უამრავი კვლევაა ჩატარებული იმაზე, ცხოვრების როგორი სტილი ამცირებს ხოლმე დემენციის რისკს. ზოგი ასპექტი ყოველდღიურობაში მარტივი დასანერგია, მაგალითად, გონების ვარჯიში, ჯანსაღი კვება, ფიზიკური ვარჯიში. ზოგი რამის ამოცნობა და კონტროლი კი უფრო რთულია.

დემენციის მომატებულ რისკთან უამრავი ფაქტორია დაკავშირებული: ქრონიკული სტრესი, დაბერება, გულსისხლძარღვთა დაავადებები, დეპრესია და ა.შ. ახალი მეტაანალიზით გამოვლინდა, რომ ამ ყველაფერს შეიძლება ერთი ფუძე აკავშირებდეს.

აქ ძილი იგულისხმება. უფრო კონკრეტულად ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელსაც ძილი ტვინის მეტაბოლური ნარჩენებისგან დაცლაში თამაშობს.

კვლევის ფარგლებში მეცნიერები ნეირომოდულატორების ერთ ჯგუფზე კონცენტრირდნენ. ეს იმ ნივთიერებებს გულისხმობს, რომლებიც ძილს, გუნება-განწყობას, ენერგიასა და ყურადღებას არეგულირებს, მაგალითად, ნორეპინეფრინი, სეროტონინი, დოფამინი, აცეტილქოლინი. აღსანიშნავია, რომ ეს ნივთიერებები სისხლძარღვებზეც ზემოქმედებს.

ჯანმრთელი ძილის დროს ამ ნივთიერებების რიტმული მოძრაობა სისხლძარღვებს შეკუმშვა-გაფართოებაში ეხმარება. ამით ტალღები წარმოიქმნება, რომლებიც ტვინისთვის თავზურგტვინის სითხის მიწოდებაშია ჩართული.

დარღვეული ძილის დროს ეს რიტმი სუსტდება. ეს შეიძლება ტვინს ნარჩენებისგან დაცლაში უშლიდეს ხელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრონიკული სტრესი, მენტალური დარღვევები, გულსისხლძარღვთა დაავადება და ასაკთან დაკავშირებული ძილის ცვლილებები შეიძლება ამ სისტემის გამართულად მუშაობას არღვევდეს.

მეტაანალიზის შედეგები შეიძლება იმას მოწმობდეს, რომ ძილს აქამდე ნაკლებად შესწავლილი დანიშნულებაც აქვს, რომელიც შეიძლება დემენციას უკავშირდებოდეს: ტვინისთვის თავზურგტვინის სითხის მიწოდება.

იმის გამო, რომ ძილის ფენომენი ბოლომდე დღემდე არაა შესწავლილი, რთული დასადგენია, რამდენად აქვს ამ მიგნებას დემენციასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.