ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა New Glenn ტესტირებისას აფეთქდა. ინციდენტი ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე მდებარე კოსმოსურ ბაზაზე მოხდა, ძრავების გამოცდის დროს. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ საკმაოდ დიდი ზომის ცეცხლის ალი წარმოქმნა და მიდამო გაანათა.

კომპანიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. Blue Origin-ში აცხადებენ, რომ ტესტირებისას "ანომალია" დაფიქსირდა და მიზეზების დადგენაზე უკვე მუშაობენ. კომპანიის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმაც, დაადასტურა, რომ ყველა თანამშრომელი უსაფრთხოდაა.

მომხდარს აშშ-ის კოსმოსურ პროგრამაზეც შეიძლება ჰქონდეს გავლენა. საქმე ისაა, რომ New Glenn კომპანიის ყველაზე მძლავრი რაკეტაა და მას მომავალ მისიებში ცენტრალური როლი აკისრია. სწორედ ამ რაკეტამ უნდა გაიტანოს კოსმოსში Blue Moon — მთვარეზე დასაშვები აპარატი, რომელიც NASA-მ პროგრამა Artemis-ისთვის შეარჩია. ამ პროგრამის მიზანი დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე ასტრონავტების დაბრუნება და იქ სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნაა.

NASA-მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მთვარის სამხრეთ პოლუსთან ბაზის აშენების ფარგლებში Blue Moon-ის მეშვეობით იქ ორი კერძო მავალი უნდა გაგზავნონ. გეგმის მიხედვით, სულ მცირე ერთი ასეთი აპარატი მთვარეზე Artemis 4-ის ეკიპაჟის ჩაფრენამდე (2028 წლის ბოლო) უნდა განათავსონ. მანამდე კომპანია მიმდინარე წელს Blue Moon-ის რობოტული პროტოტიპის, Blue Moon Mark 1-ის, მთვარეზე გაგზავნას აპირებს, რათა მისი შესაძლებლობები რეალურ პირობებში გამოცადოს.

რაც შეეხება აფეთქებას, მას NASA-ს ხელმძღვანელიც გამოეხმაურა. ჯარედ აიზეკმენის თქმით, მძიმე ტვირთის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი რაკეტების შექმნა რთული პროცესია და მსგავსი ინციდენტები კოსმოსურ ინდუსტრიაში იშვიათი არაა. მისი განცხადებით, სააგენტო გამოძიებაში მონაწილეობას მიიღებს და შეაფასებს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს შემთხვევას პროგრამა Artemis-სა და მთვარის ბაზის შექმნის გეგმებზე.

New Glenn დღემდე მხოლოდ სამჯერ გაფრინდა. ბოლო მისია მიმდინარე წლის აპრილში შედგა, თუმცა მაშინაც პრობლემა წარმოიშვა — რაკეტამ საკომუნიკაციო თანამგზავრი BlueBird 7 დანიშნულ ორბიტაზე ვერ გაიტანა. ამის შემდეგ აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ მისი ფრენები დროებით შეაჩერა.

ბოლო აფეთქება იმ გამოცდის დროს მოხდა, რომელიც New Glenn-ის მეოთხე მისიისთვის მზადების ნაწილი იყო (4 ივნისს რაკეტას ორბიტაზე Amazon-ის თანამგზავრები უნდა გაეტანა). ამჟამად მისთვის მხოლოდ ერთი გამშვები პლატფორმაა ხელმისაწვდომი, ამიტომ ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო რაკეტის შემდეგი ფრენები შეიძლება გარკვეული დროით გადაიდოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.