სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
ევროკავშირის რეგულატორებმა ჩინურ ონლაინ მაღაზია Temu-ს 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს, მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადასტურა, რომ კომპანია მომხმარებლებს არალეგალური პროდუქტებისაგან, მათ შორის მომწამვლელი სათამაშოებისა და სახიფათო ელექტრონიკისაგან, ვერ იცავდა.
ეს ჯარიმა გასული წლის წინასწარ დასკვნებს მოჰყვა, როდესაც დადგინდა, რომ Temu-ს პლატფორმაზე გაყიდული ბავშვის სათამაშოებისა და მცირე ელექტრონული მოწყობილობების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის მომხმარებელთა უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.
ონლაინ მაღაზია დაჯარიმდა ციფრული სერვისების აქტის (DSA) საფუძველზე, რომელიც ონლაინ პლატფორმებს ავალდებულებს, მომხმარებლები დაიცვან მავნე კონტენტისა და საეჭვო საქონლისაგან.
Temu-მ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ჯარიმა "არაპროპორციულად" მიიჩნია. კომპანიის განცხადებით, საქმე 2024 წლის შეფასებას ეხება და მათი "სისტემების ამჟამინდელ მდგომარეობას არ ასახავს".
"Temu-მ მთელი პროცესის განმავლობაში კომისიასთან კონსტრუქციულად ითანამშრომლა და დამატებითი ნაბიჯები გადადგა რისკების შეფასების, პლატფორმის მართვისა და მომხმარებელთა დაცვის გასაძლიერებლად," — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Temu პოპულარულია იაფი პროდუქციის გამო, რომელიც ჩინეთიდან იგზავნება. პლატფორმას ევროკავშირში 92 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და PDD Holdings Inc.-ს ეკუთვნის, რომელიც ასევე ფლობს ჩინურ ელექტრონული კომერციის პოპულარულ საიტს Pinduoduo.
ევროკომისიამ დაადასტურა, რომ Temu-ს პლატფორმაზე გასაყიდად განთავსებული არალეგალური პროდუქციის სისტემური რისკები სათანადოდ არ იყო გამოვლენილი, გაანალიზებული და შეფასებული. გამომძიებლებმა "საიდუმლო შოპინგის" ტესტი ჩაატარეს, რამაც გამოავლინა მრავალი შეუსაბამო პროდუქტი, მათ შორის ელექტრონული დამტენები, რომლებმაც ძირითადი უსაფრთხოების ტესტები ვერ გაიარა, აგრეთვე დიდი ოდენობით ისეთი საბავშვო სათამაშოები, რომლებიც შეიცავდა სახიფათო ქიმიკატებს ან გადაყლაპვის საფრთხის მქონე მცირე ნაწილებს.
"Temu-ს რისკ-შეფასება კონკრეტულ საფრთხეებს აუფასურებს, არასაკმარისად კონკრეტულია, მყარ მტკიცებულებებს არ ეყრდნობა და არ არის ამომწურავი. ის არ აწვდის ამომწურავ ინფორმაციას რეგულატორებს, მომხმარებლებსა და საზოგადოებას Temu-ზე გაყიდული არალეგალური პროდუქტებით გამოწვეული პოტენციური ზიანის ნამდვილი მასშტაბის შესახებ. დროა Temu-მ კანონი დაიცვას", — თქვა ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჰენა ვირკუნენმა.
Temu-ს "სამოქმედო გეგმის" წარსადგენად ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს. შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიას დამატებითი ყოველდღიური, ყოველკვირეული ან ყოველთვიური ჯარიმები დაეკისრება.
კომენტარები