახებ ამ დრომდე ერთ-ერთი ყველაზე მყარი მტკიცებულებაა. იგი ეყრდნობა უფრო ადრინდელ კვლევასაც, რომელმაც აჩვენა, რომ უფრო სწრაფად მოლაპარაკე ხანდაზმულ ადამიანებს დროთა განმავლობაში უფრო ძლიერი კოგნიტიური შესაძლებლობები ახასიათებთ.

"მესიჯი ნათელია: მეტყველების ტემპი და რიტმი მხოლოდ სტილის საკითხი არ არის — ეს ტვინის ჯანმრთელობის მგრძნობიარე ინდიკატორია", — ამბობს კვლევის უფროსი ავტორი, Rotman Research Institute-ის მეცნიერი დოქტორი ჯედ მელცერი.

კვლევა ორ ეტაპად ჩატარდა. პირველში 65-დან 75 წლამდე 67 მონაწილე იყო, მეორეში კი 18-დან 90 წლამდე 174 მონაწილე. კვლევის ყველა მონაწილეს დეტალური სურათები აჩვენეს და აღსაწერად 60 წამი მისცეს. პარალელურად, კვლევის მონაწილეებმა კოგნიტიური კონტროლის სტანდარტული ტესტებიც გაიარეს.

შემდეგ მეცნიერებმა მეტყველების ჩანაწერების სიღრმისეულად გასაანალიზებლად ხელოვნური ინტელექტი დაიხმარეს. სისტემამ ასობით წვრილი სიგნალი გამოავლინა: პაუზების სიხშირე და ხანგრძლივობა, შემავსებელი სიტყვების გამოყენება და მეტყველების დროსთან დაკავშირებული სხვა თავისებურებები. ეს მარკერები მონაწილეთა ასაკის, სქესისა და განათლების განსხვავების მიუხედავად, კოგნიტიური ტესტების შედეგებს სტაბილურად პროგნოზირებდა.

კვლევა პირდაპირ დემენციას არ სწავლობდა — მისი მიზანი იყო კოგნიტიური კონტროლის გაზომვა, რომელიც ასაკთან ერთად ბუნებრივად სუსტდება და დემენციის ადრეულ ეტაპზე, ხშირად, ყველაზე პირველი ზიანდება. სტანდარტული კოგნიტიური ტესტირების განმეორებით ხშირად ჩატარება რთულია, ის დროს მოითხოვს, და თანაც ადამიანებისთვის ტესტი ნელ-ნელა ნაცნობი ხდება და პასუხები ამის შედეგად უმჯობესდება.

მეტყველების ტესტმა შესაძლოა მარტივი ალტერნატივა შემოგვთავაზოს. ვინაიდან საუბარი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, მისი განმეორებითი ანალიზი ადვილად და შეუმჩნევლად შეიძლება. მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ტრადიციული ტესტების შეზღუდულ დროში ჩატარებისგან განსხვავებით, მეტყველება დამუშავების სიჩქარისა და საერთო კოგნიტიური ფუნქციის შესახებ ღირებულ ინფორმაციას რეალურ, ყოველდღიურ სიტუაციებში გვაძლევს.

"ეს კვლევა საფუძველს უყრის ისეთი ინსტრუმენტების შემუშავებას, რომლებიც კლინიკებში ან სახლში კოგნიტიური ცვლილებების თვალყურის დევნებაში დაგვეხმარება. ადრეული გამოვლენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი მკურნალობის ან ჩარევის შემთხვევაში, რადგან დემენცია ტვინის პროგრესული დეგენერაციაა, რომელიც შეიძლება შენელდეს", — ამბობს დოქტორი მელცერი.

მეცნიერებს გრძელვადიანი კვლევები სჭირდებათ, რათა დროთა განმავლობაში მეტყველების ცვლილებებს თვალყური ადევნონ და ჩვეულებრივი დაბერება დემენციის ყველაზე ადრეული სიგნალებისგან გაარჩიონ. მათი შეფასებით, მეტყველების ანალიზის ჯანმრთელობის სხვა მაჩვენებლებთან კომბინაციამ, შეიძლება, კოგნიტიური დაქვეითების გამოვლენა, კიდევ უფრო ზუსტი, პრაქტიკული და ხელმისაწვდომი გახადოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.