რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში, საცირკო წარმოდგენა მოულოდნელმა ინციდენტმა და დამსწრეთა შორის პანიკამ შეაჩერა. ერთ-ერთი ნომრის დროს, რომელშიც ვეფხვები მონაწილეობდნენ, სცენისა და აუდიტორიის გამყოფი ზღუდე ჩამოვარდა, რის შემდეგაც გარეული ცხოველი ხალხში შეიჭრა. სანამ "მომთვინიერებლები" რიგებს შორის მოსიარულე ვეფხვის მოხელთებას ცდილობდნენ, გამომცხადებელი სიმშვიდისკენ მოუწოდებდა აუდიტორიას, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

საბოლოოდ, "მომთვინიერებლებმა" ცხოველი კონტეინერში მოამწყვდიეს. როგორც ცნობილია, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო გამოძიებაა დაწყებული.

მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოში, მათ შორის, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, ცხოველების ცირკში მონაწილეობა სრულად ან ნაწილობრივ აკრძალულია. უკვე წლებია, უფლებადამცველები და აქტივისტები მასობრივად აპროტესტებენ ცხოველთა ექსპლუატაციას გასართობ და კომერციულ ინდუსტრიაში. უდიდესმა ცხოველთა უფლებადამცველმა ორგანიზაცია PETA-მ მრავალი კვლევა და ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ნაჩვენებია, როგორი სასტიკი მეთოდებით წვრთნიან ცხოველებს ცირკებში, დელფინარიუმებსა თუ საზღვაო პარკებში. ალტერნატივის სახით, აქტივისტები ისეთი ინოვაციური წარმოდგენების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს, როგორიც, მაგალითად, ჰოლოგრამული ცირკია.

2019 წლის გაზაფხულზე, როცა საქართველოში რუსული დასი, იური ნიკულინის ცირკი ჩამოვიდა, თბილისში მასშტაბური საპროტესტო კამპანია და აქციები გაიმართა, ამასთან, შეიქმნა პეტიციაც.