მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პანამის ისტორიულ საფლავებში ნაპოვნი ქვები ზურმუხტებია
ფოტო: C. Mayo Torné
დაახლოებით 1000 წლის წინ პანამელი დიდგვაროვნები ნახევრად გამჭვირვალე მწვანე ქვებთან ერთად დამარხეს. დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ეჭვი, რომ ეს ქვები ზურმუხტები უნდა ყოფილიყო, თუმცა ამაზე კვლევა არავის ჩაუტარებია. ახალი ნაშრომში ავტორებმა დაამტკიცეს, რომ ეს ქვები ნამდვილად ზურმუხტებია და ისინი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან სავაჭრო გზებით, 700 კმ-ზე მეტ მანძილზე ჩამოიტანეს.
მკვლევრებმა საამისოდ არამრღვევი ტექნიკები გამოიყენეს, მაგალითად, რენტგენული ფლუორესცენცია, ინფრაწითელი სპექტროსკოპია და ფოტოლუმინესცენია. ამ მეთოდებით მათ 5 ზურმუხტი შეისწავლეს, რომლებიც პანამის წყნარი ოკეანის სანაპიროზე არსებული ორი ნაქალაქარიდან ამოიღეს.
ამ სამარხებს ელ კანიო და სიტიო კონტე ჰქვია. ისინი 800-1000 წლითაა დათარიღებული და გრან კოკლეს რეგიონს მიეკუთვნება. ზურმუხტების გარდა ამ დიდგვაროვნების საფლავებში ოქრო, პირიტის სარკეები და სხვა არტეფაქტებიც იპოვეს.
მიიჩნევა, რომ ზურმუხტის მსგავსი ქვებიდან მხოლოდ 8 ნიმუშია კოკლეს რეგიონიდან. ქვების წარმოშობის დასადგენად 5 მათგანს ქიმიური ანალიზი ჩაუტარეს და 22 სხვა ცნობილ ზურმუხტს შეადარეს, რომლებიც ეკვადორიდან და კოლუმბიიდანაა აღებული.
ხუთივე პანამურ ქვას კოლუმბიური ზურმუხტების მსგავსი ქიმიური ხელწერა აღმოაჩნდა. როგორც ნაშრომის ავტორები განმარტავენ, ეს ნივთები კოლუმბიელებსა და პანამელებს შორის პირდაპირ არ უნდა გაცვლილიყო. სავარაუდოდ, ზურმუხტები პანამაში "ირიბი გაცვლით" უნდა მომხვდარიყო. ეს ნიშნავს, რომ თავდაპირველად სანაპიროსა და მდინარის დასახლებებს შორის ბევრი მეპატრონის ხელში მოხვდა ნაცვლად იმისა, რომ პანამაში პირდაპირ ჩაეტანათ.
ზურმუხტების საბოლოო ფორმების, ხელობისა და ზედაპირის შესწავლის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ზოგი ზურმუხტი პანამაში უკვე მზა ფორმით ჩაიტანეს, ზოგი კი ადგილობრივმა ოსტატებმა დაამუშავეს.
ზოგ ქვას გაბურღვის წარუმატებელი მცდელობის კვალი ეტყობა, რამაც კრისტალი დააზიანა. ზურმუხტის გაბურღვა ძალიან რთული საქმეა, რომლის დროსაც ზოგჯერ კრისტალი იბზარება. ამის მიუხედავად, დიდგვაროვნებს გაბზარული კრისტალებიც ჩააყოლეს საფლავში.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ეს ყველაფერი უძველეს პანამურ კულტურაში ზურმუხტების მნიშვნელობასა და სიმბოლურ დატვირთვას უსვამს ხაზს. შესაძლოა, ამ ქვებს ხარკადაც იყენებდნენ.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 1000 წლისთვის ზურმუხტები და სხვა უცხოური პრესტიჟული საქონელი (მაგალითად, პირიტის სარკეები), ცენტრალური პანამიდან საერთოდ გაქრა. ეს შეიძლება რეგიონის პოლიტიკური შესუსტებით ან კულტურული ცვლილებებით აიხსნას, მაგალითად იმით, რომ დიდგვაროვნების დაკრძალვის წესები შეიცვალა.
კვლევა გამოცემაში Latin American Antiquity გამოქვეყნდა.
კომენტარები