გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება
ფოტო: Getty Images Plus
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) შეფასებით, 80%-ია შანსი, რომ მიმდინარე წლის ივნისიდან აგვისტომდე ელ-ნინიო ჩამოყალიბდეს. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ კლიმატურმა მოვლენამ შეიძლება ექსტრემალური ამინდის რისკი გაზარდოს და ტემპერატურისა თუ ნალექების განაწილებაზე მსოფლიოს მასშტაბით იმოქმედოს.
ელ-ნინიო ბუნებრივი კლიმატური ფენომენია, რომელიც ეკვატორული წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ზედაპირული წყლების დათბობას უკავშირდება. შედეგად ქარის, ატმოსფერული წნევისა და ნალექების მოდელი (ე.წ. პატერნი) იცვლება. ეს პროცესი, როგორც წესი, ყოველ 2-7 წელიწადში ერთხელ ვითარდება და დაახლოებით 9-12 თვე გრძელდება.
WMO-ს ინფორმაციით, ნოემბრისთვის ელ-ნინიოს განვითარების ალბათობა 90%-ს აჭარბებს. პროგნოზების უმეტესობა მიუთითებს, რომ ის, სულ მცირე, საშუალო სიმძლავრის იქნება, თუმცა უფრო ძლიერიც შეიძლება იყოს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ელ-ნინიოს ჩამოყალიბებას ტროპიკულ წყნარ ოკეანეში დაფიქსირებული უჩვეულოდ თბილი წყლები უწყობს ხელს. აპრილის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე ამ რეგიონში ზღვის ზედაპირის ტემპერატურა უკვე ელ-ნინიოსთვის დამახასიათებელ ნიშნულებს უახლოვდებოდა, ხოლო წყალქვეშა შრეებში ტემპერატურა საშუალო მაჩვენებელს 6°C-ით აღემატებოდა.
სპეციალისტების თქმით, ელ-ნინიო ზოგიერთ რეგიონში გვალვის ალბათობას ზრდის, ზოგან კი — ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობების რისკს. ასევე, ხმელეთსა და ოკეანეებში თბური ტალღების გახშირებაა მოსალოდნელი.
მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქვეყნებმა შესაძლო შედეგებისთვის მზადება წინასწარ უნდა დაიწყონ. მათი თქმით, ელ-ნინიო სოფლის მეურნეობაზე, წყლის რესურსებზე, ენერგეტიკასა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზეც აისახება.
მკვლევრები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილება ელ-ნინიოს წარმოქმნას პირდაპირ არ იწვევს და არც მის სიხშირეს ზრდის, თუმცა უფრო თბილი ატმოსფერო და ოკეანეები ამ მოვლენასთან დაკავშირებულ ეფექტებს აძლიერებს. შედეგად, ექსტრემალური სიცხეები, ძლიერი ნალექები და სხვა მოვლენები უფრო ინტენსიური შეიძლება გახდეს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა, ელ-ნინიო "კლიმატურ გაფრთხილებად" შეაფასა. მისი თქმით, ეს მოვლენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირება და განახლებად ენერგიაზე გადასვლა.
WMO-ს პროგნოზით, ივნისიდან აგვისტომდე პერიოდში მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში საშუალოზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება. ამან ზოგიერთ არეალში შეიძლება გვალვის დაწყება დააჩქაროს, განსაკუთრებით იქ, სადაც ნალექების რაოდენობა შემცირდება.
რეგიონულ კლიმატურ ცენტრებში უკვე ვარაუდობენ, რომ აღმოსავლეთ აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში წვიმიანი სეზონი ჩვეულებრივზე უფრო მშრალი იქნება. საშუალოზე ნაკლებ ნალექს ელიან სამხრეთ აზიის მუსონურ რეგიონებშიც, ხოლო ცენტრალურ ამერიკაში ზაფხული, სავარაუდოდ, უფრო ცხელი და მშრალი იქნება.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ წინასწარი გაფრთხილება ქვეყნებს შესაძლო შედეგებისთვის მომზადებაში დაეხმარება და ეკონომიკურ თუ სოციალურ ზარალს შეამცირებს.


კომენტარები