შესაძლოა, ახალი მიგნებით ტვინის კიბოსთან დაკავშირებული საიდუმლო ამოიხსნას
ფოტო: Louise Cheng
უცნობია, თუ რატომ ჩნდება სიმსივნე ტვინის თითოეულ უბანში სხვადასხვა სიხშირით. მაგალითად, გლიობლასტომის უფრო აგრესიული ფორმები დიდ ნახევარსფეროებში უფრო ხშირია, მედულობლასტომა კი ძირითადად ბავშვებს უჩნდებათ და ისიც, ნათხემში. საკითხის უკეთ შესასწავლად ახალი ნაშრომის ავტორებმა დროზოფილების (ე.წ. ხილის ბუზი) ტვინი გამოიკვლიეს.
ჩვენს ორგანიზმში კიბოსთან დაკავშირებული მუტაციები განუწყვეტლივ მიმდინარეობს, თუმცა უმეტესი მათგანი საშიში არ ხდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ორგანიზმს ამ უჯრედების ამოცნობა და მოშორება შეუძლია. მეორე მხრივ, ზოგი უჯრედი სიმსივნედ ჩამოყალიბებას მაინც "ახერხებს".
ორგანიზმში არსებული სხვა მრავალი ქსოვილისგან განსხვავებით, ცოცხალი ადამიანის ტვინის შესწავლა ექსპერიმენტულად ძალიან რთულია, ამიტომ ამ ორგანოს მეცნიერები უმეტესად კლინიკური დაკვირვებით იკვლევენ.
ახალი ნაშრომის ავტორების არჩევანი შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ: ადამიანებს და მწერებს ხომ თითქოს არაფერი აქვთ საერთო. ამის მიუხედავად, დროზოფილების ტვინიც მეტწილად ადამიანების მსგავსად ვითარდება, ამიტომ მათი შესწავლით შეიძლება ჩვენი ტვინის შესახებაც ბევრი გავიგოთ.
მეცნიერებმა დროზოფილების გენები დაარედაქტირეს, რამაც მათი ტვინის უჯრედების იდენტობის შენარჩუნებაში მონაწილე ცილებიც შეცვალა. ამის შედეგად მოწიფული ნეირონები ღეროვნის მსგავს უჯრედებად გადაიქცა, რომლებიც მუდმივად იყოფიან.
ეს მეთოდი აქამდეც გამოუცდიათ და იგი წარმატებით მუშაობს: დროზოფილებში კიბოს მსგავსი წარმონაქმნი ვითარდება ხოლმე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მეცნიერებს უჩვეულო სურათი დახვდათ.
ღეროვნის მსგავსი უჯრედები დროზოფილების ცენტრალურ ნერვულ სისტემას მთლიანად მოედო, თვითონ კიბო კი ტვინის მხოლოდ გარკვეულ უბნებში დარჩა. ეს შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ზოგი უბანი სიმსივნის განვითარებისკენ მეტადაა მიდრეკილი.
ადრე ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა ცილა, სახელად Chinmo, რომელიც ღეროვნის მსგავსი უჯრედების განვითარებაშია ჩართული. მკვლევრებმა ნერვულ სისტემაში ამ ცილის რაოდენობა შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ ცენტრალურ ტვინსა და კვანძოვან ნერვულ სისტემაში (სიმსივნე ამ უბნებში იყო) ანომალიური უჯრედები Chinmo-ს შეიცავდა. ხოლო მხედველობის წილებში (აქ კიბო არ ყოფილა) Chinmo საერთოდ არ აღმოჩნდა.
შემდეგი საფეხური კიბოსკენ მიდრეკილ უბნებში Chinmo-ს შემცირება და ამ ცილის მხედველობის წილებში გაგზავნა იყო. Chinmo-ს შემცირებისთანავე სიმსივნე გაქრა, თუმცა იმ რეგიონებში, სადაც ეს ცილა გაგზავნეს, ანომალიური უჯრედები წარმოიშვა.
ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ სიმსივნის წარმოქმნა არამხოლოდ მუტაციაზეა დამოკიდებული, არამედ იმ გარემოზეც, რომელშიც ეს მუტაციები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ადამიანებს Chinmo არ გვაქვს, ამიტომ ეს მიგნება სრულყოფილი ანალოგია ვერ გამოდის. მეორე მხრივ, კვლევით დადგინდა, რომ შეიძლება ამოცნობადი მიზეზებით იხსნებოდეს ის, თუ რატომ ვითარდება სიმსივნე ტვინის ზოგ უბანში უფრო ხშირად. ისიც შესაძლებელია, რომ ის ცილები ჩვენც გვქონდეს, რომლებიც კიბოს განვითარებაზე მსგავსად ზემოქმედებს.
ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები