არქეოლოგებმა სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში ადამიანთა ხანგრძლივი დასახლების ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს. სამეცნიერო გამოცემა Antiquity-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში ჯავახეთის პლატოზე ჩატარებული რვაწლიანი კვლევაა შეჯამებული.

ეს სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი რეგიონია. 2017 წლიდან ე.წ. სამცხე-ჯავახეთის პროექტში (SJP) მონაწილე მეცნიერებმა ამ არეალის მაღალმთიანეთში დაახლოებით 168 არქეოლოგიური ძეგლი გამოავლინეს, რომლებიც ბრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეებამდე პერიოდს მოიცავს. მათ შორისაა ქვით ნაგები სიმაგრეები, დასახლებები და სასაფლაოები.

საველე სამუშაოების დაწყებამდე მკვლევრები დისტანციური ზონდირების მეთოდებს იყენებდნენ, რაც მიწის ქვეშ არსებული სტრუქტურების (მაგალითად, ძველი კედლებისა და შემოღობილი სივრცეების) იდენტიფიცირებაში ეხმარებოდათ. პოტენციური ძეგლების აღმოჩენის შემდეგ მეცნიერებმა დასახლებების ციფრული რუკები შექმნეს, რათა გაერკვიათ, როგორ გადაადგილდებოდა მოსახლეობა და როგორ ეგუებოდა მაღალმთიან გარემოს.

პლატოს მასშტაბური შესწავლის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან ძეგლზე გაამახვილეს. მათ შორისაა ბარალეთის ნაცარგორა და მეღრეკის ციხე. მკვლევრებმა წლების განმავლობაში ტერიტორია ფეხით მოიარეს, მრავალ ლოკაციაზე გათხრები აწარმოეს და ყველა აღმოჩენა დეტალურად აღრიცხეს.

მეღრეკის ციხე.

ფოტო: Samtskhe-Javakheti Project

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შედეგი ბარალეთის ნაცარგორაზე მიიღეს, სადაც ნაცრისა და ქვის რამდენიმე ფენა გამოავლინეს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანები ამ ადგილს ათასწლეულების განმავლობაში არაერთხელ დაუბრუნდნენ. შესაძლოა, იქ დასახლებებს ხელახლა აშენებდნენ ან თავდაცვით ნაგებობებსაც ამაგრებდნენ. მეცნიერების შეფასებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნულ ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

ბარალეთის ნაცარგორაზე ასევე აღმოაჩინეს ბრინჯაოს დისკო (ე.წ. მზის დისკო), რომელზეც მზის მსგავსი ორნამენტებია გამოსახული. ასეთი არტეფაქტები სამხრეთ საქართველოს სხვა ძეგლების მიმდებარედაცაა ნაპოვნი და ხშირად სამარხებს (განსაკუთრებით ქალების) უკავშირდება.

მზის დისკო.

ფოტო: Samtskhe-Javakheti Project

მეღრეკის ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრებისას არქეოლოგებმა საცხოვრებელ ნაგებობებში თიხის ფერადი ფილები აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით, ეს ნივთები რიტუალური დანიშნულების იყო ან ოჯახის სოციალურ სტატუსს წარმოაჩენდა.

მეცნიერების თქმით, მსგავსი სიმბოლური არტეფაქტები იმ ადამიანთა რწმენებისა და კულტურული იდენტობის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება, რომლებიც ჯავახეთის პლატოზე ცხოვრობდნენ. სხვა მიგნებებს შორისაა მასიური გალავნები და დიდი სათავსოები. ეს ნაგებობები მიანიშნებს, რომ რეგიონი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ცენტრი იყო და არა იზოლირებული მაღალმთიანი ტერიტორია.

პროექტის ავტორების შეფასებით, ჯავახეთის ლანდშაფტი მუდმივი დასახლების, რესურსების გამოყენებისა და სიმბოლური პრაქტიკების კვალს ინახავს. კვლევის მომდევნო ეტაპზე მეცნიერები რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდს გამოიყენებენ, რათა სხვადასხვა კულტურული ფენის ზუსტი ასაკი დაადგინონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.