2022 წლიდან მოყოლებული ასტრონომები უჩვეულო რადიოტალღებს ამჩნევენ, რომლებიც ზუსტი შუალედებით მეორდება. ეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე ინტერვალს გულისხმობს. ზოგი 30 წელზე მეტხანს გრძელდება, ზოგი კი სულ რაღაც რამდენიმე დღე. მეცნიერებმა უკვე რამდენიმე ასეთი წყარო აღმოაჩინეს, თუმცა ფენომენის წარმოშობის მიზეზი უცნობია.

მოვლენის უკეთ გასაგებად მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ASKAP J1745 შეისწავლა. ეს მაღალი პოლარიზაციის მქონე განმეორებადი რადიოიმპულსია, რომელიც ავსტრალიური ASKAP ტელესკოპით აღმოაჩინეს.

ახალი ნაშრომის თანახმად, ეს რადიოიმპულსი სხვა ტელესკოპებითაც დაფიქსირდა. აღნიშნულ ფენომენს გრძელპერიოდიანი გარდამავალი მოვლენები ეწოდება. ნაშრომის ავტორებმა დაადგინეს, რომ მათ არა პულსარები, არამედ მკვდარი ვარსკვლავების მბრუნავი და მაღალი ენერგიის მქონე ნარჩენები იწვევს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან აღნიშნული მოვლენები უფრო ნელა მეორდება, ვიდრე ეს პულსარის შემთხვევაში იქნებოდა.

გუნდმა დაასკვნა, რომ ASKAP J1745 "კატაკლიზმური ცვლადის" ტიპის ვარსკვლავი უნდა იყოს, ე.ი. ვარსკვლავთა წყვილისგან შემდგარი სისტემა, რომელთაგან ერთი თეთრი ჯუჯაა. ცნობისთვის, თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის მკვრივი ბირთვია, რომელიც შედარებით დაბალი მასის მქონე ვარსკვლავის მიერ საწვავის ამოწურვის შემდეგ რჩება. ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ რადიოსიგნალები შეიძლება თეთრი ჯუჯის მიერ სხვა ვარსკვლავის ნაწილების მიზიდვით იყოს წარმოქმნილი. ამ პროცესის დროს სითბო გამოიყოფა, შესაბამისად, რენტგენულ გამოსხივებას ვიღებთ.

როგორც წესი, მფეთქავ რადიოსხივებს მაღალი ენერგიის ნაწილაკების ძლიერ მაგნიტურ ველებთან ურთიერთქმედება იწვევს. მკვლევრების თქმით, ამ შემთხვევაში "სრულყოფილ კომბინაციასთან" გვაქვს საქმე: ძლიერი მაგნიტური ველის მქონე 2 ვარსკვლავი და დამუხტული ნაწილკები, რომლებიც სხვა ვარსკვლავიდან თეთრი ჯუჯის მიმართულებით მოძრაობს.

კვლევის შედეგები გრძელპერიოდიანი გარდამავალი მოვლენებისა და თეთრი ჯუჯებისგან შემდგარი ბინარული სისტემების კავშირს უსვამს ხაზს.

ამის მიუხედავად, ამ თემაზე კიდევ მრავალი კვლევაა ჩასატარებელი. ეს გამოცანის პირველი ნაწილია, თუმცა ფენომენის ასახსნელად საკმარისი შეიძლება არ იყოს.

ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.