Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია
ფოტო: Getty Images: Enhanced/Bryan Steffy
ლას-ვეგასში პირველი Enhanced Games ჩატარდა, თუმცა დებატები ამ საკამათო შეჯიბრების გარშემო არ ცხრება — ღონისძიება მონაწილეებს ნებას რთავს, გამოიყენონ გამაძლიერებელი პრეპარატები (PED), რომლებიც გლობალურ სპორტში ფუნდამენტურად აკრძალულია.
Enhanced Games “მეცნიერებაზე, ტექნოლოგიასა და გაძლიერებაზე დაფუძნებული სპორტის ახალი მოდელის” სახით პოზიციონირებს. ოლიმპიური ფორმატის შეჯიბრი ცურვას, ათლეტიზმსა და ძალოსნობაში უზარმაზარ საპრიზო ფონდსა და ბონუსებს სთავაზობდა სპორტსმენებს, რომლებიც ოფიციალური მსოფლიო რეკორდების გადალახვას შეძლებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ "ზებუნებრივი" შედეგების შესაძლებლობის გარშემო ხმაური თვეობით არ ჩამცხრალა — პირველ შეჯიბრზე მხოლოდ ერთი არაოფიციალური მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა, ხოლო რამდენიმე სპორტსმენმა, ვინც ამტკიცებდა, რომ შეჯიბრზე აკრძალული საშუალებების გარეშე გამოვიდა "გაძლიერებულ" მეტოქეებს აჯობა.
Enhanced Games-ის პირველი ღონისძიება ლას-ვეგასში
ფოტო: Getty Images: Enhanced/Bryan Steffy
პირველი ღონისძიების შემდეგ "ოლიმპიური" ფორმატის შეჯიბრის აქციების ღირებულება თითქმის 45%-ით გაუფასურდა.
ყველაზე ღირსშესანიშნავი ამბავი მამაკაცთა 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში დაფიქსირდა, სადაც ბერძენმა მოცურავემ კრისტიან გკოლომეევმა 20.81 წამი აჩვენა — უფრო სწრაფი, ვიდრე ამ წელს ჩინეთის Open-ზე ავსტრალიელი მოცურავის, კამერონ მაქევოის მიერ დამყარებული ოფიციალურად აღიარებული მსოფლიო რეკორდი — 20.88 წამი.
გკოლომეევის მიერ PED-ისა და ახლა უკვე აკრძალული საცურაო კოსტუმის ტექნოლოგიის გამოყენებით მიღწეულ შედეგს, არც ერთი მთავარი საერთაშორისო ცურვის მმართველი ორგანო არ ცნობს.
კრისტიან გკოლომეევმა 50 მეტრ თავისუფალ სტილში ისტორიაში ყველაზე სწრაფი შედეგი აჩვენა — თუმცა მსოფლიო რეკორდად არ ჩაითვლება.
ფოტო: Getty Images / Greg Doherty
ამ არაოფიციალურმა შედეგმა მას მილიონ დოლარზე მეტი ბონუსი მოუტანა, რაც ხაზს უსვამს, რა უზარმაზარი ფინანსური სტიმული გამოიყენა ღონისძიებამ ტრადიციული სპორტიდან სპორტსმენების მოსაზიდად. სხვა შედეგები კი ძირითადად ორგანიზატორების დაპირებული სტანდარტების ქვემოთ დარჩა.
ამერიკელმა სპრინტერმა ფრედ კერლიმ, ორგზის ოლიმპიურმა მედალოსანმა, რომელიც დოპინგ-ტესტებში ჩაჭრის შემდეგ შეჯიბრებებიდან ჩამოაშორეს, 100 მეტრი 9.97 წამში დაფარა. ეს შედეგი საკმაოდ შორს არის უსეინ ბოლტის ოფიციალური მსოფლიო რეკორდისგან — 9.58 წამი — რომლის "განადგურებაც" კერლიმ ღონისძიებამდე დაგვიანონსა.
ფრედ კერლი შაბათ-კვირას ლას-ვეგასში გამართული Enhanced Games-ის მამაკაცთა 100 მეტრის ფინალში.
ფოტო: Jae C. Hong / Associated Press
ცურვაში კი "გაძლიერებული" კონკურენტებიც ჩამოუვარდნენ ჩინელი მოცურავის მიერ მამაკაცთა 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში დამყარებულ 46.40 წამიან მსოფლიო რეკორდს. ხოლო ამერიკელმა მოცურავემ, ჰანტერ არმსტრონგმა, რომელიც ამბობდა, რომ აკრძალული საშუალებები არ გამოუყენებია, მამაკაცთა 50 მეტრზე ზურგზე ცურვაში პირველი ადგილი მოიპოვა.
შედეგებმა ფართო განხილვა გამოიწვია ონლაინ სივრცეში — ბევრი დამკვირვებელი შეჯიბრებას იუმორით ეკიდება და ამბობს, რომ Games-მა საბოლოოდ ვერ დაამტკიცა, რომ დოპინგის ღიად დაშვება ელიტური სპორტის ფუნდამენტურ გარდაქმნას შეძლებდა.
ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ელიტური სპორტული დონე კვლავ ხანგრძლივ ვარჯიშზე, ნიჭის განვითარებასა და კონკურენტულ სისტემებზეა დამყარებული, და არა ფარმაცევტულ გაძლიერებაზე.
