მეცნიერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ძილის ხანგრძლივობა ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია. ახალი კვლევის მიხედვით, იმ ადამიანებში, რომლებსაც ღამეში საშუალოდ 6.4 საათზე ნაკლებ ან 7.8 საათზე მეტხანს სძინავთ, ორგანიზმის უფრო სწრაფი დაბერებისა და სხვადასხვა პრობლემის რისკი მაღალია.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთის ბიობანკის მონაცემები გააანალიზეს, რომელიც ნახევარ მილიონამდე მოხალისის სამედიცინო ინფორმაციას აერთიანებს. მათი მიზანი ე.წ. ბიოლოგიური დაბერების საათის განსაზღვრა იყო — სისტემის, რომელიც აჩვენებს, რამდენად სწრაფად ბერდება ადამიანის ორგანოები.

ამისთვის მკვლევრებმა სხვადასხვა ტიპის მონაცემი შეისწავლეს, მათ შორის იყო მონაწილეების მიერ მითითებული ძილის ხანგრძლივობა, ორგანოების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოსახულებები, სისხლის პლაზმის ანალიზები და მეტაბოლიზმთან დაკავშირებული ინფორმაცია.

შედეგების მიხედვით, ყველაზე დაბალი რისკი იმ ადამიანებში დაფიქსირდა, რომლებსაც საშუალოდ 7-8 საათამდე სძინავთ; მათში, ვისაც ღამეში 6.4 საათზე ნაკლები სძინავს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, იმუნური სისტემის პრობლემებისა და ქრონიკული ანთებითი პროცესების განვითარების უფრო მაღალი ალბათობაა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ძილის ნაკლებობა ორგანიზმის აღდგენას აფერხებს და დროთა განმავლობაში სხვადასხვა ორგანოს ფუნქციონირებაზე უარყოფითად ზემოქმედებს.

კვლევის ავტორებმა ყურადღება ზედმეტად ხანგრძლივ ძილზეც გაამახვილეს. მათი თქმით, 7.8 საათზე მეტი ძილიც უფრო სწრაფ ბიოლოგიურ დაბერებასთან ასოცირდება. ამის მიუხედავად, ვარაუდობენ, რომ ეს ზოგ შემთხვევაში უკვე არსებული ჯანმრთელობის პრობლემების შედეგი შეიძლება იყოს და არა უშუალოდ ხანგრძლივი ძილის გავლენა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია არამხოლოდ ძილის ხანგრძლივობა, არამედ მისი ხარისხიც. მაგალითად, ადამიანს შეიძლება საერთო ჯამში საკმარისად ეძინოს, მაგრამ თუ ძილი ხშირად წყდება ან არასტაბილურია, ორგანიზმი სრულფასოვნად მაინც ვერ ისვენებს.

მკვლევრები ამბობენ, რომ მიღებული შედეგები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად აუცილებელია ძილის რეჟიმი. მათი შეფასებით, ეს ჯანმრთელობისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც კვება, ფიზიკური აქტიურობა და სტრესის კონტროლი.

ამის მიუხედავად, მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კვლევა მხოლოდ კავშირს აჩვენებს და არა მიზეზ-შედეგობრიობას. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ხანგრძლივი ან ხანმოკლე ძილი პირდაპირ სწრაფ დაბერებას იწვევს — შესაძლოა, ეს უკვე არსებული პრობლემების ერთ-ერთი ნიშანი იყოს.

ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.