7 სიურრეალისტი მხატვარი, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიურრეალიზმის მიმდინარეობა სათავეს მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, 1920-იანი წლებიდან, იღებს და მისი ჩამოყალიბება დადაიზმს პირდაპირ უკავშირდება. ეს უკანასკნელი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ჩამოყალიბდა და სრულიად ეწინააღმდეგებოდა ტრადიციულ ხელოვნებასა თუ კულტურულ ნორმებს, ხოლო მისი ძირითადი მიმართულება პროტესტის გამოხატვა იყო.
თუმცა, დადაიზმისგან განსხვავებით, სიურრეალიზმი მხოლოდ პოლიტიკაზე არ იყო ორიენტირებული. ის ცდილობდა შეექმნა ახალი რეალობა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ადამიანის ფსიქოანალიზსა და არაცნობიერი სამყაროს გამოხატვაზე. ზიგმუნდ ფროიდის სიზმრების ინტერპრეტაციისა და მასში ახსნილი სიზმრის თეორიის წყალობით, სიურრეალისტ ხელოვანებს საშუალება მიეცათ, ისეთი საკითხები წამოეჭრათ და ეჩვენებინათ, რომლებიც მანამდე ხელოვნების მიღმა რჩებოდა.
დადაისტი ხელოვანები ბერლინი, 1920 წელი
ფოტო: The Artsper Magazine
რაულ ჰაუსმენის "The Art Critic"
ფოტო: The Museum of Modern Art
ფროიდის გარდა, ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბებაში დიდი წილი მიუძღვის ჯორჯიო დე კირიკოს, ჰიერონიმუს ბოსხის, ოდილონ რედონის, გუსტავ მოროსა და ანრი რუსოს შემოქმედებას. დადასთან დაკავშირებული ლიტერატურული ჯგუფის სახით დაწყებული მოძრაობა 1924 წელს ანდრე ბრეტონის სიურრეალისტური მანიფესტის მეშვეობით ჩამოყალიბდა.
მოგიყვებით 7 სიურრეალისტ ხელოვანზე, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე.
1. ანდრე ბრეტონი
დადაისტური მოძრაობის წევრმა, ანდრე ბრეტონმა, 1924 წელს დააარსა სიურრეალისტური მიმდინარეობა. ბრეტონმა სიურრეალისტურ მანიფესტში მოძრაობა განსაზღვრა, როგორც "ფსიქიკური ავტომატიზმი მის წმინდა მდგომარეობაში, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ცდილობს გამოხატოს — ვერბალურად ან სხვა გზით — აზროვნების რეალური ფუნქციონირება".
ფოტო: The Artsper Magazine
ანდრე ბრეტონი "Landscape"
ფოტო: The Museum of Modern Art
მოგვიანებით, ის მუშაობდა სხვადასხვა მედიაში და არაერთ ინოვაციურ გზას ჩაუყარა საფუძველი. ბრეტონმა შემოიღო ხერხები, რომლითაც ტექსტი და გამოსახულება შემთხვევითი ასოციაციის გზით გაერთიანდა. მისმა მეთოდოლოგიამ დიდი გავლენა იქონია მომავალი მოძრაობების, როგორიცაა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი, წარმოშობაზეც.
2. მაქს ერნსტი
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერნსტი სიურრეალისტური მოძრაობის ნამდვილი პროვოკატორი და ინოვაციური მხატვარი იყო. ის თანამედროვე სამყაროს ირაციონალურად აღიქვამდა და ეს იდეა თავისი ხელოვნების საფუძვლად აქცია.
და ის იყო ერთ-ერთი პირველი მხატვარი, რომელმაც ზიგმუნდ ფროიდის სიზმრების თეორიები შთაგონების წყაროდ გამოიყენა. ამასთანავე, ხელოვანმა შეიმუშავა მხატვრობის ორი ტექნიკა: ფროტაჟი (ფანქრის გამოყენებით არაერთგვაროვანი ტექსტურის შექმნა) და გრატაჟი (დახატვა ფანქრის, კალმის ან სხვა წვეტიანი საგნის ფხაჭნის გამოყენებით).
ფოტო: The Artsper Magazine
მაქს ერნსტი — "Two Children are Threatened by a Nightingale"
ფოტო: Arts.dot
ერნსტი ნამუშევრებში ხშირად გამოსახავდა არაცნობიერი შიშებსა და სურვილებისა, რაც ზუსტად შეესაბამება ფროიდის ფსიქოანალიზის პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ ხელოვანი ისეთი მხატვრების შთაგონების წყარო გახდა, როგორებიც არიან: დოროთეა ტანინგი, ლეონორა კარინგტონი და სხვები.
3. დოროთეა ტანინგი
ტანინგი იმ ხელოვანებთაგან ერთ-ერთია, რომლის შემოქმედება შედარებით გვიან დააფასეს. 1942 წელს მან მაქს ერნსტი ჯულიენ ლევის მეშვეობით გაიცნო და მალევე შეაბიჯა სიურრეალისტურ სამყაროში.
ტანინგი თანასწორობის მომხრე იყო და არ სურდა, რომ მისი შემოქმედება მხატვარ მაქს ერნსტთან არსებული ურთიერთობით ყოფილიყო განსაზღვრული. დოროთეა ხშირად ამბობდა, რომ მაქსი მას სიტყვა "ცოლს" არც კი ეძახდა.
