მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — "ცივილიზაციის აკვანი"
ფოტო: Lina Jakaitė/Andrew S. Madof
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ევფრატი ორი დამოუკიდებელი მდინარის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა. ახალი კვლევის მიხედვით, ეს პროცესი მილიონობით წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და, შესაძლოა, ე.წ. ნაყოფიერი ნახევარმთვარის რეგიონში ადრეული ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზეც გადამწყვეტი გავლენა ჰქონოდა.
დაახლოებით 5.4 მილიონი წლის წინ დღევანდელი თურქეთისა და სირიის ტერიტორიაზე ორი დიდი მდინარე — პალეო-კარასუ და პალეო-მურატი — ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინებოდა. მოგვიანებით ტექტონიკურმა პროცესებმა მათ კალაპოტებზე იმოქმედა: ჯერ პალეო-მურატმა შეიცვალა მიმართულება, დაახლოებით 800 000 წლის შემდეგ კი იგივე პალეო-კარასუს შემთხვევაშიც მოხდა.
საბოლოოდ, დაახლოებით 1.6 მილიონი წლის წინ, ეს ორი მდინარე შეერთდა და სამხრეთ-აღმოსავლეთით დინება დაიწყო. სწორედ ასე ჩამოყალიბდა თანამედროვე ევფრატი, რომელიც სპარსეთის ყურეში ჩაედინება.
მკვლევრების თქმით, ეს მხოლოდ გეოლოგიური ცვლილება არ ყოფილა. ევფრატმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნაყოფიერი ნახევარმთვარის ფორმირებაში — რეგიონის, რომელსაც ხშირად "ცივილიზაციის აკვანს" უწოდებენ. ის დასავლეთ აზიაში მდებარე ფართო ტერიტორიაა, რომელიც დღევანდელი ეგვიპტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყამდე ვრცელდება. მის აღმოსავლეთ ნაწილში, მესოპოტამიაში, ევფრატი და ტიგროსი მიედინება. სწორედ ამ მდინარეებმა ჩამოაყალიბა ნაყოფიერი მიწები რეგიონში, რომელიც სხვაგვარად საკმაოდ მშრალია. ეს პირობები დაახლოებით 6000 წლის წინ შუმერებისა და ასურელების მსგავს ცივილიზაციებს განვითარებაში დაეხმარა.
მიუხედავად ევფრატის მნიშვნელობისა, მისი წარმოშობა დღემდე ზუსტად ცნობილი არ იყო. ზოგი მეცნიერი ფიქრობდა, რომ ის ერთი მდინარიდან განვითარდა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ან ძველ ტბებში ჩაედინებოდა. სხვები ვარაუდობდნენ, რომ მისი "წინამორბედი" მდინარე არაბეთის ნახევარკუნძულზე სრულდებოდა.
ახალ კვლევაში მეცნიერებმა სეისმური მონაცემები, თანამგზავრული დაკვირვებები და რელიეფის რუკები გამოიყენეს. მათ ლიბანის სანაპიროსთან ზღვის ფსკერის ქვეშ არსებული 5-6 მილიონი წლის დანალექები შეისწავლეს და თურქეთის სანაპიროსთან აღმოჩენილ მსგავს ნიმუშებს შეადარეს. სწორედ ამ მასალამ გამოავლინა ორი უძველესი მდინარის არსებობა.
იმ პერიოდში, ე.წ. მესინური მარილიანობის კრიზისის დროს, ტექტონიკური პროცესების გამო ხმელთაშუა ზღვის დიდი ნაწილი დაშრა. დაახლოებით 5.33 მილიონი წლის წინ ზღვა კვლავ შეივსო და მდინარეების მიერ დატოვებული კალაპოტები თუ დანალექები დაფარა. მეცნიერებმა უძველესი მდინარეების ისტორია ამ კვალის შესწავლით აღადგინეს.
კვლევამ აჩვენა, რომ პალეო-კარასუცა და პალეო-მურატიც თანამედროვე ნილოსზე უფრო დიდი მდინარეები იყო, სანამ ერთმანეთს შეუერთდებოდა. მათი ზოგი მონაკვეთი მილიონობით წლის განმავლობაში თითქმის უცვლელი დარჩა, ზოგმა კი მთლიანად სხვა მიმართულებით დაიწყო დინება.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ მდინარეების მდებარეობა მხოლოდ ლანდშაფტს არ განსაზღვრავდა. შესაძლოა, მან გავლენა იქონია ცხოველების, მათ შორის ადრეული ძუძუმწოვრების, მიგრაციის გზებზეც, რადგან წყლის რესურსები გადაადგილებისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო.
მკვლევრების თქმით, ევფრატის წარმოშობის ისტორია გვიჩვენებს, როგორ შეუძლია წყლის განაწილების მასშტაბურ ცვლილებებს გარემოს გარდაქმნა და ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც სიცოცხლისა და ცივილიზაციების განვითარებას უწყობს ხელს.
ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.

კომენტარები