ივლისში, 67 მილიონი წლის ტირანოზავრს Sotheby's აუქციონზე $30 მილიონად გაიტანენ, ხოლო ეს წინასწარი შეფასება ყველაზე მაღალია, რაც ოდესმე დინოზავრის ნამარხზე დაუწესებიათ. აუქციონის სახლმა, ორი წლის წინ, ისტორიაში ყველაზე ძვირი ნამარხი, სტეგოზავრი, სახელად Apex, $44.6 მილიონად გაყიდა, თუმცა ნამარხის წინასწარი შეფასება მაშინ $4-$6 მილიონი იყო.

ტირანოზავრი, რომელსაც მეტსახელად Gus ეწოდა, 2021 წელს სამხრეთ დაკოტაში მესაქონლეობის ფერმაში იპოვეს. გათხრები და ლაბორატორიული სამუშაოები კომერციული პალეონტოლოგების — Theropoda Expeditions-ის მიერ განხორციელდა და თითქმის ხუთ წელს გაგრძელდა.

Gus 2021 წელს სამხრეთ დაკოტაში, მესაქონლეობის ფერმაში აღმოაჩინეს

ფოტო: Matthew Sherman/Sotheby's

Theropoda Expeditions-ის პრეზიდენტმა თომას ჰეიტკამპმა თქვა, რომ "ეს ნამდვილად ჰგავს მსოფლიოში ყველაზე რთული პაზლის ამოხსნას, იმ განსხვავებით, რომ აწყობამდე ჯერ ყველა ნაჭერი უნდა მოვძებნოთ. ეს ძვლები 67 მილიონი წლის განმავლობაში იყო განცალკევებული და ახლა, თითქმის ჯადოსნურად, ისევ ვახერხებთ მათ ერთმანეთთან შეერთებას".

ეგზემპლარის გაყიდვის გეგმა, რომელიც Sotheby's-ის თქმით, აქამდე აღმოჩენილ ყველაზე სრულ ტირანოზავრის ჩონჩხებს შორისაა, ნიშნავს, რომ აუქციონის სახლი კვლავ ნამარხების ბაზარზე დებს ფსონს, სადაც მსოფლიოს ელიტა ათეულობით მილიონს ხარჯავს.

"ამ ეგზემპლარის მყიდველთა წრე ძალიან ფართო იქნება", — განუცხადა FT-ს კასანდრა ჰეტონმა, Sotheby's-ის ვიცე-თავმჯდომარემ და მეცნიერებისა და ბუნების ისტორიის გლობალურმა ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ნამარხების მყიდველთა "აბსოლუტურ უმრავლესობას" სურს "შეძენილი ნივთი მუზეუმს ათხოვოს ან საკუთარ ქვეყანაში გამოფინოს".

Apex ამჟამად ნიუ-იორკის ბუნების ისტორიის ამერიკულ მუზეუმშია გამოფენილი.

"Gus-ს აქვს კბენის კვალი და ძვლები, რომლებიც გატყდა და შეხორცდა", — ამბობს Sotheby's-ის კასანდრა ჰეტონი.

ფოტო: Matthew Sherman/Sotheby's

Sotheby's-ის ჰეტონმა დასძინა: "ეს გაყიდვები უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან გვეხმარება ისეთი ნამარხების პოვნაში, რომლებიც სხვაგვარად ყველასთვის დაიკარგებოდა".

მისი თქმით, ამ კონკრეტულ ნამარხს "ისეთი ელემენტები აქვს, რომლებიც ნამდვილად გვეხმარება პასუხი გავცეთ იმ კითხვებს, რომელთაც აქამდე აღმოჩენილმა ტირანოზავრებმა ვერ უპასუხეს", — მაგალითად, ჩონჩხს აქვს "კბენის კვალი და ძვლები, რომლებიც გატყდა და შეხორცდა".

აუქციონზე გაყიდული პირველი დინოზავრიც ასევე ტირანოზავრი იყო, 1997 წელს Sotheby's-ზე, Walt Disney-სა და McDonald's-ის ხელშეწყობით. Sue მაშინ $8.4 მლნ-ად გაიყიდა და ამჟამად ჩიკაგოს Field Museum-შია. აუქციონის სახლმა Christie's კი კიდევ ერთი ტირანოზავრი, Stan, 2020 წელს $31.8 მილიონად მიჰყიდა აბუ-დაბის მთავრობას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.