ფოტო: The Collector
დოროთეა ტანინგი — "Maternity"
ხატვის გარდა ის საკმაოდ უცნაურ სკულპტურებსაც ამზადებდა და ლექსებსაც წერდა. ტანინგის ნახატებში ხშირად დაინახავთ ერნსტის ცუგოს, კატჩინას. ნახატებში ძაღლის სახით ის ხშირად საკუთარ თავს გამოსახავდა.
4. ანდრე მასონი
მასონი ფრანგი მხატვარი და გრაფიკოსი იყო, რომელიც ცნობილია თავისი განსხვავებული სტილით. ის ხშირად ხატავდა ეროტიზმს, ფიზიკურ მეტამორფოზსა და ძალადობას.
ფოტო: The Collector
ანდრე მასონი — "ჰაინრიხ ფონ კლაისტის პორტრეტი"
ფოტო: The Museum of Modern Art
მასონი ხშირად ხატავდა მკაცრ პირობებში, მაგალითად — საკვებისა და ძილის გარეშე ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, რადგან სჯეროდა, რომ ამით შეეძლო უფრო თავისუფლად დაეხატა ის, რასაც გრძნობდა. მისი ნამუშევრები მოიხსენიება როგორც ხიდი სიურრეალიზმსა და აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმს შორის.
5. ლეონორა კარინგტონი
ლეონორა კარინგტონი სიურრეალისტური მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ითვლება, რომელიც გამორჩეული იყო თავისი ინდივიდუალიზმით. სხვა სიურრეალისტების მსგავსად, ისიც დაინტერესებული იყო არაეცნობიერი გონებითა და სიზმრის გამოსახვით.
მისი ხელოვნება ხასიათდება ფანტასტიკური არსებების სიზმრისებურად გამოხატვით. ის ხშირად ხატავდა პერსონალურ სიმბოლოებს, რომლებსაც ძირითადად არ განმარტავდა ხოლმე.
ფოტო: The Collector
ლეონორა კარინგტონი — "The Meal of Lord Candlestick"
ფოტო: The Museum of Modern Art
სექსუალური იდენტობის იდეის შესწავლისას, მან უარყო სიურრეალისტური სტერეოტიპები, რომლებიც ქალებს უბრალო ობიექტებად წარმოაჩენდა. ფანტასტიკური არსებების, მეტამორფოზის, იდენტობისა და მაგიის თემების გამოსახვით, ლეონორა აერთიანებდა რენესანსის მხატვრობას, ცენტრალური ამერიკის ხალხურ ხელოვნებას, შუა საუკუნეების ალქიმიასა და იუნგის ფსიქოლოგიას.
6. ივ ტანგი
მრავალი თვალსაზრისით, ტანგი ტიპური სიურრეალისტი, ექსცენტრული მხატვარი იყო, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია დეფორმირებული კლდეებისა და დამდნარი ზედაპირების ხატვით.
მას ფორმალური სამხატვრო განათლება არ მიუღია და მხატვრობა მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა, როცა 1923 წელს, ავტობუსით მგზავრობისას, ხელოვნების გალერეის ვიტრინაში იტალიელი მხატვრის, ჯიორჯიო დე კირიკოს, ორი ნახატი დაინახა.
ფოტო: The Collector
ივ ტანგი — "Là ne finit pas encore le mouvement"
ფოტო: The Museum of Modern Art
ტანგი იყენებდა პირად სიმბოლოებს, რომლებიც გამოხატავდა მის ინტერესებს ბავშვობის მოგონებების, სიზმრების, ჰალუცინაციებისა და ფსიქოზური ეპიზოდების მიმართ. ბუნების სიყვარულის გამო, ტანგი ხშირად ხატავდა აბსტრაქტულ პეიზაჟებს.
განსხვავებით სხვა სიურრეალისტებისაგან, ის სიზმრისეულ ატმოსფეროს შედარებით რეალისტურად გამოსახავდა.
7. რემედიოს ვარო
ბევრი სიურრეალისტის მსგავსად, მექსიკელი მხატვრის, რემედიუს ვაროს, შთაგონების წყაროც ზიგმუნდ ფროიდისა და შვეიცარიელი ფსიქიატრის, კარლ იუნგის, თეორიები გახდა.
სიურრეალისტ და კუბისტ მხატვრებთან, კერძოდ, ჟორჟ ბრაკის ნამუშევრებთან შეხება მისი შემდგომი საქმიანობისთვის გადამწყვეტი იყო, თუმცა ვარომ პარიზში ცხოვრებისას ძალიან მცირე რაოდენობის ნახატი შექმნა. ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო სექსტისტი ხელოვანებით, რომლებსაც, მისი თქმით, ქალი მხატვრების მიმართ ზიზღით აღსავსე დამოკიდებულება ჰქონდათ. თუმცა, მექსიკაში მან შექმნა არაერთი ნამუშევრების სერია, რომლებშიც ხშირად ხატავდა ქალს, როგორც ცენტრალურ ფიგურას.
ფოტო: The Collector
რემედიოს ვარო — "Useless Science or the Alchemist"
ფოტო: The Museum of Modern Art
უცნაურ სამსახურებში მუშაობის პარალელურად (მათ შორის მარკ შაგალის ასისტენტად), ვარო შეხვდა თანამემამულე ევროპელ ემიგრანტებს, ლეონორა კარინგტონსა და ფოტოგრაფ კატი ჰორნას. ამ სამ მექსიკელ სიურრეალისტს ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც "სამ ჯადოქარს".
საუცხოო ნამუშევრებით, ვარომ ნამდვილად დიდი კვალი დატოვა სიურრეალისტურ მიმდინარეობაში.
კომენტარები