მარსის დამალული გვირაბები შეიძლება "ბაბუაწვერა დრონებით" შეისწავლონ
ფოტო: ESA/DLR/FU Berlin
მეცნიერებს მარსის ზედაპირის ქვეშ დამალული გიგანტური გვირაბების შესწავლა სურთ და ამისთვის საკმაოდ უცნაურ ტექნოლოგიაზე მუშაობენ — მომრგვალებული ფორმის რობოტზე, რომელიც ასობით პატარა დრონს გადაიტანს.
საქმე მარსის ლავის გვირაბებს ეხება; ისინი მილიონობით წლის წინ ვულკანური აქტიურობის შედეგად წარმოიქმნა, როცა ზედაპირზე გამდინარე ლავა გარედან გაცივდა, შიგნით კი მოძრაობა გააგრძელა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მარსზე ასეთი გვირაბები უზარმაზარია. ზოგიერთი მათგანი ასობით მეტრი სიგანის შეიძლება იყოს და საერთო სიგრძით ათას კილომეტრსაც აღემატებოდეს.
სპეციალისტების თქმით, ეს ადგილები განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ზედაპირთან შედარებით ბევრად დაცული გარემო უნდა იყოს. იქამდე ნაკლები რადიაცია აღწევს და ტემპერატურაც უფრო სტაბილურია, ამიტომ მომავალში ასეთი გვირაბები ადამიანებისთვის დროებითი ბაზების მოწყობის ერთ-ერთ ვარიანტადაც განიხილება.
პრობლემა ისაა, რომ ამ რეგიონების კვლევა ჩვეულებრივი მავალებით რთულია. ისეთი აპარატები, როგორებიც Curiosity და Perseverance-ია, ღია ზედაპირზე გადაადგილებისთვისაა შექმნილი და ვიწრო, ჩაბნელებულ გვირაბებში ეფექტიანად ფუნქციონირებას ვერ შეძლებს. ამის გამო მკვლევრები ახალ სისტემაზე მუშაობენ. მთავარი მოწყობილობა ბურთის ფორმის მოძრავი რობოტია, რომელსაც გადაადგილებისას მოკეცვა და გორაობა შეუძლია. იდეა გარკვეულწილად იმ მწერებითაა შთაგონებული, რომლებიც საფრთხის დროს მრგვალდებიან.
გეგმის მიხედვით, ეს რობოტი მარსის ზედაპირზე არსებულ ღიობში დაეშვება და შემდეგ პატარა მფრინავ მოწყობილობებს გაუშვებს. მათი ფორმა ბაბუაწვერას თესლებს ჰგავს, რათა ქარის ნაკადის მეშვეობით იმოძრაოს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მარსის ზედაპირქვეშა გვირაბებში ქარი საკმარისად ძლიერი იქნება, რათა ასეთმა მინიატიურულმა დრონებმა გადაადგილება შეძლოს. აპარატების მონაცემებით გვირაბების რუკას შექმნიან, ასევე ტემპერატურასა და ტენიანობას გაზომავენ. დრონების მიერ მოპოვებული ინფორმაცია მთავარ რობოტს გაეგზავნება.
პროექტს სირთულეებიც ახლავს. მაგალითად, ჯერ უცნობია, რეალურად რამდენად ძლიერია ქარი მარსის ლავის გვირაბებში. პრობლემაა ენერგიაც, რადგან ზედაპირის ქვეშ სინათლე თითქმის არ აღწევს და მზის პანელები ეფექტიანად ვერ იმუშავებს. შესაბამისად, სპეციალისტები ენერგიის სხვა წყაროებზეც ფიქრობენ.
მარსის მიწისქვეშა გვირაბებით სხვა გუნდებიც ინტერესდებიან. ევროპელმა მეცნიერებმა მსგავსი ტექნოლოგიების გამოცდა უკვე დედამიწაზე, ვულკანურ გამოქვაბულებში, დაიწყეს. NASA-მ კი მინი-ვერტმფრენით Ingenuity აჩვენა, რომ მარსის ატმოსფეროში ფრენა შესაძლებელია, თუმცა ის ღია ზედაპირისთვის იყო შექმნილი და არა მიწისქვეშა სისტემებისთვის.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი ტექნოლოგიები მომავალში შეიძლება არა მხოლოდ მარსის შესასწავლად, არამედ იქ ადამიანებისთვის უსაფრთხო ადგილების მოსაძებნადაც გამოიყენონ. ზოგი მკვლევარი იმასაც ფიქრობს, რომ თუ მარსზე ოდესმე მიკრობული სიცოცხლე არსებობდა, მისი კვალი ყველაზე კარგად სწორედ ასეთ დაცულ გვირაბებში შეიძლება იყოს შემორჩენილი.


კომენტარები