მართალია, გაზაფხულს მოსვლისა ჯერ არაფერი დასტყობია, მაგრამ საგაზაფხულო ლიტერატურული ზეიმი, რომელიც ყოველწლიურად იმართება ხოლმე ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში (წერეთლის #118), თვალსა და ხელს შუა მოგვეპარა და 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს აიღო სტარტი. რასაკვირველია, ვსაუბრობთ თბილისის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში, ტრადიციულად, წიგნის ათასობით მოყვარულს გააერთიანებს. ასე რომ, მკითხველებისთვის ახლა ნამდვილად დადგა გაზაფხული...

გაზაფხული კი სიახლეების დროა, რომლის სიმცირესაც წიგნის ბაზრობა არ უჩივის; გამომცემლობები ხომ საგანგებოდ, დიდი ხნის განმავლობაში ემზადებიან ხოლმე მკითხველებთან ახალი გამოცემებით წარსადგომად. მრავალი საინტერესო სიახლიდან მცირე ნაწილს ქვემოთ წარმოგიდგენთ.

ტოშიკაძუ კავაგუჩის სანამ ყავა გაცივდება

ფოტო: გამომცემლობა

  • თარგმნა თათია მემარნიშვილმა
  • გამომცემლობა პალიტრა L
  • წიგნს ბაზრობაზე 13 ლარად შეიძენთ

ჩამონათვალს ამ სიახლით იმიტომაც ვიწყებთ, რომ ეს ცნობილი იაპონური რომანი რამდენიმე წლის წინ ჩვენს "ვიშლისტში" იყო — იმ წიგნებს შორის, რომელთა ქართულად თარგმნაც გვინდოდა (ცნობისთვის, ამ სიიდან სამი უკვე გვაქვს მშობლიურ ენაზე). საამისოდ კი მიზეზი ბევრი გვქონდა: დამაინტრიგებელი შესავალი, ლამაზი ყდა (რომელიც ქართულ გამოცემასაც ამშვენებს) და უამრავი მკითხველის დადებითი შეფასება ალბათ ყველას ინტერესით განაწყობს წიგნის მიმართ, რომელიც, სხვათა შორის, კავაგუჩისთვის სადებიუტო რომანია.

დებიუტიც ასეთი უნდა: სანამ ყავა გაცივდება 45-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში ექვს მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. იაპონური კინოადაპტაციის შემდეგ კი, წიგნის ეკრანიზაციაზე უკვე ჰოლივუდშიც მუშაობენ.

ასეთი გამოხმაურება გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ნაწარმოებში დროში მოგზაურობის მარადიულად მიმზიდველი იდეაა გაცოცხლებული, მთავარი "გმირი" კი, რეალურად, ტოკიოს ერთ ვიწრო ქუჩაზე მდებარე კაფეა, რომლის სტუმრებსაც ყავასთან ერთად სასურველ დროში დაბრუნებას სთავაზობენ. "რას შეცვლიდი, დროში უკან მიბრუნება რომ შეგეძლოს?", — სწორედ ამ შეკითხვით ეცნობა მკითხველს წიგნი, სადაც ოთხ ძირითად პერსონაჟს ვხვდებით; თითოეულ მათგანს სხვადასხვა განზრახვით სურს წარსულის შეცვლა...

ლიუ ცისინის სამი სხეულის ამოცანა

  • თარგმნა რამაზ ხატიაშვილმა
  • გამომცემლობა მოუბარი
  • წიგნს ბაზრობაზე 34,9 ლარად შეიძენთ

იაპონიიდან ჩინეთში გადავინაცვლოთ, მით უფრო, რომ დროში მოგზაურობაზე საუბრის შემდეგ სამეცნიერო ფანტასტიკით გაგრძელება ლოგიკური გადასვლაა. სამი სხეულის ამოცანა ჩინელი ავტორის, პროფესიით კომპიუტერული ინჟინრის, ლიუ ცისინის, უსაზღვროდ პოპულარული წიგნია, რომელმაც ჟანრული პროზის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, ჰიუგოს პრემია, დაიმსახურა და მსოფლიოში ცხრა მილიონამდე ეგზემპლარად გაიყიდა. ნაწარმოები ნეტფლიქსმა სერიალადაც გადაიღო. წიგნის ფანებს შორის არიან ფეისბუქის შემქმნელი მარკ ზაკერბერგი, სატახტოთა თამაშის ავტორი ჯორჯ მარტინი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც კი.

სანამ ეს ეპიკური საი-ფაი ამბავი წიგნად იქცეოდა, იგი ნაწილ-ნაწილ ქვეყნდებოდა ლიტერატურულ ჟურნალში. რაც შეეხება სიუჟეტს: ყველაფერი მას შემდეგ იწყება, რაც ასტროფიზიკოსი ადამიანებზე ხელს ჩაიქნევს და გადაწყვეტს, უცხოპლანეტელებს მიმართოს. მეტიც, მეცნიერი, რომელიც ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს მამის სასტიკ მკვლელობას შეესწრო, მოგვიანებით კი გასაიდუმლოებული სამხედრო მისიის მონაწილე გახლდათ, უცხოპლანეტელებს დედამიწაზე თავადვე მოიწვევს.

