Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
ფოტო: NASA
NASA-ს ინჟინრებმა ზონდ Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს. ამ გზით მათ სურთ ენერგია შეუნარჩუნონ აპარატს, რომელიც კაცობრიობის მიერ კოსმოსში გაგზავნილი ყველაზე შორეული ხელოვნური ობიექტია.
სპეციალისტებმა 17 აპრილს გათიშეს ინსტრუმენტი, რომელსაც დაბალი ენერგიის დამუხტული ნაწილაკების ექსპერიმენტი, იგივე LECP, ეწოდება. ამის შედეგად ზონდს მზის სისტემის მიღმა არსებული კოსმოსური სივრცის შესასწავლად მეტი დრო ექნება.
Voyager 1 კოსმოსში 1977 წელს გაუშვეს და მან მზის სისტემა 2012 წლის 25 აგვისტოს დატოვა. აპარატმა ამ დროს ჰელიოსფეროს საზღვარი, ჰელიოპაუზა, გადაკვეთა. ესაა მზის გარშემო არსებული ბუშტის მსგავსი რეგიონი, რომელშიც დამუხტული ნაწილაკები გვხვდება.
ამჟამად Voyager 1 ჩვენგან დაახლოებით 24 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული, ამ ან უფრო მეტ მანძილზე კი ჯერ სხვა ხელოვნურ ობიექტს არ გაუღწევია.
Voyager 1 და მისი "ტყუპისცალი" ზონდი Voyager 2 ვარსკვლავთაშორის გარემოზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ამგვარი მონაცემების მოწოდება მხოლოდ მათ შეუძლია, რადგან აღნიშნულ სივრცეში სხვა ხომალდი არაა. ცნობისთვის, Voyager 2-მა ჰელიოპაუზა 2018 წელს გადაკვეთა.
რაც შეეხება LECP-ს, მისი მიზანი მზის სისტემაში და მის მიღმა დაბალი ენერგიის მქონე დამუხტულ ნაწილაკებზე დაკვირვება იყო. ასეთია, მაგალითად, იონები, ელექტრონები და კოსმოსური სხივები. ინსტრუმენტის გათიშვის გადაწყვეტილება ინჟინრებს სწრაფად არ მიუღიათ, არამედ ეს წლების წინ შემუშავებული გეგმის ნაწილია. იგივე მოწყობილობა Voyager 2-ს 2025 წლის მარტში გაუთიშეს.
ამ ზონდებს ენერგია ბირთვული პროცესების შედეგად მიეწოდება, კერძოდ რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორებით, რომლებიც პლუტონიუმზე მუშაობს, მაგრამ ნელ-ნელა ეფექტიანობას კარგავს. ამის გამო აპარატების ენერგიის მარაგი ყოველწლიურად იკლებს და მის შესანარჩუნებლად ინსტრუმენტების ფუნქციონირების შეწყვეტა ხდება საჭირო.

კომენტარები