მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რატომ გახშირდა ბოლო ათწლეულებში სიმსივნე 50 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებში. ახალი კვლევების მიხედვით, ერთ-ერთი შესაძლო ფაქტორი ძილის დარღვევაა.

მონაცემები აჩვენებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით 50 წლამდე ასაკის ადამიანებში კიბოს შემთხვევების რაოდენობა სწრაფად იზრდება. 1990-2019 წლებში ადრეულ ასაკში კიბოს დიაგნოზები თითქმის 80%-ით გაიზარდა — 1.82 მილიონიდან 3.26 მილიონამდე. ამავე პერიოდში 40 წელს ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფებში სიმსივნით სიკვდილიანობამაც 27%-ით მოიმატა.

ორი ახალი ნაშრომის ავტორებმა 18-იდან 50 წლამდე ასაკის 18 მილიონზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები გააანალიზეს. მათ ყურადღება ძილის ხარისხსა და კიბოს შორის შესაძლო კავშირზე გაამახვილეს. შედეგების მიხედვით, ძილის პრობლემების მქონე ინდივიდებში ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოსა და საკვერცხის კიბო უფრო ხშირად გვხვდება. ზოგიერთ შემთხვევაში 50 წლამდე ასაკის პირებში, რომლებსაც უძილობის დიაგნოზი ჰქონდათ, მომდევნო ხუთ წელიწადში სიმსივნის განვითარების ალბათობა სამჯერ მაღალი აღმოჩნდა.

მეცნიერთა თქმით, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ უძილობა პირდაპირ კიბოს იწვევს. კვლევა მხოლოდ კავშირს აჩვენებს, ამიტომ დამატებითი ნაშრომებია საჭირო იმის გასარკვევად, თუ რა დგას ამ ტენდენციის უკან.

ერთ-ერთი შესაძლო ახსნა ცხოვრების წესს უკავშირდება: სპეციალისტების თქმით, ქრონიკულად გამოუძინებელ ადამიანებს ხშირად ჯანსაღი ჩვევების შენარჩუნება უფრო უჭირთ. მათ შორის შეიძლება უფრო ხშირი იყოს ჭარბი წონა, ფიზიკური აქტიურობის ნაკლებობა, მოწევა ან ალკოჰოლის მოხმარება, რაც კიბოს რისკზეც მოქმედებს.

მკვლევრები ყურადღებას იმუნურ სისტემაზეც ამახვილებენ; ცნობილია, რომ ძილი ორგანიზმის აღდგენისთვის აუცილებელია. თუ ეს პროცესი მუდმივად ირღვევა, შესაძლოა, სხეულს სხვადასხვა დაავადებასთან გამკლავება გაუჭირდეს. ამის მიუხედავად, სპეციალისტები სხვა ვარაუდსაც განიხილავენ: არ არის გამორიცხული, ზოგ შემთხვევაში ჯერ კიდევ შეუმჩნეველი სიმსივნე ძილის პრობლემებს თავად იწვევდეს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ახალგაზრდებში კიბოს შემთხვევების რაოდენობის ზრდის მიზეზების დადგენა დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო გამოწვევაა. არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ პროცესში გენეტიკურ ფაქტორებთან ერთად გარემო და ცხოვრების წესიც მონაწილეობს, თუმცა ზუსტი დასკვნების გამოტანა ძნელია.

სპეციალისტების თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტიანი რეკომენდაციები უცვლელია: თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა, ჯანსაღი წონის შენარჩუნება, ფიზიკური აქტიურობა და მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თავის დაცვა. ამ ჩამონათვალში ძილის როლის მნიშვნელობას მომავალი კვლევები უფრო ნათლად აჩვენებს.

ახალი შედეგები ავტორებმა კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოების წლევანდელ შეხვედრაზე წარადგინეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.