შეიძლება ეს შესავალი მეტისმეტად დაუჯერებელ ამბად მოგვეჩვენოთ, მაგრამ სამი სხეულის ამოცანას საი-ფაის ქვეკატეგორიად, "რთულ სამეცნიერო ფანტასტიკად" განსაზღვრავენ, რას იმას ნიშნავს, რომ ნაწარმოებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტების სიზუსტესა და სამეცნიერო ლოგიკას.

ქეთი ჩართოლანის ქართული უტოპია: საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკური მწერლობა

  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გამოცემა
  • წიგნს ბაზრობაზე 16 ლარად შეიძენთ

სამეცნიერო ფანტასტიკა თუ სამეცნიერო დონეზე გაინტერესებთ, ან, უბრალოდ, გსურთ, გაიგოთ, როგორ წარმოიდგენდნენ მომავალს ჩვენს საბჭოურ წარსულში, აუცილებლად უნდა გაეცნოთ ქეთი ჩართოლანის არამხატვრულ წიგნს ქართული უტოპია, რომელიც მის სადოქტორო დისერტაციას წარმოადგენს. ქეთი წლების განმავლობაში იკვლევდა მე-20 საუკუნის ქართულ საი-ფაის: როგორ განსაზღვრა კომუნისტური რეჟიმის ტექნოლოგიური პროგრესით შეპყრობამ ქართული ფანტასტიკური მწერლობა, რას ხედავდნენ ქართველი ფანტასტები მომავალში, როგორ მოახერხეს მათ, "პოსტ-კოლონიური ნარატივი" შემოეტანათ და ეროვნული იდენტობა დაეცვათ.

და ის თუ იცოდით, რომ ქართულმა სამეცნიერო ფანტასტიკამ ისეთი ტექნოლოგიური სიახლეები "იწინასწარმეტყველა", როგორებიცაა ვიდეოზარი, ჰოლოგრამა, ელექტრონული მედია და ხელოვნური ინტელექტიც კი? ჰო, არც ჩვენ არ ვიცოდით, სანამ ამაზე ქეთი თავად მოგვიყვებოდა ვრცელი სტატიით. რადგან ზემოთ ჩინური საი-ფაი ვახსენეთ, აქვე მის კიდევ ერთ საინტერესო სტატიას დაგიტოვებთ — როგორ ხედავს მომავალს არადასავლური სამეცნიერო ფანტასტიკა.

ამბები დრაკონებზე

  • შეადგინა მარიამ კვიციანმა
  • გამომცემლობა მედუზა
  • წიგნს ბაზრობაზე 20 ლარად შეიძენთ

შეიძლება მიკერძოებაში ჩამომართვათ, მაგრამ ჟანრული პროზის სიახლეებს მაინც გამოვარჩევ ხოლმე, გასაგები მიზეზის გამო — ამ მიმართულებით ახალი გამოცემების წილი ისევ საკმაოდ მცირეა. ასე რომ, საი-ფაიდან ფენტეზიზე გადავინაცვლოთ, რომელიც ჩვენთან სამეცნიერო ფანტასტიკაზე კიდევ უფრო დაჩაგრული ჟანრია. არადა, განა შეიძლება დრაკონების ჟანრი დაჩაგრული იყოს?!

აი, სწორედ დრაკონებზეა გამომცემლობა მედუზას ახალი კრებული, რომელიც ამ ალბათ ყველაზე ცნობილ მითურ არსებებზე დაწერილ მოთხრობებს უყრის თავს. ყოველი მათგანი დრაკონს განსხვავებულად ხედავს — ზოგან სასაცილოა, ზოგან საშიში... ანთოლოგიაში ისეთ ცნობილ ავტორებს შეხვდებით, როგორებიც არიან ურსულა კ. ლე გუინი, კენეთ გრემი და დაიანა უინ ჯონსი. სხვათა შორის, ბაზრობაზე დაგხვდებათ ამ უკანასკნელის ჰაულის ტრილოგიის მესამე, დასკვნითი წიგნიც, მრავალგზიანი სახლი.

