რა არის ტეტჩერის ეფექტი? — გამოცადეთ საკუთარ თავზე
ფოტო: Dmytro Buianskyi/Shutterstock/ IFLScience
1980 წელს იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა, პიტერ ტომპსონმა, უჩვეულო ფენომენი გაგვაცნო. მან ადამიანებს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ მარგარეტ ტეტჩერის ორი ამოტრიალებული ფოტო აჩვენა, რომლებიც ერთი შეხედვით იდენტურად გამოიყურებოდა. ამის მიუხედავად, სურათების გასწორებისას ცხადი ხდებოდა, რომ ერთ-ერთ მათგანზე სახე შეცვლილი იყო.
აღნიშნულ ილუზიას ტეტჩერის ეფექტი ეწოდება. ამ დროს ამოტრიალებულ ფოტოებზე ცვლილებების შემჩნევა გვიჭირს მაშინაც კი, როცა ვიცით, რომ ერთი გამოსახულება განსხვავებულია. ექსპერიმენტის მიზანი იმის ჩვენება იყო, თუ როგორ აღიქვამს ჩვენი ტვინი სახეებს.
საქმე ისაა, რომ ადამიანები სახეს ჰოლისტიკურად, ანუ მთლიანობაში, აღვიქვამთ, და არა ცალკეულ ნაკვთებად. ამის მიუხედავად, როცა ის ამოტრიალებულია, კონფიგურაციული გადამუშავების უნარი (კოგნიტიური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ობიექტებს შორის სივრცულ პროპორციებსა და დისტანციებს ვაფიქსირებთ) ფერხდება. ეს გვაიძულებს, რომ ცალკეულ კომპონენტებზე ვკონცენტრირდეთ. მსგავსი პროცესი ბუნდოვანი ან უცხო საგნების დანახვაში გვეხმარება, მაგრამ ჰოლისტიკურ აღქმასთან შედარებით არაეფექტიანია.
შესაბამისად, ასეთ სიტუაციაში ადგილობრივი ცვლილებების შემჩნევა გვირთულდება. საქმე ისაა, რომ ნაკვთების სივრცობრივ განლაგებაზე დაკვირვების ნაცვლად, ჩვენი ტვინი ვიზუალურ ინფორმაციას ავტომატურად ავსებს და იმას "გვაჩვენებს", რაც ლოგიკურად უნდა იყოს.
სურათზე დაკვირვებისას ვხედავთ, რომ სახეზე თვალებიცაა, წარბებიც, ცხვირიცა და ტუჩებიც, მაგრამ ამ ნაწილების მიმართულებას უკვე აღარ ვაქცევთ ყურადღებას. ცვლილებას მხოლოდ მაშინ ვაფიქსირებთ, როცა უკვე გასწორებულ გამოსახულებას ვუყურებთ.
მთელი ეს პროცესი ტვინის იმ რეგიონში მიმდინარეობს, რომელსაც ფუზიფორმული სახის არეალი (FFA) ეწოდება. ის სწორი გამოსახულების აღქმაში მონაწილეობს, მაგრამ როცა იგი ამოტრიალებულია, საქმეში ობიექტების ზოგადი იდენტიფიცირების რეგიონები ერთვება. რა თქმა უნდა, ტვინის ეს ნაწილები ამას FFA-ზე უკეთ ვერ ართმევს თავს, რის შედეგადაც ტეტჩერის ეფექტს ვიღებთ.


კომენტარები