მეცნიერებმა პანკრეასის სიმსივნის სამკურნალო ახალი ექსპერიმენტული პრეპარატის ცდის შედეგები გამოაქვეყნეს. მათი თქმით, მედიკამენტმა მეტასტაზური დაავადების მქონე პაციენტებში სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის გააორმაგა, რაც ამ სფეროში მნიშვნელოვან წინსვლად მიიჩნევა.

პანკრეასის სიმსივნე შედარებით იშვიათია, თუმცა ყველაზე რთულად სამკურნალო ონკოლოგიურ დაავადებებს შორისაა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ იგი ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება. მაშინ, როცა სიყვითლე, მუცლის ტკივილი ან წონის კლება იჩენს თავს, სიმსივნე, როგორც წესი, უკვე განვითარებულ სტადიაშია.

მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ამ ტიპის კიბოსთვის სკრინინგის ეფექტიანი ტესტი არ არსებობს. თუ ძუძუს ან მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეული გამოვლენის მეთოდები უკვე გამოიყენება, პანკრეასის სიმსივნის შემთხვევაში მსგავსი ინსტრუმენტი ჯერ არ გვაქვს.

ამჟამად პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი მკურნალობის ვარიანტები შეზღუდულია. ქირურგიული ჩარევა ყოველთვის ვერ ხერხდება, რადგან პანკრეასი ანატომიურად სხეულის რთულად მისადგომ არეალში მდებარეობს, ხოლო ქიმიო და სხივური თერაპიის ეფექტიანობა ხშირად შეზღუდულია.

ახალი პრეპარატი, დარაქსონრასიბი, სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შექმნეს. ის KRAS ცილაზე ზემოქმედებს, რომლის მუტაციებიც პანკრეასის კიბოს ყველაზე გავრცელებულ ფორმასთან — პანკრეასის სადინარის ადენოკარცინომასთან (PDAC) — მჭიდრო კავშირშია. სპეციალისტების თქმით, პანკრეასის სიმსივნის შემთხვევების 95%-ზე მეტი სწორედ ამ ტიპს მიეკუთვნება, ხოლო მეტასტაზური ფორმების უმეტესობაში KRAS გენის მუტაციებია ჩართული.

პრეპარატი ე.წ. RAS-ინჰიბიტორების ახალ კლასს მიეკუთვნება და KRAS ცილის აქტივობის დათრგუნვა შეუძლია და სიმსივნის ზრდას აფერხებს. III ფაზის კლინიკურ კვლევაში დაახლოებით 500 პაციენტი მონაწილეობდა, რომლებსაც მეტასტაზური პანკრეასის სიმსივნე ჰქონდათ. მკვლევრებმა მათი შედეგები სტანდარტული ქიმიოთერაპიის მიმღებთა მონაცემებს შეადარეს.

აღმოჩნდა, რომ იმ პირებში, რომლებიც ახალი პრეპარატით მკურნალობდნენ, სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის ორჯერ მეტი იყო. ასევე, გვერდითი მოვლენების გამო მედიკამენტის მიღება მხოლოდ ერთმა პაციენტმა შეწყვიტა, ხოლო ქიმიოთერაპიის ჯგუფში — 11-მა. მკვლევრების თქმით, დარაქსონრასიბი პაციენტებს ტკივილის კონტროლშიც დაეხმარა.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები ხაზგასმით ამბობენ, რომ ახალი პრეპარატი დაავადებას არ კურნავს. მისი მთავარი უპირატესობა სიცოცხლის გახანგრძლივება და სიმპტომების კონტროლის გაუმჯობესებაა.

სპეციალისტების შეფასებით, მიღებული შედეგები შეიძლება პანკრეასის კიბოს მკურნალობის პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების საფუძველი გახდეს. მონაცემებს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სამსახურს (FDA) დასამტკიცებლად წარუდგენენ. ამავდროულად, მეცნიერები უკვე იკვლევენ, რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს მსგავსი ტიპის პრეპარატები სხვა ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაშიც.

კვლევა გამოცემაში New England Journal of Medicine გამოქვეყნდა და შედეგები კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASCO) წლევანდელ შეხვედრაზე წარადგინეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.