კლერ ლესლი ჰოლის გახლეჩილი მიწა

  • თარგმნა თეონა ბითაძემ
  • ქარჩხაძის გამომცემლობა
  • წიგნს ბაზრობაზე 12 ლარად შეიძენთ

დრაკონებს მიწაზე დაშვება ვთხოვოთ, რადგან ამჯერად სულ სხვა ჟანრის სიახლეს წარმოგიდგენთ. თუმცა, გახლეჩილი მიწა, რომელიც შარშან გამოიცა და წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ რომანად იქცა, ერთ კონკრეტულ კატეგორიას ნაკლებად ერგება, იგი თრილერის, სასიყვარულო, ისტორიული და დეტექტიური ჟანრების ნაზავია. ბრიტანელი რომანისტისა და ჟურნალისტის, კლერ ლესლი ჰოლის, ეს რომანი გასულ წელს, ფაქტობრივად, The New York Times-ის ბესტსელერების სიას არ მოსცილებია და გამოსვლიდან ექვს თვეში მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ჯერ კიდევ გამოცემამდე, მისი ეკრანიზაციაც დაანონსდა რიზ უიზერსპუნის პროდიუსერობით, რომელმაც გახლეჩილი მიწა თავისი მკითხველთა კლუბისთვის შეარჩია. Amazon-მა ნაწარმოები წლის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნადაც დაასახელა

ნამდვილი ამბითა და ინგლისური სოფლის გარემოთი შთაგონებული ისტორია 1950-იან წლებში იწყება, როცა მწერლობის ამბიციით შეპყრობილ, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ბიჭს და გოგოს ერთმანეთი უყვარდებათ. მათი სიყვარული დიდხანს არ გრძელდება: გოგო სოფლად რჩება, სადაც წლების შემდეგ ტრაგიკული და იდუმალებით მოცული მოვლენები რომანტიკულ დრამებთან გადაიხლართება, ახალგაზრდა ქალს კი წარსული შეახსენებს თავს...

პერსივალ ევერეტის ჯეიმსი

  • თარგმნა ნიკა სამუშიამ
  • სულაკაურის გამომცემლობა
  • წიგნს ბაზრობაზე 15,9 ლარად შეიძენთ

ესეც ბოლო წლების კიდევ ერთი გახმაურებული და პრემიებით დახუნძლული რომანი, რომელსაც ქართულ ენაზე პირველად წავიკითხავთ. 2024 წელს გამოცემული ჯეიმსი აშშ-ში პულიცერის და წიგნის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. ნაწარმოები ათობით გამოცემამ წლის საუკეთესო წიგნებს შორის დაასახელა. მეტიც, რომანის ავტორი, ამერიკელი მწერალი და პროფესორი პერსივალ ევერეტი, ჟურნალმა Time-მა გასულ წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაც დაასახელა. ევერეტის რომანი ჯეიმსი, წერს Time, "მხოლოდ წერას კი არა, ცხოვრებასაც გასწავლის".

ჯეიმსი ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ ამბავს ახლებურად აცოცხლებს — ესაა ჰეკლბერი ფინისა და ჯიმის ისტორია, ოღონდ, ამჯერად პროტაგონისტად ეს უკანასკნელი გვევლინება, 27 წლის მონა, რომელიც ნაწარმოების საეტაპო მომენტში შეიტყობს, რომ გაყიდვას უპირებენ. ტვენისეული ორიგინალი გმირისგან განსხვავებით, ევერეტის ჯიმი ბევრ თეთრკანიანზე მეტად განათლებულია. ჯეიმსში სახეცვლილია არაერთი პერსონაჟი და სცენაც.

თამარ მღებრიშვილის სად არის სახლი?

  • გამომცემლობა ინტელექტი
  • წიგნს ბაზრობაზე 10 ლარად შეიძენთ

დასასრულს, ამდენი პროზაული ნაწარმოების შემდეგ, პოეზიის ჯერიც დადგა. "სულებს, რომლებიც იზრდებიან მარტოობაში, / აქვთ ბევრი კარი, აქვთ ბევრი სახლი / და ნასახლარი სახლზე მეტია. / მე რამდენჯერაც მიტოვების შემშინებია, / სწორედ იმდენჯერ მიმატოვეს და / დახურეს კარი. / შენ შემოხვედი ამ კარის მიღმა, / უკედლობაში თითო კედლად აღმემართე / და მაჩუქე სახლი. / სახლი, რომელშიც მხოლოდ მე და შენ / უერთმანეთოდ და ერთმანეთთან / უნდა გვეპოვა ერთმანეთი და ჩვენივე თავი", — ეს გახლავთ ნაწყვეტი თამარ მღებრიშვილის დაუსათაურებელი ლექსიდან, რომელიც შარშან დაიბეჭდა ჟურნალში ქართული მწერლობა, წლევანდელ წიგნის ბაზრობაზე კი ახალგაზრდა პოეტი უკვე სადებიუტო კრებულით იქნება წარმოდგენილი.

სახლი, ამ სიტყვის ყველაზე ფართო, არასწორხაზოვანი და მეტაფორული გაგებით, მღებრიშვილის ლექსებს ლაიტმოტივად გასდევს. სახლისკენ გზა შეიძლება საკუთარი თავის შეცნობაზე, საყვარელი ადამიანის პოვნაზე, ოჯახის მონატრებული წევრის დაბრუნებაზე ან სულაც ტკივილების პოეზიად თარგმნაზე გადიოდეს. პოეზია შინაგანი ტკივილების სიტყვიერი განსხეულებაა და ნამდვილიც მაშინ არის, როდესაც ამ ტკივილს ხელოვნურობასთან საერთო არაფერი აქვსო, ამბობს პოეტი.

თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...