ზოგიერთმა გულშემატკივარმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა გკოლომეევის 50 მეტრის შედეგი, რადგან ტრანსლაციის მრიცხველი, როგორც ჩანს, გაჩერდა მანამ, სანამ ის კედელს შეეხებოდა. ცურვის სიახლეების ვებგვერდმა SwimSwam-მაც აღნიშნა, რომ რბოლისას დროის ჩვენებასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა.
თუმცა ჩინელმა სპორტულმა კომენტატორმა ჟანგ ბინმა განაცხადა, რომ დროზე კამათი საბოლოოდ ღონისძიების უფრო მნიშვნელოვან პრობლემას ჩრდილავს.
"ველოდი, რომ სპორტსმენები, რომლებმაც გამაძლიერებელი პრეპარატები მიიღეს, რაღაც საოცრებებს გააკეთებდნენ, რადგან ორგანიზატორებმა ღონისძიება ადამიანური შესაძლებლობების ახალი ზღვრების დამდგენად წარმოაჩინეს", — განუცხადა ჟანგმა Global Times-ს — "მაგრამ ფუნდამენტურად, სპორტში გამაძლიერებელი პრეპარატების მიღება მცდარია, რადგან ეს ეწინააღმდეგება სპორტსმენობის იმ სულისკვეთებას, რომელსაც ასე ვაფასებთ".
მსოფლიო დოპინგ-საწინააღმდეგო სააგენტომ (WADA) 2025 წელს გამოცხადებისთანავე კატეგორიულად გაკიცხა Enhanced Games, კონცეფცია "საშიშად და უპასუხისმგებლოდ" მოიხსენია და თქვა, რომ PED-ის გამოყენების პოპულარიზაცია სპორტსმენებისთვის სერიოზულ გრძელვადიან ჯანმრთელობის დამაზიანებელ შედეგებს გამოიწვევს.
WADA-მ ასევე გამოთქვა შეშფოთება იმ სიგნალის გამო, რომელსაც ასეთი ღონისძიება ახალგაზრდა თაობებს უგზავნის.
"სპორტის სილამაზე და პოპულარობა სუფთა და სამართლიანი შეჯიბრების იდეალს ეფუძნება", — განუცხადა WADA-ს პრესსპიკერმა ჯეიმს ფიცჯერალდმა Global Times-ს Enhanced Games-ის წინ — "სპორტსმენები როლური მოდელები არიან და WADA ფიქრობს, რომ ეს ღონისძიება მთელ მსოფლიოში ახალგაზრდებს საშიშ სიგნალს უგზავნის".
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ასევე აღნიშნა Global Times-სთვის, რომ "ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც გამაძლიერებელი საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებას ახალისებს, იმ ყველაფრის ღალატია, რასაც სპორტსმენები განასახიერებენ".
ავსტრალიელი მეწარმის არონ დ'სუზას და რამდენიმე მაღალი პროფილის ინვესტორის (მაგალითად დონალდ ტრამპ უმცროსის) მხარდაჭერით დაარსებული Enhanced Games, კრიტიკას დაარსებისთანავე წააწყდა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათი მოდელი გამაძლიერებელი საშუალებების უბრალოდ გამჭვირვალობას და სამედიცინო კონტროლს უზრუნველყოფს, თუმცა დოპინგ-საწინააღმდეგო ორგანოების გაფრთხილებით, სამედიცინო ზედამხედველობა არ ნიშნავს, რომ ასეთი საშუალებების გამოყენება რისკისგან თავისუფალია.
The Economist-ის ილუსტრაცია 2025 წელს, როცა Enhanced Games დაანონსდა.
ფოტო: Cristina Spanò / The Economist
"მხოლოდ იმიტომ, რომ პრეპარატი FDA-ს მიერ დამტკიცებულია ან სამედიცინო ზედამხედველობის პირობებში მიეწოდება, არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება რისკის გარეშეა", — თქვა ფიცჯერალდმა — "სპორტულ მედიცინას ჯერ კიდევ სრულად არ ესმის რამდენიმე საშუალების ერთდროული კომბინაციის გრძელვადიანი შედეგები იმ დოზებში, რომლებსაც ელიტური სპორტსმენები რეკორდების დასამყარებლად იყენებდნენ".
ბევრი კრიტიკოსის შეფასებით, პირველმა Enhanced Games-მა ელიტური სპორტის საფუძვლები საბოლოოდ უფრო გააძლიერა, ვიდრე შეარყია. დოპინგ-საწინააღმდეგო წესების შემსუბუქების, მნიშვნელოვანი ფინანსური სტიმულებისა და ღიად მიღებული აკრძალული საშუალებების მიუხედავად, შეჯიბრებამ ვერ შექმნა ისტორიული შედეგების ის ტალღა, რომელსაც ორგანიზატორები დაგვპირდნენ.
"დოპინგის ღიად დაშვება ძირს უთხრის სამართლიანობის პრინციპებსა და სპორტსმენთა კეთილდღეობას, რომელთა დასაცავად საერთაშორისო სპორტმა ათწლეულები ხარჯა", — განუცხადა სპორტულმა კომენტატორმა მაო ძიალემ Global Times-ს.
"ნარკოტიკების დახმარებით მიღებული შედეგების განდიდება არასწორ სიგნალს უგზავნის ახალგაზრდა სპორტსმენებს და სახიფათო ზეწოლას ქმნის კონკურენტებზე, რომლებიც წარმატებას კვლავ სუფთა სპორტის გზით ეძებენ".
კომენტარები